Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

”ცოდნის გაზომვა და გრანტის მოპოვება...”


საქართველოში გახსნილ 15 საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტთა რეგისტრაცია ორ ეტაპად წარიმართა. ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში გამოცდების მიმდინარეობას 28 მეთვალყურე აკვირდება. ახალციხის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორი გელა ინასარიძე აცხადებს, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩვეული ტემპით მიმდინარეობს:

”ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. პირველი სესიის დროს სულ სიით იყო 210 აბიტურიენტი, არ გამოცხადდა 7 აბიტურიენტი, ამ დრომდე 203-მა აბიტურიენტმა ჩააბარა გამოცდები, სხვა დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.”

კოორდინატორი გიორგი მეიშვილი განმარტავს, თუ რისი შეტანის უფლება აქვს აბიტურიენტს აუდიტორიაში და რა ეკრძალება:

”ეკრძალება პეიჯერის, კალკულატორის, მობილურის შეტანა გამოცდაზე. შეუძლია შეიტანოს გამოცდაზე დასალევი წყალი პლასტმასის ბოთლით - ისეთი წყალი, რომელიც ძნელად გასახსნელი არ არის. ფანტამ ან მსგავსმა გაზიანმა სასმელებმა გახსნის დროს შეიძლება დააზიანოს პასუხების ფურცელი. კარგად მუშაობენ ბავშვები და სერიოზულად უდგებიან საქმეს.”

სამცხე-ჯავახეთის სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოსული აბიტურიენტები ამბობენ, რომ გამოცდებისთვის კარგად არიან მომზადებულნი. ახალგაზრდები იმედოვნებენ, რომ საკუთარ შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოავლენენ.

”უნდა გავიარო რეგისტრაცია და, ღვთის შეწევნით, ალბათ, კარგად დავწერ. ვუსურვებ ყველა აბიტურიენტს წარმატებას. მთავარია არ ვინერვიულოთ და ჩვენი შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოვავლინოთ.”

”პირველი სკოლიდან ვარ და, იმედია, ჩავაბარებ. ძალიან ვნერვიულობ.”

”ჩემი შვილები აბარებენ, ორნი. როგორც ყველა მშობელი, ვღელავ და ჩემი შვილებისგან მოველი წარმატებას.”

ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობას პოლიცია აკონტროლებს. თითოეულ საგამოცდო ცენტრთან სამედიცინო დახმარების მანქანა მორიგეობს, გახსნილია სამედიცინო პუნქტებიც. ექიმი ქეთევან ჯინჭველაძე ამბობს, რომ მათი დახმარება ჯერ არავის დასჭირვებია:

,,ადგილზე იმყოფება ექიმი, ექთანი, თუ რაიმე შემთხვევას ექნება ადგილი, თუმცა ამ დრომდე მსგავსი არაფერი ყოფილა.”

ერთიან ეროვნულ გამოცდებში დაფიქსირებულ 35 ათასამდე აბიტურიენტიდან სტუდენტი მხოლოდ 33 ათასი გახდება. ახალციხის რესურს-ცენტრში საგამოცდო ცვლილებებზე საუბრობენ. ცვლილების მიხედვით, აბიტურიენტები, შარშანდელისგან განსხვავებით, წელს ოთხ გამოცდას ჩააბარებენ. საინფორმაციო ცენტრის პედაგოგი ლია ბერიძე განმარტავს, რომ დაფინანსებაც ოთხივე გამოცდის შესაბამისად გაიცემა.

”ცოდნის გაზომვა და გრანტის მოპოვება არ იქნება მხოლოდ უნარების ხარჯზე და, ცვლილების თანახმად, ეს ოთხივე გამოცდის მიხედვით მოხდება.”

ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს დაიწყო და 23 ივლისს დასრულდება.
XS
SM
MD
LG