Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იმიტირებული ხანძარი ბორჯომის ტყეში


ბორჯომში, გუჯარეთის ტყეში, დაახლოებით 100 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე ტყის მასივი დაიწვა. ტყეში ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია, თუმცა სპეციალისტები დაუდევრობას არ გამორიცხავენ. მაჭარწყლის ტერიტორიის მახლობლად კერა ლოკალიზებულია, მაგრამ ადგილზე მონიტორინგი მაინც გრძელდება, რათა განმეორებითი აალება არ მოხდეს. წაღვერის მოსახლეობა ამბობს, რომ ხანძარი საშიში არ იყო.

წაღვერის მოსახლეობის, ბორჯომის სახანძრო რაზმის, სამცხე-ჯავახეთის სატყეო-სამმართველოსა და რეგიონალური სამაშველო სამსახურის თანამშრომლების ერთობლივი მუშაობის შედეგად, ხანძრის ლოკალიზება დღის განმავლობაშივე მოხერხდა. სამცხე-ჯავახეთის სამაშველო სამსახურის ჯგუფის უფროსი ავთანდილ ჩხიტუნიძე ამბობს, რომ ცეცხლმა შერეული ტყის მასივი დაწვა.

ბოლო 5 წლის მანძილზე ხანძრის შედეგად ყველაზე მეტად აბასთუმნისა და ბორჯომის ტყე დაზარალდა. 2005 წელს კურორტ აბასთუმნის ტერიტორიაზე 500 ჰა-მდე ტყის მასივი განადგურდა, ხოლო აგვისტოს ომის დროს ბორჯომში გაჩენილი ხანძრის შედეგები საქართველოს მთავრობამ ეკოციდად შეაფასა. ბორჯომის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ტრისტან ცუცქირიძე ჯერ კიდევ ერთი წლის წინ რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებდა, რომ წაღვერსა და მიმდებარე ტერიტორიას ხანძარმა აუნაზღაურებელი ზიანი მიაყენა.

ბორჯომში მოშლილი ეკოსისტემისა და ღვარცოფების წინაშე მდგარი მოსახლეობა ირწმუნება, რომ 2008 წლის აგვისტოში ერთთვიანი ხანძრის შემდეგ ბორჯომის ხეობაში კლიმატი საგრძნობლად შეიცვალა.

ორი კვირის წინ ბორჯომის ეროვნულ პარკში ტყის ხანძრის იმიტაცია მოეწყო. იმიტაცია სხვადასხვა სამსახურების ერთობლივ ორგანიზებულ მუშაობას ისახავდა მიზნად. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დირექტორის თომა დეკანოიძის აზრით, სასწავლო წვრთნამ აჩვენა, რომ სპეციალისტებს ოპერატიული მუშაობა შეუძლიათ.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ხანძარი სამცხე-ჯავახეთში არ მომხდარა. მეხანძრეები იმასაც აღნიშნავენ, რომ 2008 წლის ეკოციდის შემდეგ მათ უკეთესი აღჭურვილობა აქვთ.
XS
SM
MD
LG