Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბროდსკი და ჩემი ბორკილები


რამდენიმე დღის წინ იოსიფ ბროდსკის დაბადების დღე იყო. რამდენიმე დღეა, რაღაცის დაწერას ვაპირებ მასზე.

ბროდსკიზე მხოლოდ ერთხელ დავწერე ერთი უბადრუკი ნეკროლოგი, 14 წლის წინ, იანვარში. “არილის” პირველი ნომრის მეექვსე გვერდზე, ზაზა თვარაძის ინტერვიუს ქვეშ იყო ეს უბადრუკი ნეკროლოგი მოთავსებული. ზაზას ჯერ არ ვიცნობდი, ჯერ არც დავმეგობრებულიყავით, ბროდსკი კი უკვე მკვდარი იყო. ახლა არც ზაზაა ცოცხალი, ხოლო მაშინ მისი ინტერვიუ ამ სიტყვებით მთავრდებოდა: “... ეს სინათლე სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვა ფერის არის. ასეთია აპულეუსი, სერვანტესი, დიკენსი, ჰოთორნი, დოსტოევსკი, სტივენსონი, უელსი, კაფკა...” შემდეგ ჩვენი კორესპონდენტი ეუბნებოდა ზაზას - “გმადლობთ!” ამით ინტერვიუ მთავრდებოდა, და ეგრევე, ქვემოდან ქუხილივით მოისმოდა სპორტული, უფრო მეტიც, მოჭიდავის შრიფტით (შრიფტს მართვე ჰქვია) აკრეფილი “გარდაიცვალა იოსიფ ბროდსკი”. ახლაც მზარავს ეს ნეკროლოგი რომ მახსენდება, შიგ ერთი ჭკვიანური წინადადებაც არაა, საღადაოსაც კი ვერაფერს ნახავთ, ამიტომ ერთი ციტატის მოყვანასაც არ ვაპირებ დღეს. ბოლოსწინა აბზაცში რაღაც აზრისთვის თავის მობმა დამიპირებია, “ორენოვნება, გაორება, გავლენის სიყვარული”, მაგრამ ამაოდ.

იოსიფ ბროდსკი
მაშინ ალბათ მაგარი ამაყი ვიყავი ნეკროლოგის გამო. ახლა კი იანვრის იმ დღეებიდან ერთადერთი ბროდსკის მეგობართან, დალი ცაავასთან შეხვედრა მახსენდება კარგად. სურათებიც წამოვიღე მისგან (მეორე დღესვე დავუბრუნე). ერთი სურათი დღესაც მაკვირვებს, მას შემდეგ აღარსად, არც ერთ კრებულში, ალბომში თუ საიტზე აღარ შემხვედრია. ბროდსკი ამ სურათზე და ვინჩის ჯოკონდას ჰგავს. სწორედ ეს ფოტო გავუშვით გაზეთში, ახლაც ეს სურათია ბლოგზე.

იანვრის იმ დღეებიდან კიდევ ერთი რაღაც მახსენდება. ნომრის გამოსვლის დღეს ზვიად რატიანი მოვიდა რედაქციაში, ელიოტის “ფერფლის ოთხშაბათის” თარგმანის ჰონორარზე შემოიარა. იმ დღეს გავიცანით ერთმანეთი და ეგრევე დასალევად წავედით. ზვიადს ელიოტის “ფერფლის ოთხშაბათის” ჰონორარი ედო ჯიბეში, მე - იმ უბადრუკი ნეკროლოგის. კინოს სახლის კაფეში შევედით, კარგად მახსოვს, ლურჯი “რუსთავი” აიღო ზვიადმა. ალბათ ბროდსკის ხსოვნისაც ვთქვით. ძირითადად რატომღაც კორტასარზე ვლაპარაკობდით. კორტასარი რომ 1996 წლის იანვარში მომკვდარიყო, და არა 1984-ის თებერვალში, ალბათ მასზეც დავწერდი რაღაც სისულელეს. არადა ძალიან ცოტას ვწერდი მაშინ, ცოტას, მაგრამ ნაღდს, სისულელეს.

ბროდსკის ბოლო წლებში დაწერილი ესეები მისი გარდაცვალების შემდეგ ჩამივარდა ხელში. მისი პროზა ერთ-ერთი ყველაზე დამრტყმელი ლიტერატურული შთაბეჭდილება იყო ჩემთვის, ერთი პირობა სრულადაც კი ვაპირებდი თარგმნას. დავიწყე კიდეც, მაგრამ მერე, როგორც მოსალოდნელი, იყო, თარგმნა დამეზარა და წერამ უფრო გამიტაცა. წერა ხომ ყოველთვის შენია, ან გგონია რომ შენ ხარ ის, რასაც წერ.

ახლაც, სულ ჩემზე ვილაპარაკე რაღაცეები, თუმცა მახსენდება, რომ ამის წამალიც არსებობს, ამ “მეობების” დამარცხებაც შესაძლებელია. გადაშალეთ ბროდსკის “წერილი ჰორაციუსს” და იქ ნახავთ უისტან ჰიუ ოდენის ციტატას, რომელიც რუსულად მომყავს:

Славен метрический стих, что не терпит поспешных ответов,
Думать велит, от оков "я" избавленье несет.

დღეს მე ვერ გავთავისუფლდი ამ ბორკილებისგან. ამ ბორკილების გარეშე არც შემეძლო ბროდსკიზე ლაპარაკი.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG