Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სიძულვილის ენა“ კანონით უნდა შეიზღუდოს“?!


არასამთავრობო ორგანიზაცია "მრავალეროვანი საქართველო" "სიძულვილის ენის" გამოყენებასთან ბრძოლის გამკაცრებასა და სისხლის სამართლის კოდექსში სათანადო ცვლილების შეტანას მოითხოვს. „მრავალეროვანი საქართველოს“ ინიციატივით შეკრებილმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებასთან ერთად, შექმნეს ასევე სამუშაო ჯგუფი, რომელიც სახელმწიფო მოხელეების საჯარო გამოსვლებს დააკვირდება და „სიძულვილის ენის“ გამოყენების ფაქტებს გამოავლენს.

საქართველოში საჯარო სივრცე, იქნება ეს პოლიტიკოსების სატელევიზიო გამოსვლები თუ საგაზეთო პუბლიკაციები, აგრესიითა და შეურაცხმყოფელი გამონათქვამებითაა სავსე. აქტიურობენ როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები.

ლევან გაჩეჩილაძე: „ბევრჯერ მყავს ნაგინები მიხეილ სააკაშვილი, ახლა ნინო ბურჯანაძეს უნდა ვაგინო!“

გიორგი მაისაშვილი: „მე არ შევაგინებ. დავიწყებ და თქვენ დააბოლოვეთ: მიშა, შენი გამზრდელი...“

ოპოზიციის ლიდერების მსგავსად, მდიდარია პრეზიდენტის ლექსიკაც, თუმცა მიხეილ სააკაშვილი, ძირითადად, ხელქვეითებს არ სწყალობს.

„თქვენ ხართ ხალხი, რომლებიც არაფერს აკეთებთ და მახათს იყრით ერთ ადგილში... გაქსუებული, გათავხედებული, თავს გასული მოხელე!“

საქართველოს პრეზიდენტი ამგვარად მთავრობის ერთ-ერთ უკანასკნელ სხდომაზე გაცხარდა, ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე კი მიხეილ სააკაშვილმა, როგორც მისი ოპონენტები ამტკიცებენ, ვერ მოზომა და რასისტული განცხადებაც კი გააკეთა.

მიხეილ სააკაშვილის ამ გამონათქვამის კომენტირებისას კონფლიქტოლოგმა გოგი ხუციშვილმა განაცხადა, რომ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირი მეტ წინდახედულობას უნდა იჩენდეს.

„ქვეყნის სახესა და პრესტიჟს ძალიან ცუდ სამსახურს უწევს ის ფრაზეოლოგია და ის რიტორიკა, რომელიც ბოლო დროს გვესმის. წინდაუხედავად გაკეთებული ამგვარი გამონათქვამები ფიქსირდება, ვრცელდება და თავის შეფასებას იღებს და შემდეგ მოქმედებს საერთაშორისო ურთიერთობებზე“, უთხრა რადიო თავისუფლებას გოგი ხუციშვილმა.

უნდა ითქვას, რომ სიძულვილის ენითა და ქსენოფობიით ქვეყნის უსაფრთხოებას პრობლემებს მხოლოდ პოლიტიკოსები როდი უქმნიან.

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის წარმომადგენლის ზაალ ანჯაფარიძის თქმით, სიძულვილის ენა ყველაზე ხშირად ბეჭდვით მედიაში გვხვდება:

„ამით საფრთხე ექმნება ქვეყნის უსაფრთხოებას, რადგანაც გროვდება და გარკვეულ პერიოდში შეიძლება ნეგატიურ პროცესებს მისცეს ბიძგი. ვიცი, რომ სომხეთში ძალიან შეწუხებულები არიან იმით, რომ ჩვენს პრესაში ხშირად იბეჭდება მასალები, რომლებიც აჩენს საქართველოში მცხოვრები სომხების მიმართ ნეგატიურ განწყობებს.“

მაინც რა არის სიძულვილის ენა, როგორია მისი იურიდიული განმარტება? ამ შეკითხვით რადიო თავისუფლებამ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელს გიორგი გოცირიძეს მიმართა:

„ვერც ერთ კონვენციაში ვერ წაიკითხავთ „სიძულვილის ენის“ ოფიციალურ განმ არტებას. არსებობს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც „სიძულვილის ენა“ არის ვერბალური თავდასხმა კონკრეტულ პირსა ან რაღაც გარკვეული სოციალური ნიშნით განსაზღვრული ჯგუფზე, მისი შეურაცხყოფისა და დამცირების მიზნით“. გიორგი გოცირიძის თქმით, ევროპული სტანდარტით, სიძულვილის ენას არაფერი აქვს საერთო გამოხატვის თავისუფლებასთან და ის კანონით ისჯება. სხვაგვარადაა საქმე ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც სასამართლო ყველა ცალკეულ შემთხვევაში განსაზღვრავს იმას, თუ რასთან გვაქვს საქმე - გამოხატვის თავისუფლებასა თუ ძალადობის პროვოცირებასთან. რაც შეეხება საქართველოს, სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე პრიმა მუხლი ითვალისწინებს პირის დასჯას დისკრიმინაციისათვის, თუმცა, გიორგი გოცირიძის თქმით, პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეს მუხლი, ფაქტობრივად, არ მუშაობს და საჭიროა მასში ცვლილებების შეტანა:

„დადგენილია ისეთი მიზნები, რომელთა დამტკიცება პრაქტიკულად შეუძლებელია. პრეზიდენტის განცხადებაც არ ჯდება ამ „მუხლში“, ანუ შემადგენლობის ნიშნებს არ შეიცავს, ანუ ისეთი მიზნებია დაწესებული, რომელთა მტკიცება პრაქტიკულად შეუძლებელია. მიგვაჩნია, რომ ეს კანონი უნდა მოვიდეს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში. პირველ რიგში, ეს არის გაეროს კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის შესახებ და, მეორე, ეს არის ევროპის საბჭოს სტანდარტები, რაც ითვალისწინებს „სიძულვილის ენის“ დასჯადობას.“

თუმცა არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთო-სამოქალაქო მოძრაობა - მრავალეროვანი საქართველოს“ ინიციატივით შეკრებილი არასამთავრობო ორგანიზაციები „სიძულვილის ენასთან“ ბრძოლაში მარტო საკანონმდებლო ინიციატივით არ შემოიფარგლებიან. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი აგიტ მირზოევი ამბობს, რომ მათი და, შესაბამისად, საზოგადოების ყურადღების მიღმა არ დარჩება პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული არც ერთი ქსენოფობიური განცხადება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG