Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უბრუნდება თუ არა სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლება ”ბოდენის გეგმას”


უკვე მეორე დღეა სოხუმში იმყოფება გავლენიანი გერმანელი დიპლომატი დიტერ ბოდენი, რომელიც სხვადასხვა დროს სათავეში ედგა ეუთოსა და გაეროს მისიებს საქართველოში. ამჯერად ის საქართველოს სეპარატისტულ რეგიონს, ადგილობრივი უნივერსიტეტის მიწვევით, პოტსდამის უნივერსიტეტის პროფესორის სტატუსით სტუმრობს. თუმცა თბილისში იმედოვნებენ, რომ სოხუმში გამართულ შეხვედრებზე გარკვეული სახით იმსჯელებენ იმ პრინციპებზე, რომლებსაც ”ბოდენის გეგმის” სახელით ცნობილი დოკუმენტი ითვალისწინებდა და რომელიც დიტერ ბოდენის გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე მუშაობისას შეიქმნა. ამ დოკუმენტზე აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერებს ერთ დროს უკვე აქვთ ნათქვამი კატეგორიული უარი იმ მიზეზით, რომ მასში აფხაზეთი საქართველოს განუყოფელ ნაწილად იყო მოხსენიებული. რა ფორმით შეიძლება გაიხსენონ სოხუმში ”ბოდენის გეგმა” და რას ეყრდნობა მასთან დაკავშირებული იმედები?

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ”სოხუმში ბოდენის გეგმის განხილვას უბრუნდებიან”, 11 მარტს ერთ-ერთმა ქართულმა ტელეარხმა გაავრცელა. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ სოხუმის დე ფაქტო ლიდერები მზად არიან განიხილონ ერთ დროს მათ მიერვე სასტიკად დაწუნებული დოკუმენტი? სუვერენული აფხაზეთი სუვერენული საქართველოს ფარგლებში - დაახლოებით ასეთი იყო დედააზრი 2001 წელს შემუშავებული დოკუმენტისა ”თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნასთან დაკავშირებით.” დოკუმენტში ჩამოყალიბებული მიდგომები რეგიონისთვის ერთგვარი ფართო ავტონომიის შეთავაზების ტოლფასი იყო.

დე ფაქტო რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტოს - ”აპსნიპრესის” - ცნობით, ქართულ მედიაში გამოჩენილ ინფორმაციას 11 მარტს, დიტერ ბოდენთან შეხვედრის შემდეგ, ”ხუმრობით გამოეხმაურა” აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში და თქვა, რომ სტუმართან ეგრეთ წოდებული ”ბოდენის გეგმის” განხილვას ”არავითარ შემთხვევაში არ აპირებს”.

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია, რომელიც გაეროს გენერალური მდივნის ყოფილ სპეციალურ წარმომადგენელს, დიტერ ბოდენს, დაახლოებით 10 დღის წინ ბერლინში შეხვდა, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ გერმანელი დიპლომატის ამჟამინდელი კერძო ვიზიტი სოხუმში მიზნად არ ისახავდა ეგრეთ წოდებული ”ბოდენის გეგმის” განხილვას. პაატა დავითაია, უბრალოდ, იმედოვნებს, რომ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი თავად დიტერ ბოდენის მტკიცე მხარდაჭერიდან გამომდინარე, გავლენიანი დიპლომატის უშუალო საუბრები სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლებასთან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის. საუკეთესო შედეგი კი, დავითაიას თქმით, იქნებოდა ის, თუკი პარალელურად ”ბოდენის გეგმის აქტუალურობის წამოწევაც” მოხერხდებოდა. ბერლინში შეხვედრის შესახებ დავითაია ამ ეტაპზე დუმილს ამჯობინებს და ამბობს მხოლოდ იმას, რომ ბოდენს მან სოხუმის ლიდერებისთვის გადასაცემი სათქმელი გაუზიარა:

”ეს არის ის, რაც მინდოდა, რომ სცოდნოდა ბაღაფშს და სხვებს... რომ აფხაზებს მომავალი არ აქვთ და ის ამოწყდება, როგორც ერი, თუ მათ არ შეიცვალეს მდგომარეობა და არ გამოიხედეს საქართველოსკენ... იმიტომ რომ რეალურად რუსები აკეთებენ ყველაფერს, რომ აფხაზი ეთნოსი მოისპოს... რაც ჩემთვის პირადად მიუღებელია... ”

თუკი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებულ ცნობებს გადავხედავთ, მივხვდებით, რომ 7-წლიანი პაუზის შემდეგ დიტერ ბოდენს სოხუმში მეტად გულთბილად დახვდნენ. დე ფაქტო ხელისუფლების მაღალი წრეების წარმომადგენლებთან გამართული საუბრების მთავარ თემებს კი, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების გაგრძელების აუცილებლობა და კოდორის ხეობაში შექმნილი მდგომარეობა წარმოადგენდა. აქვე მოყვანილია თავად გერმანელი დიპლომატის შემდეგი სიტყვებიც: ”მინდა შევიტანო ჩემი მოკრძალებული წვლილი იმაში, რომ დაძლიოთ არსებული პრობლემები და კავკასია სტაბილური რეგიონი გახდეს.”

რამდენად შეძლებს ყოფილი ელჩი საერთო ენის გამონახვას სოხუმის დე ფაქტო ლიდერებთან? - ამ შეკითხვით პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს მივმართეთ:

”ის არის კონკრეტული წრეების, კონკრეტული პოლიტიკური სივრცის - ევროპის - წარმომადგენელი და ჩვენ ვიცით, რომ ამ სივრცის მიმართ სოხუმს ნელთბილი დამოკიდებულება აქვს, კერძოდ: რუსეთის გამო, მისგან დისტანცირებას ახდენს, მაგრამ ეკონომიკური ინტერესების გამო, ამ სივრცესთან მიახლოება მასაც უნდა... ამიტომ სავარაუდოა, რომ დიალოგს, ურთიერთობას ის კარს გაუხსნის...”

დიტერ ბოდენის სოხუმში ვიზიტს დროში დაემთხვა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის პიტერ სემნების ვიზიტიც. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს მხოლოდ დამთხვევა არ არის და საქმე გვაქვს ორი სტუმრის ერთგვარ სინქრონულ მოქმედებასთან. მაგალითად, სოსო ცისკარიშვილის აზრით, დიტერ ბოდენი, რომელიც ამ შემთხვევაში არ წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციას, სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს მხარეებს შორის კომპრომისული იდეების შესაჯერებლად და თუკი შედეგი იქნება მიღწეული, შემდეგ უკვე ასპარეზი უნდა დაეთმოს პიტერ სემნების, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელს:

”... რადგან, თუ არა ევროპული სტრუქტურები და ევროპული ძალისხმევა, შესაბამისად, რასაკვირველია, რაც უნდა გენიალური იდეა აღმოაჩნდეს ბატონ ბოდენს, მისაღები სოხუმისთვის და თბილისისთვის, ის ვერ იქნება განხორციელებული.”

სოსო ცისკარიშვილის დაკვირვებით, ამჯერად სრულიად ახალი გზების ძიება მიმდინარეობს, რადგანაც ”ასლი იმ დოკუმენტისა, რომელიც თავის დროზე შექმნა ბოდენმა, უკვე ისტორიის კუთვნილებაა და არა მომავლის.” თუმცა, მაგალითად, რამაზ საყვარელიძე არ გამორიცხავს, რომ ეგრეთ წოდებული ”ბოდენის გეგმის” ზოგიერთი ასპექტი თანდათან კვლავაც იქცეს განხილვის საგნად და სოხუმში ძველებური ”სიჯიუტე” აღარ გამოავლინონ.

გარკვეულ ინფორმაციას, ალბათ, სულ მალე მივიღებთ. დიტერ ბოდენი თბილისში, სავარაუდოდ, 12 მარტს ჩამოვა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG