Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონგრესის ანგარიში: აშშ-ის მოქმედება ხელს უწყობს თალიბანის დაფინანსებას


შეერთებული შტატების მთავრობა უნებლიედ აფინანსებს „რეკეტის პრინციპზე დაფუძნებულ ფართო ქსელს“ ავღანეთში - ასეთი დასკვნა კეთდება ანგარიშში, რომელშიც ასახულია პენტაგონის სისტემა, კერძო კომპანიებს ჩააბაროს ავღანეთში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის მომარაგებაზე ზრუნვა ისე, რომ კომპანიებმა თვითონვე უზრუნველყონ საკუთარი უსაფრთხოება. კომპანიებს კი, ანგარიშის თანახმად, უხდებათ ფული უხადონ ადგილობრივ საველე მეთაურებს, რათა თავიდან აიცილონ ამერიკელი სამხედროებისთვის განკუთვნილ ტრანსპორტზე თავდასხმები - ანუ მოქმედებს რეკეტის მსგავსი სისტემა და სწორედ ის არის ასახული ანგარიშში, რომელიც შეერთებული შტატების კონგრესის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობათა ქვეკომიტეტმა მოამზადა.

ანგარიშის თანახმად, შეერთებული შტატები ავღანეთში ამერიკული კონტინგენტის მოსამარაგებლად წლიურად ათობით მილიონ დოლარს აწვდის კერძო კომპანიებს, ისინი კი ფულს საველე მეთაურებს უხდიან. კონგრესში სამშაბათს გაიმართა ამ ანგარიშის მოსმენა, რომლის დროსაც მკაცრად გააკრიტიკეს პენტაგონის სისტემა: იმის გამო, რომ პენტაგონი არ ზრუნავს ავღანეთში ამერიკელი სამხედროების მომარაგებით დაკავებული კერძო კომპანიების მენეჯმენტსა და მეთვალყურეობაზე, „კატასტროფული“ ვითარება შეიქმნაო, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა ჯონ ტირნიმ.

ტირნის განმარტებით, აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ ამერიკელი ჯარისკაცების „სურსათით, წყლით, საწვავითა და მათი საქმის გასაკეთებლად საჭირო აღჭურვილობით მომარაგების ჯაჭვის თითქმის ყველა კომპონენტზე ზრუნვა - დამოუკიდებელ კომპანიებს ჩააბარა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კონფლიქტის ზონებში კერძო, შეიარაღებულ მცველთა მკაცრი კონტროლის შესახებ კანონებისა და წესების მიუხედავად, სამინისტრომ სხვა კონტრაქტორებს დააკისრა ამ, დაქირავებული შეიარაღებული პირების მოქმედების მართვაზე პასუხისმგებლობა“.

დემოკრატი კონგრესმენის მიერ ნახსენები შეიარაღებული პირების ასაყვან ფულს იხდის კომპანია სახელწოდებით „Host Nation Trucking“, რომლის მომსახურებასაც, თავის მხრივ, შეერთებული შტატების მთავრობა ქირაობს. და აი, ვაშინგტონისაგან მიღებულ ფულს „Host Nation Trucking“ უხდის, უწინარეს ყოვლისა, საველე მეთაურებს, შეიარაღებული ჯგუფების ხელმძღვანელებს - იმ ხალხს, ვინც ავღანეთის ცენტრალურ მთავრობას უწევს კონკურენციას. ანგარიშში როგორც აღნიშნავენ, ბადრაგებზე, რომლებმაც უარი თქვეს, ფული გადაეხადათ, ფაქტობრივად, რეკეტერებისთვის, იერიშები განხორციელდა.

კონგრესმენი ჯონ ტირნი შიშობს, რომ მთელი სისტემა ძირს უთხრის ავღანეთში შეერთებული შტატების სტრატეგიული მიზნების მიღწევას: „ამ კონტრაქტმა, როგორც ჩანს, გააძლიერა საველე მეთაურები, ხელი შეუწყო ფულის გამოძალვას, კორუფციას და ისიც კი შესაძლებელია, რომ მტერი დააფინანსა. ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა დოლარები ავღანეთში რეკეტს აფინანსებს - ამით ტონი სოპრანოც კი იამაყებდა“, ამბობს დემოკრატი კონგრესმენი.

ტონი სოპრანო, რომლის საქმიანობაც ავღანეთში რეკეტის სისტემასთან შესადარებლად მოიყვანა კონგრესმენმა ტირნიმ, პოპულარული ამერიკული ტელესერიალის პერსონაჟია - სოპრანოების მაფიური კლანის ხელმძღვანელი.

თუ ისევ ავღანეთს და ისევ რეალობას დავუბრუნდებით, განსაკუთრებით ძვირი ჩანს უსაფრთხოებაზე ზრუნვა რეგიონებში, რომლებიც მეამბოხეების აქტიურობით გამოირჩევა: მაგალითად, ჰელმანდის პროვინციაში, როგორც ანგარიშის ავტორებმა დაადგინეს, კერძო პირები უსაფრთხოების გარანტიას იძლევიან იმ შემთხვევაში, თუ მათ 15 000 დოლარს გადაუხდიან ნატოს სატვირთო ავტომანქანის - ერთადერთი მანქანის დაცვაში!

მეორე მხრივ, შეერთებულ შტატებსა და მის ნატოელ მოკავშირეებს დიდი არჩევანი არა აქვთ, გარდა იმისა, რომ კერძო კონტრაქტორებს მიანდონ ავღანეთში კოალიციის სამხედრო და სამოქალაქო ოპერაციების მხარდაჭერაზე ზრუნვა. მოკლედ, პრობლემა კომპლექსურია და როგორც კომტეტში ანგარიშის განხილვაზე მიწვეულმა ერთ-ერთმა მოწმემ აღნიშნა, ამჟამინდელი სისტემა, რაც უნდა მწვავე კრიტიკას იმსახურებდეს, მოცემულ ეტაპზე აუცილებელი რჩება.
XS
SM
MD
LG