Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამაჩემი, ბობ დილანი და კაცი საკაბელოდან


უკვე 1 დღეა, რაც “ოსკარის” შედეგები გავიგეთ, ზოგმა საიტებიდან და ფორუმებიდან, სხვებმა ღამე ათენეს, დილამდე დარჩნენ ტელევიზორებთან. მე გუშინ შედარებით ადრე დავწექი, 3 საათზე, ასე რომ, ცერემონიის დაწყებასაც კი ვერ ვუყურე. “იმედზე” აგერ უკვე მეორე დღეა „ოსკარის“ სარეკლამო ტიხარი გადის. დღესაც რომ მომესმა ეს ტიხარი, გამიკვირდა, რაღა დროს “ოსკარია”-მეთქი... გავიკითხე და თურმე 9 მარტს, ღამის ეთერისთვის დაუგეგმავთ ცერემონიის ჩანაწერის ჩვენება. ტიხარი მთავრდებოდა სიტყვებით: “ასეთი ოსკარი თქვენ არ გინახავთ...”.

როგორ არ მინახავს...

შევეცდები მოგიყვეთ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მაგარი “ოსკარის” ამბავი და კიდე ერთი-ორი სხვა ისტორიაც, რომელიც წინ უძღოდა ამ ამბავს ან მის შემდეგ მოხდა.

საუბარია “ოსკარზე”, რომელიც 2001 წელს გაიმართა, 23 თუ 25 მარტი იყო. როგორც ყოველთვის, ამ „ოსკარზეც“ წინა წლის შეფასება იყო, ანუ 2000-ის. ჩემთვის ამ წლის შეფასება ერთი მოვლენით ამოიწურებოდა, ოქტომბერში მამაჩემი გარდაიცვალა, აკადემიკოსებს კიდე ამდენი რამე ჰქონდათ შესაჯამებელი...

მაშინ ჩვენი ძველი ტელევიზორი უკვე აღარ მუშაობდა, სამაგიეროდ შემორჩენილი გვქონდა მამაჩემის პატარა, მანქანის ტელევიზორი, რომელიც თითქმის არაფერს აჩვენებდა, სამაგიეროდ ხმა ჰქონდა ომახიანი და რადიოს რეჟიმში მაუწყებლობდა სამზარეულოს თაროდან. “ოსკარის” ღამეს (23 თუ 25 მარტს) ადრე დავიძინე, დაახლოებით 3 საათზე. ისიც კი არ ვიცოდი, ოსკარი რომ უნდა გადმოეცათ. მალე რაღაცამ გამაღვიძა, ცოტა ხანი სიბნელეში ვიწექი, ჭერს ვუყურებდი, ალბათ ქარიც ქროდა გარეთ, შეიძლება ქარსაც ვუსმინე ცოტა ხანი. დაახლოებით 6-7 საათისთვის წამოვდექი და ტელევიზორი ჩავრთე. კარგად აჩვენებდა, ახალივით იყო, გამიკვირდა, გამიხარდა და უცებ ვხედავ, ვიღაც გოგო ხმის კანკალით აცხადებს ბობ დილანს ოსკარზე წარდგენილი სიმღერით Things Have Changed (როგორც შემდეგ გავარკვიე, ის გოგო ჯენიფერ ლოპესი იყო). დილანი ლოს ანჯელესიდან ათასობით კილომეტრის დაშორებით, სიდნეიდან ერთვებოდა, სატელიტით. გოგომ ეს ამბავიც აღნიშნა და სიმღერაც დაიწყო.

ვისმენდი და ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ ასეთი არაფერი მომესმინა აქამდე. ბობ დილანი ფართო პლანით მოჩანდა ჩემს ბებერ ტელევიზორში, ხანდახან ცალი თვალით ჩაიხედებოდა კამერაში, თავს აქეთ-იქით ატრიალებდა და რაც მთავარია, მღეროდა ძალიან მაგარ სიმღერას, რომელმაც მაშინ, იმ წამებში რაღაცეებზე ამიხილა თვალი. მეგონა, რომ მამაჩემი, იურა მიყურებდა დილანის იმ ცალი თვალით, კამერისკენ რომ აპარებდა. ორივე თითქმის ტოლები იყვნენ, მამაჩემიც და ბობ დილანიც.

ამ ამბის შემდეგ რამდენიმე თვე გავიდა. ახალი ტელევიზორი ვიყიდეთ, პულტით, წიგნისხელა ინსტრუქციით და სხვა წვრილ-წვრილი რაღაცეებით. გადავწყვიტეთ, “საკაბელო” დაგვეყენებინა და ხელოსანი დავიბარეთ. მოვიდა ეს კაცი, დაიწყო რაღაცეების გაყვანა, გაჭიმვა, ავიდა სახურავზე, ჩამოვიდა, შეამოწმა, გაასწორა. ლამის მთელი დღე მოუნდა ერთი კაბელის გაყვანას. გაგვიშინაურდა, ჩვენც გავუშინაურდით. ისიც მამაჩემის ტოლა იყო. მოსაღამოვებულზე ცხელი წვნიანი შევთავაზეთ, დედაჩემმა სუფრა გაშალა, დავსხედით მაგიდასთან, ის კაცი, მე, დედაჩემი, ჩემი და. ტკბილი ოჯახივით ვისხედით, იმ განსხვავებით, რომ მამაჩემის ადგილას საკაბელოს კაცი იჯდა. თითო ჭიქაც დავლიეთ ალბათ, ზუსტად არ მახსოვს. ამ კაცმა ერთი ორი თავისი ამბავიც მოყვა, რაღაცნაირი ჩუმი ტიპი იყო, საწყალი. და უცებ, მე თუ დედაჩემმა ვკითხეთ:

- თქვენი სახელი?
- იურა...

სახელზე ყველანი გავშეშდით, მერე ერთმანეთს გადავხედეთ. იურა ერთი წამით ჩვენს გაშეშებას უყურებდა, მერე თეფშს ჩააცქედა. ალბათ იფიქრა, ჩემი სახელი თუ ეუცნაურათო, ვერაფერს მიხვდა. იმის მერე ის კაცი აღარ მინახავს. ეტყობა წავიდა საკაბელოდან, ან გაუშვეს. დაბნეული ტიპი იყო, საწყალი.

მოგვიანებით, ჩემმა მეგობარმა, ანა კორძაია-სამადაშვილმა ძალიან ძვირფასი რამ მაჩუქა. ბობ დილანის ავტოგრაფი, რომელიც მან თბილისში დატოვა. სასტუმრო “ივერიის” თეთრ, ლაქებიან ხელსაწმენდზე აწერდა ნერვიულად. აი, ესაა, ფოტოზე:

ახლა, როცა დილანის ხელრთვას ვაკვირდები, ვფიქრობ, რომ მეც დაახლოებით ასე ვაწერ ხელს. მეც მიყვარს ქვემოთა ხაზის გავლება. ოღონდ ეგ არის, რომ ჩემი არც ერთი ხელმოწერა მეორეს არ ჰგავს. არადა მთელი ბავშვობა მამაჩემს ვბაძავდი, კარგი ხელი ჰქონდა და მინდოდა მეც ისე ლაღად მომეწერა. ვერა და ვერ “დავამუღამე”.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG