Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი ნაბიჯი სამყაროს დასაწყისისკენ


მეცნიერები CERN-ის კვლევითი ცენტრის საკონტროლო ოთახში
მეცნიერები CERN-ის კვლევითი ცენტრის საკონტროლო ოთახში
ის, რასაც ბოლო ხანებში გაიგებთ ბირთვული კვლევის ევროპულ ორგანიზაციაში, CERN-ში, რომელიც ჟენევის მახლობლადმ მდებარეობს, ლამის სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება. აღელვებული მეცნიერები საუბრობენ დროისა და სივრცის ახალი განხომილებების და „ბნელი ენერგიისა“ და „ბნელი მატერიის“ შესახებ მეტის აღმოჩენის შესაძლებლობაზე.

30 მარტს CERN-ში, დიდ ადრონულ ამაჩქარებელში დაწყებული ექსპერიმენტი მიზნად ისახავს ჩაგვახედოს მანამდე წარმოუდგენელ სფეროში - მოგვაპოვებინოს ცოდნა სამყაროს დასაწყისის შესახებ. ამის მიღწევას მეცნიერები ცდილობენ მინიატურული „დიდი აფეთქების“ მეშვეობით. „დიდი აფეთქება“ სამყაროს შექმნად მიიჩნევა.

ჟენევის ზოგ მცხოვრებს შეშფოთებასაც შეატყობთ. ეშინიათ შავი ხვრელებისა, რომელთა სიმულაციასაც ახდენენ CERN-ში. კოსმოსში ხომ შავ ხვრელს ისეთი ძლიერი გრავიტაიცა მიეწერება, რომ მას მთელი პლანეტების შთანთქმა ძალუძს.

ცხადია, ჟენეველებს არ სურთ, რომ მათი ქალაქი ასეთ ხვრელში გაუჩინარდეს. დიდი ადრონული ამაჩქარებელი ხომ იქვე ახლოს, შვეციარიისა და საფრანგეთის საზღვარზე, 27-კილომეტრიან მიწისქვეშა გვირაბშია მოწყობილი. CERN-ი ასეთ ჭორებს დაუსაბუთებელს უწოდებს.

ამ დღეებში CERN-ში მეცნიერთა მთავარი ყურადღება მიმართულია ელემენტარული ნაწილაკების, პროტონების ერთმანეთის შეჯახებისკენ. ნაწილაკები თითქმის სინათლის სიჩქარით მოძრაობენ. მათი ერთობლივი ენერგიის დონე 7 ტრილიონ ელექტრონულ ვოლტს აღწევს, რაც აქამდე მიღწეული უმაღლესი მაჩვენებელია.

მთავარი პრობლემაა ამ ნაწილაკების ერთმანეთთან დაჯახება. როგორც CERN-ის ელემენტარული ნაწილაკების განყოფილების დირექტორმა, სტივ მაიერსმა უთხრა ჟურნალისტებს, ეს ისევე ძნელია, როგორც ოკეანის ორი ნაპირიდან გასროლილი ორი ნემსის ერთმანეთისთვის მოხვედრება შუა გზაზე.

30 მარტს ჩატარებული ორი ცდა უშედეგოდ დასრულდა. მაგრამ მესამე ჯერზე ნაწილაკები წარმატებით შეეჯახა ერთმანეთს.

CERN-ის დირექტორი კვლევით სფეროში, სერჯო ბერტოლუჩი, რომელიც ტოკიოდან ჩაერთო ვიდეოკონფერენციაში, ვერ მალავდა აღტაცებას:

„ყველაზე ამაღელვებელი ისაა, რომ ჩვენ ახლა ვახდენთ უცნობი სამყაროს აღნუსხვას და ყველაზე ამაღელვებელი რამეები იქნება ყველაზე მოულოდნელი, რაც კი შეიძლება ვიპოვოთ იქ.“

პროექტის ერთ-ერთმა წამყვანმა მეცნიერმა, ოლივერ ბუხმიულერმა კი რეიტერს განუცხადა, „ჩვენ ფიზიკას ახალი ტერიტორია აღმოვუჩინეთო.“

ამ ცდების მთავარი ამოცანაა, გამოიწვიოს აფეთქებები, რომლებიც ახდენს უშუალოდ ე.წ. „დიდი აფეთქების“ შემდგომი პირობების სიმულაციას. მეცნიერთა ვარაუდით, „დიდი აფეთქება“ დაახლოებით 13,7 მილიარდი წლის წინათ მოხდა. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ეს ცდები დაამტკიცებს თეორიას ე.წ. ჰიგსის ბოზომის, ან ჰიგსის ნაწილაკის არსებობას. თეორიის თანახმად, ეს ნაწილაკი მასას ანიჭებს სხვა ნაწილაკებს და, ამგვარად სამყაროს შემადგენელ ნაწილს ქმნის.

მეცნიერები იმედოვნებენ ასევე, რომ უფრო მეტს გაიგებენ ბნელი მატერიის შესახებ. მიიჩნევა, რომ მისგან შედგება სამყაროს დაახლოებით ერთი მეოთხედი.

CERN-ის მესვეურები გვაფრთხილებენ, რომ შედეგის მისაღწევად შეიძლება მრავალი თვის ანალიტიკური მუშაობა იყოს საჭირო. მაგრამ როგორც ნაწილაკების იტალიელმა მკვლევარმა, ფაბიოლა ჯანოტიმ განაცხადა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე, გასულ კვირაში მიღწეული წარმატება 20-წლიანი მუშაობის დაგვირგვინებაა:

„7 ტერა-ელექტრონ ვოლტის ეს პირველი შეჯახება ჩემთვის ერთდროულად ფინიშიცაა და სტარტიც. ეს გახლავთ დასასრული მსოფლიო სამეცნიერო თანამეგობრობის 20-წლიანი ძალისხმევისა, აეგო ამაჩქარებელი და დეტექტორები, რომელთაც ახასიათებს უპრეცედენტო კომპლექსურობა, უპრეცედენტო ზომა, მოქმედების ხარისხი, ტექნოლოგია. ამავე დროს ამით იწყება ფიზიკის სფეროში აღმოჩენების ფანტასტიური ერა.“

ადრონული ამაჩქარებლის უკანასკნელი სტარტი ამავე დროს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რამდენად რთულია მისი ექსპლოატაცია. მის შეკეთებას მრავალი თვის დაუღალავი შრომა დასჭირდა მას მერე, რაც ის მწყობრიდან გამოვიდა 2008 წლის სექტემბერში.
  • 16x9 Image

    ბიძინა რამიშვილი

    ჟურნალისტი და რედაქტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის, მედიის ენისა და სტანდარტების საკითხებზე. რადიო თავისუფლების თანამშრომელია 1991 წლიდან.

XS
SM
MD
LG