Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

”სათვალავში არჩასაგდები დარღვევები...”


30 მაისის თვითმმართველობის არჩევნებს არასამთავრობო ორგანიზაცია ,”მრავალეროვანი საქართველო” პარტნიორი ორგანიზაციის - „დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ - მეშვეობით აკვირდებოდა. ორგანიზაციამ აქცენტი, ძირითადად, არაქართულ უბნებზე გააკეთა. ორგანიზაციის თავმჯდომარის მარინა მოდებაძის განცხადებით, “მრავალეროვანი საქართველოს” წარმომადგენლებს კენჭისყრის დღეს საჩივარი არ დაუფიქსირებიათ.

”არჩევნები მიმდინარეობდა ძალიან მშვიდ, წყნარ ვითარებაში. ჩვენს დამკვირვებლებს ჰქონდათ სრული შესაძლებლობა იმისა, რომ დაჰკვირვებოდნენ არჩევნებს სრულყოფილად. არჩევნებმა ჩაიარა ყოველგვარი ექსცესებისა და გართულებების გარეშე, მოსახლეობა წყნარად და სხვისგან დამოუკიდებლად, ანუ თვითონ გამოხატავდა თავის აზრს და, რაც მთავარია, არსებითი სახის დარღვევებს ნამდვილად არ ჰქონია ადგილი.”

ახალციხის მუნიციპალიტეტში კენჭისყრას “სამართლიანი არჩევნებისა” და “დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” ათი დამკვირვებელიც აკვირდებოდა. ორგანიზაციის ადგილობრივ რესურსცენტრში აცხადებენ, რომ არჩევნებმა სერიოზული დარღვევების გარეშე ჩაიარა. ახალციხის რესურსცენტრის მენეჯერი ამალია სარქისიანი ამბობს, რომ რეგიონის მასშტაბით მათი მხრიდან ერთი საჩივარი დაიწერა:

”არჩევნების დღეს, ისევე როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, აშკარად გამოიკვეთა საარჩევნო ადმინისტრაციისა და ხელისუფლების მხრიდან არჩევნების კარგად ჩატარების ნება, რაც დადებითია და აღნიშვნას საჭიროებს. სერიოზული დარღვევები ჩვენ მიერ არ გამოვლენილა.”

დარღვევების შესახებ ყველაზე მეტი საჩივარი ასპინძის ნომერ პირველ საარჩევნო უბანზე დაიწერა. მთავარი დარღვევა რამდენიმე მოქალაქის მიერ ვადაგასული პირადობის მოწმობის საშუალებით ხმის მიცემის მცდელობა იყო.

”უბნის გახსნისთანავე მოხდა წილისყრა კომისიის გადასატან ყუთზე, მაგრამ დამკვირვებლებს არ მისცეს უფლება, გაჰყოლოდნენ გადასატან ყუთს. მოვახდინე რეაგირება და შემდეგ გაჰყვნენ. მეორე არის ის, რომ რეგისტრაცია გაიარა ამომრჩეველმა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ პირადობის ნომერი არ იყო. მესამე იყო ის, რომ მარკირება არ ჩაუტარდა ამომრჩეველს. გარდა ამისა, ვინმე გიორგი ზედგინიძემ ორჯერ სცადა ხმის მიცემა. როდესაც შევიცანით ეს პიროვნება, მივუთითეთ, რომ არ შეიძლებოდა ხმის მიცემა მეორედ. ხელი დაავლო ბიულეტენებს - ალბათ, რადგან არ ვიცი რა ეკავა ხელში - და გაიქცა.”

არჩევნებით აღმოსავლეთ ევროპის კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებიც დაინტერესდნენ. სამცხე-ჯავახეთში სხვადასხვა ქვეყნის დამკვირვებლებისგან შემდგარი ჯგუფი იმყოფებოდა. ჯგუფის წევრი გლებ კურტსოუ განმარტავს, რომ კენჭისყრის დღეს სერიოზული დარღვევები არ დაფიქსირებულა.

”მე გაოცებული ვარ ჩატარებული არჩევნების ხარისხით, წვრილმანი და სათვალავში არჩასაგდები დარღვევები დაფიქსირდა, მაგრამ იმ სოფლებში, სადაც ჩვენ ვიყავით, ხარვეზები იყო ძალიან ცოტა.”

”მე ჩამოვედი ლიტვიდან და წარმოვადგენ სადამკვირვებლო მისიას აღმოსავლეთ ევროპის ცენტრიდან. ჩვენს ჯგუფში გაერთიანებულნი არიან ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, ბელორუსის წევრები. მოვიარე ათი საარჩევნო უბანი და, რა თქმა უნდა, ხარვეზები იყო, მაგრამ ისეთი წვრილმანი, როგორიც ნებისმიერ არჩევნებზე, ნებისმიერ ქვეყანაში ფიქსირდება”, - ამბობს ტატიანა იელოვაია.

იმ არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, რომლებიც კენჭისყრის პროცესს აკვირდებოდნენ, 2010 წლის 30 მაისის თვითმმართველობის არჩევნები შედგა.
XS
SM
MD
LG