Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუპიტერი ხარის სადარაჯოზე


ირაკლი ალასანია (მარცხნივ) და ძვიად ძიძიგური - თბილისის მერობის კანდიდატები
ირაკლი ალასანია (მარცხნივ) და ძვიად ძიძიგური - თბილისის მერობის კანდიდატები
არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სულ მეტი მოლოდინი ჩნდება ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიის გააქტიურებასთან დაკავშირებით. ამჟამინდელ კამპანიაში კი რესურსებით დახუნძლული და კარგად ორგანიზებული ხელისუფლების დამარცხების არც ჟინი იგრძნობა და არც ძალა. რატომ აღმოჩნდა ოპოზიცია საკმაოდ წამგებიან პოზიციაში?

იმ პოლიტიკურ პარტიებს შორის, რომლებსაც მერობის მეტ-ნაკლებად ცნობილი კანდიდატები ჰყავთ, ორგვარი მიჯნა ივლება. გიორგი ჭანტურია, ნიკოლოზ ივანიშვილი, გოგი თოფაძე, დავით იაკობიძე – ის კანდიდატები არიან, რომლების გულწრფელ ოპოზიციონერობაში და მერობის გულწრფელ სურვილში საზოგადოების ნაწილს ეჭვი ეპარება.

რამდენადაც ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი ამოცანაა, 30 მაისის არჩევნები წარმოაჩინოს როგორც დემოკრატიული და სამართლიანი, არჩევნებში მონაწილე პარტიების სიუხვე, შესაძლოა, სწორედ ხელისუფლების მოწადინების შედეგი იყოს. ამის დამტკიცება არავის უცდია, თუმცა, ეჭვები არსებობს იქიდან გამომდინარე, რომ თავად ხელისუფლება მოგების შანსს არავის უტოვებს, განსაკუთრებით, სუსტ კანდიდატებს. ამიტომ, გაუგებარია, რატომ უნდა ჩაატაროს ახლად შექმნილმა პარტიამ თავისი სუსტი კანდიდატით სუსტი, არაფრისმეტყველი საარჩევნო კამპანია, თუკი ეს მცდელობა თავიდანვე მარცხისთვის არის განწირული?

მეორე მხრივ, არსებობს ორი ლიდერი, რომლების გულწრფელ ოპოზიციონერობაში და არჩევნების მოგების სურვილში კითხვის ნიშნები თითქმის არ ჩნდება. ერთი მხრივ, ირაკლი ალასანია და, მეორე მხრივ, ზვიად ძიძიგური სწორედ ის კანდიდატები არიან, რომლებიც ხელისუფლების დასამარცხებლად იბრძვიან და რომელთა პოლიტიკური ინტერესი ერთმანეთს მთლიანად ემთხვევა – ნაციონალური მოძრაობისთვის დედაქალაქის მართვის სადავეების ჩამორთმევა.

საერთო მიზნისკენ სავალ გზაზე, ირაკლი ალასანიას და ზვიად ძიძიგურს, წესით, ერთმანეთი უნდა გაეძლიერებინათ, მაგრამ ამ ბუნებრივ პროცესს ხელი მსოფლმხედველობრივმა, ღირებულებითმა ფაქტორმა შეუშალა. ირაკლი ალანაია მკვეთრად პროამერიკულ იმიჯს იმკვიდრებს და დასავლურ ვექტორს მიჰყვება, ხოლო ზვიად ძიძიგური ჩრდილოეთისკენ მოძრაობს და, თანაგუნდელებთან ერთად, ამომრჩეველს რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგებას ჰპირდება.

30 მაისის არჩევნების წინ მეტად საინტერესო პოლიტიკური სამკუთხედი ჩამოყალიბდა: ნაციონალური მოძრაობა – ალიანსი საქართველოსთვის – ეროვნული საბჭო. ამ სამკუთხედის წევრები ერთმანეთთან შემდეგ მიმართებაში არიან: ერთი მხრივ, ნაციონალური მოძრაობა და ალიანსი – დეკლარირებულად პროდასავლური პოლიტიკური ძალები არიან, ხოლო ეროვნული საბჭო – პრორუსული. მეორე მხრივ, ალიანსი და ეროვნული საბჭო ხელისუფლების შესაცვლელად იბძვიან, ნაციონალური მოძრაობის მიზანი კი – ძალაუფლების შესანარჩუნებაა.

გამოდის, ალიანსის ლიდერი ირაკლი ალასანია იდგა იმ დილების წინაშე, რომ ან პრორუსულ ეროვნულ საბჭოსთან ერთად უნდა დაჰპირისპირებოდა ხელისუფლებას, ან ხელისუფლებასთან ერთად უნდა დამდგარიყო, როგორც პროდასავლური ძალა და გაჰმიჯვნოდა ზვიად ძიძიგურს, როგორც რუსეთისკენ მომზირალ პოლიტიკოსს. ირაკლი ალასანიას უნდა განესაზღვრა როგორც საკუთარი, ასევე ალიანსის პოლიტიკური პრიორიტეტი: ან ხელისუფლების დამარცხება და ამისთვის პრორუსულ ძალასთან თანამშრომლობა; ან პრორუსული ძალის დამარცხება და ამისთვის ხელისუფლების გვერდით დგომა. რა თქმა უნდა, პირველ შემთხვევაში თანამშრომლობა სრულიად რეალური იქნებოდა, მეორე შემთხვევაში კი – ვირტუალური. თუმცა, საბოლოო შედეგზე ვირტუალური თანადგომაც ზუსტად ისევე აისახებოდა, როგორც – რეალური.

ირაკლი ალასანიამ უარი თქვა ნებისმიერი საშუალებით ხელისუფლებასთან ბრძოლაზე და პროდასავლური ღირებულებების ერთგული დარჩა. შესაბამისად, იგი, როგორც ოპოზიციური ძალა, აღმოჩნდა ხელისუფლების პირისპირ, ხოლო როგორც პროდასავლური ძალა – ეროვნული საბჭოს პირისპირ. ალიანსი, ფაქტობრივად, ორმაგ, უთანასწორო ბრძოლაში ჩაება.

ამავდროულად, ხელისუფლება, რომელიც მუდამ მზად არის, პოლიტიკური ოპონენტები ორიენტაციის საკითხში დაამუნათოს, თავად მეტისმეტად არათანმიმდევრულია სწორედ პოლიტიკური ორიენტაციის თვალაზრისით. განცხადებებით პროდასავლური, მართვის სისტემით პრორუსული, ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი, ენერგეტიკული ბერკეტებით – რუსეთზე მიბმული ხელისუფლება ნამდვილად მოახერხებდა ირაკლი ალასანიას იმიჯის შელახვას, მას რომ ეროვნულ საბჭოსთან თანამშრომლობაზე უარი არ ეთქვა.

საკუთარ თავს კი პრეზიდენტის გუნდი ყველაფრის უფლებას აძლევს და პასუხის მომთხოვნიც არავინაა. გამოდის, ღირებულებების ერთგულების გამო, პირველ რიგში, ისევ ღირებულებების ერთგული პოლიტიკური ძალა ზარალდება, რადგან ხელისუფლება განუსაზღვრელი ვადით რჩება იუპიტერის როლში, რომელსაც ყველაფერი ეპატიება და რომელიც ხარის თვალში ბეწვის ძებნით არ იღლება. ამ სისტემას კი თანამედროვე დასავლურ ღირებულებებთან საერთო არაფერი აქვს.
XS
SM
MD
LG