Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არის თუ არა ”თბილისო” ჰიმნი, ანუ საავტორო უფლებები და მათი დაცვის ვალდებულებები


ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ”საქპატენტი” საავტორო უფლებების დაცვის ახალ სამოქმედო გეგმაზე მუშაობს. გეგმა, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოსთვის იქნება მზად. სამუშაო პროცესი ცხადყოფს, გამოიწვევს თუ არა სამოქმედო გეგმა შესწორებების აუცილებლობას კანონმდებლობაში, რომელიც ამ მიმართულებით არაეფექტურია. საავტორო უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში ჩართულნი იქნებიან სხვადასხვა სფეროსა და დარგში მოღვაწე ავტორები. პირველი ამგვარი შეხვედრა კომპოზიტორებთან შედგა.

ოფიციალური ინფორმაციით, დღეისათვის საქართველო ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ყველა ძირითად კონვენციასა და შეთანხმებასთანაა მიერთებული. არის ასევე მრავალმხრივი და საერთაშორისო ხელშეკრულებების მონაწილე, თუმცა ამის მიუხედავად, ბოლო დროს საგრძნობლად მომრავლდა ინტელექტუალური საკუთრების საკითხებზე დავის ფაქტები. მათ შორის ერთ-ერთი უკანასკნელი იყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის მრეწველთა პარტიის მიერ მომზადებულ სარეკლამო კლიპში კომპოზიტორ რევაზ ლაღიძის ”თბილისოს” მუსიკის ფონად გამოყენება. რევაზ ლაღიძის ოჯახმა იჩივლა, დაიწერა მრეწველთა შეპასუხებაც, საქმეს სასამართლო განიხილავს. განაჩენს, დავის მხარეების გარდა, საზოგადოებაც ინტერესით ელის. რევაზ ლაღიძის ოჯახი, გასაგებია, რომ საავტორო უფლების დარღვევას აპროტესტებს. ბევრისთვის, შესაძლოა, გასაზიარებელი იყოს მრეწველთა არგუმენტიც.

”მე და ბატონი გოგი თოფაძე - ის 1940 წელს, მე კი 1944 წელს - დავიბადეთ თბილისში და ვართ ძირძველი თბილისელები. ლაღიძის ”თბილისო” არის თბილისის ჰიმნი. მაქვს თუ არა უფლება, ვიმღერო?” - კითხულობს პოლიტიკური პარტია ”მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ტყემალაძე. რიტორიკული შეკითხვა კი, რომელიც მან დასვა, კომპლექსურად რთული საკითხი ხდება მაშინ, როდესაც საქმე ზოგადად საავტორო უფლებების დაცვას ეხება.

”სრული განუკითხაობაა ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს ეხება ტელევიზიებს, რადიოებს, იმავე დისკების გამოცემას, ”პირატებს”, არის კიდევ რესტორნები, რომლებიც საკმაოდ დიდ შემოსავალს უნდა იძლეოდნენ, და ასე შემდეგ. იმდენად დიდი პრობლემებია, ამას მარტო 4-5 კაცი ნამდვილად ვერ შეძლებს.”

საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე კახა ცაბაძის მიერ ნახსენებ 4-5 კაცში იგულისხმება ორგანიზაცია „ავტორთა საზოგადოება“. საზოგადოება მასში გაერთიანებული კომპოზიტორების სახელით აფორმებს ხელშეკრულებებს იმ ორგანიზაციებთან, რომლებშიც აღნიშნული კომპოზიტორების მუსიკა ჟღერს. ასეთი ორგანიზაციები კი ბევრია და ისინი პოტენციურად შეიძლება იყვნენ ტელევიზიები, რადიოები, კაფეები, ბარები, რესტორნები, ხმის ჩამწერი სტუდიები, თეატრები და ასე შემდეგ. სისტემა მაინცდამაინც გამართულად ვერ მუშაობს და ამაში, საკანონმდებლო რეგულაციის გარდა, ის ცალკეული ბიზნესმენებიც არიან დამნაშავენი, რომლებიც თავიანთ დაწესებულებებში სიმღერებს ავტორების დაუკითხავად, მათი ნებართვისა და მათთვის გასამრჯელოს გაცემის გარეშე აჟღერებენ.

”ჩვენნაირი ორგანიზაცია ერთადერთია საქართველოში. კანონი ითვალისწინებს, რომ ამ ერთმა ორგანიზაციამ დაარეგულიროს და გასცეს ბლანკეტური ლიცენზია, რომ არ იყოს ქაოსი. კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ 1999 წლიდან არსებობს და კანონის საფუძველზე ჩვენ გავცემთ ლიცენზიებს. რამდენიმე ასეული ლიცენზია გვაქვს გაცემული, მაგრამ, ალბათ, რამდენიმე ათასი უნდა იყოს”, - გვითხრა „ავტორთა საზოგადოების“ თავმჯდომარემ ელგუჯა შაფათავამ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ ”საქპატენტში” გამართული სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ. ამ შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ იმ პრობლემების დაკონკრეტება იყო, რომელიც ავტორთა უფლებების დაცვის ეგრეთ წოდებული აღმასრულებელ რგოლის, „ავტორთა საზოგადოების“, ეფექტურ ფუნქციონირებას უშლის ხელს.

”ფაქტია, რომ რეალურად პრობლემები არის. მაგალითად, ჰონორარების მიღება არ ხდება. ორგანიზაცია კრებს შემოსავლებს, მაგრამ ჰონორარებს არ ურიცხავს კომპოზიტორებს. ეს ხშირ შემთხვევაში იმის ბრალიცაა, რომ ამათ საქმიანობას საჯაროობა აკლია - არ აქვთ ვებ-საიტი, სადაც შეგიძლია ნახო, რა შემოსავლები ჰქონდათ წლის განმავლობაში, და ყველა ეს კითხვა მაშინ მოიხსნებოდა. გარდა ამისა, საინტერესოა სატარიფო პოლიტიკა, როგორ ადგენენ ტარიფებს. შესაბამისად, ჩვენ შევთავაზეთ, რომ ამ სფეროში ვითანამშრომლოთ”, - აღნიშნა „საქპატენტის“ თავმჯდომარემ ირაკლი ღვალაძემ. მისი აზრით, უახლოეს ხანებში გამოჩნდება, რა სტრატეგიას აირჩევს სახელმწიფო ინტელექტუალური საკუთრების უფლების ქმედითად დაცვის უზრუნველსაყოფად. ირაკლი ღვალაძე არ გამორიცხავს, რომ, ერთის ნაცვლად, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი რამდენიმე ორგანიზაციაც კი შეიქმნას.
XS
SM
MD
LG