Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ციებ-ცხელება თუ შეფასებები?


ბოლო ერთი თვის მანძილზე ბევრმა რამემ გამოჟონა სელინჯერის პირადი ცხოვრებიდან, ერთმა მისმა ძველმა მეგობარმა სახელდახელო მოგონებებიც დაწერა, სადაც ჩვენთვის უცნობი სელინჯერი დავინახეთ, იმ პერიოდისა, როცა იგი უკვე ძალიან დაშორებულიყო ამა ქვეყნის ამაოებას. მოგონებებში სელინჯერის რამდენიმე გამონათქვამმაც გაიჟღერა, ერთ-ერთში იგი თანამედროვე მწერლებს ეხებოდა: ,,არა, მწერლები აღარ არსებობენ, მარტო საკუთარი წიგნების გაყიდვაზე გამწარებულ მდარე ადამიანებს და მოლაყბეებს ვხედავ’’.

თანამედროვე დასავლურ ლიტერატურას რომ გადავხედოთ, მართლაც აღმოვაჩენთ, რომ ბევრი მწერალი გაცილებით მეტ ენერგიას ხარჯავს წიგნის გაყიდვაზე, ვიდრე მის წერაზე და ტურნეები უფრო მეტ დროს იკავებს, ვიდრე წიგნზე მუშაობა. მწერლებს ბევრ რამეზე უწევთ ლაყბობა, ხშირად გამოთქვამენ საკუთარ აზრს ისეთ რაღაცეებზე, რაც სინამდვილეში არ აინტერესებთ, უხდებათ მკითხველის დაშოშმინება, ყალბი ოპტიმიზმის დანერგვა, თვალში ნაცრის შეყრა... ამის გამო ისინი, რა თქმა უნდა გაცილებით მდარეები ჩანან, ვიდრე მათი წიგნებია, სულ მალე კი მათი წიგნებიც ავტორის გამონათქვამებს ემსგავსებიან.

რა თქმა უნდა, სელინჯერის ეს სიტყვები ნაწილობრივ ქართველ მწერლებსაც ეხებათ, თუმცა მხოლოდ ნაწილობრივ, რადგან ჩვენთან ბევრ მწერალს ძალიან უჭირს აზრის ჩამოყალიბება, მათ ინტერვიუებში სანთლითაა საძებარი ჭკვიანური ნათქვამი და ქართველ მწერალთა უმრავლესობას ცხოვრებაში ერთხელაც კი არ უცდია, საკუთარ კოლეგაზე, ანუ სხვა მწერალზე, რამე დაეწერა, არა ვალმოსახდელი სადღეგრძელო, არამედ რამე, სადაც მისი, როგორც მკითხველის ნამუშევარი გამოჩნდებოდა.

სელინჯერის სიტყვები თანამედროვე ქართულ მწერლობას უფრო იმაში ეხმიანება, რასაც „საკუთარი წიგნების გაყიდვაზე გამწარება“ გულისხმობს და ეს „გამწარება“ ჩვენში პიკს ახალი წლის პირველ თვეებში, იანვარ-თებერვალ-მარტში აღწევს ხოლმე. რატომ? იმიტომ, რომ ლიტერატურული პრემია „საბა“ ახლოვდება და ავტორები გადარბენებში არიან.

შევეცდები, უფრო დეტალურად დავახასიათო, რა იგულისხმება „გადარბენებში“.

სამჯერ თუ ოთხჯერ მომიწია პრემია „საბას“ ჟიურიში ყოფნამ და უკვე კარგად ვიცი, ვინ როგორ ემზადება პრემიისთვის. ჩაწყობის მცდელობებზე და სხვა სახალისო ამბებზე ახლა არ მოვყვები, უბრალოდ ერთ ქართულ, ეროვნულ საგამომცემლო ტექნიკას მინდა გაზიაროთ, რომელიც ბოლო წლებში სწორედ „საბას ხათრით“ დამკვიდრდა საქართველოში.

ანუ რა ხდება? რა და წელი დამთავრდება თუ არა, იწყება ფუსფუსი და ზოგიერთ გამომცემლობაში რიგები დგება ხოლმე, სახელდახელოდ კრეფენ და აკაბადონებენ წიგნებს და სახელდახელო ტირაჟებით (100–150 ცალი) გამოიცემა, რომელთაც ყველას რატომღაც 2009 წელი აწერია, არადა აშკარად 2010 წლის პირველ თვეებშია დაბეჭდილი. დარწმუნებული ვარ, მარტის განმავლობაშიც გამოჩნდება არაერთი ახალი წიგნი, რომელიც 2009 წლით იქნება აღნიშნული და საბას ჟიურიც, იძულებული იქნება თავის ლისტებში ჩასვას ეს წიგნები.

გაცილებით მარტივი იქნებოდა, საკონკურსო წიგნების მიღება 30 დეკემბერს რომ მთავრდებოდეს, ჟიური კი იანვარშივე იწყებდეს მასალაზე მუშაობას და მკაცრად იკრძალებოდეს ყოველგვარი გამონაკლისის დაშვება.

თუმცა, რომ ვუკვირდები, არც ეს გამოსავალი იქნებოდა მარტივი. „მშობლიური“ სპეციფიკიდან გამომდინარე, მგონია, რომ პრემია „საბამ“ კიდევ უფრო უნდა გაართულოს ნაწარმოებების შერჩევისა და პრემირების პროცედურა, ჩამოაყალიბოს ზეპირი თუ წერილობითი რეცენზირების სისტემა, გაასაიდუმლოს ჟიურის წევრთა ვინაობა. კარგი იქნება, თუკი ჟიური, საერთოდაც, საფეხუროვანი იქნება და მხოლოდ 5 ადამიანის პასუხისმგებლობაზე არ იქნება დამოკიდებული გადაწყვეტილება.

სხვა საკითხია მთელი წლის მანძილზე პრემიის საინფორმაციო უზრუნველყოფა. ძალზე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გამარჯვებულების, არამედ ე.წ. „შორტ-ლისტებში“ მოხვედრილი ავტორების წინ წამოწევა, მათთან ინტერვიუები, რომლებიც სხვადასხვა ლიტერატურულ გამოცემაში დაიბეჭდება. კარგი იქნება, თუკი ყველა ამ ნაწარმოებზე დაიწერება არა შიდა, არამედ პრესისთვის (შესაბამისად, ფართო მკითხველისთვის) განკუთვნილი რეცენზიები, გაიმართება მრგვალი მაგიდები, შედგება კითხვარები, რომლებიც დაეგზავნებათ ლიტერატორებს და სხვ.

დარწმუნებული ვარ, ლიტერატურული პროცესი გაცილებით უფრო საინტერესო გახდება, თუკი ქვეყნის ყველაზე პრესტიჟული პრემიის ყველა ნომინანტს ჩავრთავთ საქმეში, ანუ თითო ნომინაციიდან ერთს კი არა, რამდენიმე ავტორს გავაცნობთ მკითხველს. ამით მედია ავტორსაც დაეხმარება, მკითხველსაც, გამომცემლობასაც და შესაბამისად გამოირიცხება ისეთი ნომინანტის „გაყვანაც“, რომელზეც არავის არაფერი აქვს სათქმელი.

კარგია, როდესაც მწერლებს და გამომცემლობებს სურვილი აქვთ, პრემიებზეც წარადგინონ თავიანთი ნაწარმოებები. ცუდია, როდესაც მხოლოდ პრემიისთვის გამოიცემა წიგნები.

საერთოდაც, დროა თანამედროვე ლიტერატურული პრემიები ციებ-ცხელების რეჟიმიდან შეფასებისა და დასკვნების რეჟიმში გადავიდეს.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG