Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ახალციხის საკრებულო შედეგებს უახლოეს დღეებში შეაჯამებს


ახალციხე
ახალციხე
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 10 პროპორციული და 16 მაჟორიტარული სისტემით არჩეული დეპუტატია. სოფელ ელიაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი კობა სანდროშვილი განვლილ წლებს აჯამებს და ფიქრობს, რომ საკუთარი ამომრჩევლისთვის სასმელი წყლისა და სამედიცინო მომსახურების პრობლემის გადაჭრა მოახერხა, მაგრამ სხვა სოციალური საკითხების მოგვარება ვერ შეძლო.

,,ის, რისი შესაძლებლობაც ამ ბიუჯეტში იყო, გამოიძებნა თანხები და 70 ათასი ლარის ფარგლებში დაიწყება სოფელ ანის მიმართულებით ცენტრალური გზის რეაბილიტაცია, მაგრამ ის, რომ 70 ათასი ლარი გადაწყდა, ეს საბოლოოდ ვერ წყვეტს ამ პრობლემას. სამწუხაროდ, გზის პრობლემა ისევე რჩება და ნომერი პირველი პრობლემა, ალბათ, რომელსაც ჩემი ამომრჩეველიც შემახსენებს, ეს არის ცენტრალური გზების რეაბილიტაციის პრობლემა და, სამწუხაროდ, ძალიან მძიმე მდგომარეობაა შიდა გზების თვალსაზრისით.”

ახალციხის საკრებულოს ერთადერთი ოპოზიციონერი დეპუტატი ოლეგ სანდროშვილი ფიქრობს, რომ წლების განმავლობაში არსებული ფინანსური რესურსები არასწორად დაიხარჯა. ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად კი, რომელიც საკრებულომ ბოლო პერიოდში განიხილა, ოლეგ სანდროშვილის აზრით, გერბისა და დროშის შესახებ გადაწყვეტილების მიღება იყო. ახალციხელი კონსერვატორი საკრებულოს ფუნქციას განმარტავს:

,,საკრებულოს ფუნქცია რა არის, მოსახლეობისთვის ნაკლებად საინტერესოა, თუმცა, პირდაპირი მნიშვნელობითაც, საკრებულოს ფუნქცია მოსახლეობის ინფორმირებაა. გამგეობას როცა შემოაქვს განაცხადი, ესა თუ ის თანხა რაზე უნდა დაიხარჯოს და ყველა ხელს უწერს და ეთანხმება გამგეობის აზრს, ეს ნიშნავს, რომ საკრებულოს მიერ არის გადაწყვეტილი. დეპუტატებმა ხალხის აზრი უნდა გაითვალისწინონ და მიიტანონ ინფორმაცია ხალხამდე. დეპუტატების უმრავლესობა საკრებულოში მაშინ მოდის, როცა სხდომაა დანიშნული და მაშინაც არავინ არის აზრზე, რა საკითხები უნდა იქნეს განხილული.”

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატები განვლილ სამ წელიწადს აჯამებენ და ფიქრობენ, რომ თვითმმართველობის განახლებული სტრუქტურა წარმატებით ჩამოყალიბდა. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვასილ ბერიძე მომავალში ცვლილებებს არ გამორიცხავს:

,,ამ ფორმატით, ფაქტობრივად, პირველი მოწვევის საკრებულოა და ბევრი რამ იყო ჩამოსაყალიბებელი, მათ შორის - თვითმმართველობის სტრუქტურა. მთლიანობაში, სამსახურები, ორგანიზაცია - ის, რასაც თვითმმართველობა წარმოადგენს, ცოცხალი ორგანიზმი - მიღებულია და შეიძლება სამომავლოდ შეიცვალოს, გადაკეთდეს, რაღაც ცვლილებები შევიტანოთ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს სტრუქტურა წარმატებულია და მუშაობს. საკრებულო და მუნიციპალიტეტი, მთლიანად, ერთი სტრუქტურაა და არ შეიძლება იმის თქმა, რომ საკრებულოში ეს გაკეთდა, გამგეობაში - ის. ასე არ არის.”

როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური პარტიის დეპუტატები განმარტავენ, რომ მომავალ საკრებულოში ცვლილებები განხორციელდება, მანამდე კი არჩევნებისათვის აქტიური მზადება არც ერთ პარტიას დაწყებული არა აქვს.
XS
SM
MD
LG