Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისი და ცხინვალი დაკარგულებს ეძებს


ცხინვალი
ცხინვალი
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის თომას ჰამარბერგის მიერ საქართველოში ჩამოყვანილი ექსპერტები საქმიანობას შეუდგნენ. დაკარგულთა მოძიების პროცესში დამოუკიდებელი ექსპერტები ფრანგი ნიკოლა სებირი და ავსტრალიელი ბრიუს პეგი ჩაერთვნენ. ორი დღის განმავლობაში ისინი ცხინვალში იმყოფებოდნენ.

ცხინვალში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა ისინი უგზო-უკვლოდ დაკარგულების ნათესავებსა და თვითმხილველებს შეხვდნენ.

ოსურმა მხარემ მათ პირველ რიგში 2008 წლის ოქტომბერში სოფელ კორკულასთან დაკარგული სამი ოსი მოქალაქის ხუგაევის, ხაჩიროვის და პლიევის მოძებნა მოსთხოვა, შემდეგ კი ძებნის მასშტაბების გაფართოებისკენ მოუწოდეს და ომის დროს დაკარგულების მოძებნა სთხოვეს.

ამჟამად ოსური მხარე სულ 7 უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირს ეძებს. შეხვედრების შემდეგ დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მოადგილემ მერაბ ჩიგოევმა იმედი გამოთქვა, რომ ექსპერტები წარმატებას მიაღწევენ და დაკარგულებს მოძებნიან.

უცხოელ ექსპერტებთან თანამშრომლობას ქართული მხარეც აპირებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი მიიჩნევს, რომ დაკარგულთა მოძიების პროცესი ადგილიდან დაიძრა.

ქართული მხარე 37 დაკარგულ ადამიანს ეძებს. ცნობილია, რომ აქედან 9 ადამიანი თამარაშენის სასაფლაოზეა დასაფლავებული. დაკარგულთა შორის არიან როგორც ჯარისკაცები და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ასევე რიგითი მოქალაქეები.

უცხოელი ექსპერტების გარდა დაკარგულებს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტიც ეძებს. მხარეებს შორის ერთი შეხვედრა ჟენევაში უკვე შედგა. ამ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე დასაფლავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების გადმოსვენება მოითხოვა.

ორი თვის განმავლობაში მხარეების სამართალდამცავები ოპერატიულ სამძებრო სამუშაოებს ჩაატარებენ. ამის შემდეგ კი ერთმანეთს შედეგებს გააცნობენ.

დაკარგულთა მოძებნის პროცესში სულ უფრო მეტი ადამიანი ერთვება, რაც მხარეებს იმის იმედის საფუძველს აძლევს, რომ პროცესი წინ წაიწევს და ეს ჰუმანიტარული აქცია წარმატებით დასრულდება.
XS
SM
MD
LG