Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული ფილმი ულტრანაციონალისტურ რეალობაზე


კადრი ფილმიდან "რუსეთი 88"
კადრი ფილმიდან "რუსეთი 88"
2008 წელს გადაღებულმა რუსულმა ფილმმა „რუსეთი 88“ პრიზებიც მოიპოვა და, ამავე დროს, დაგმეს კიდეც. ამაშიც გამოჩნდა ამ ქვეყანაში ულტრანაციონალისტური განწყობა, რომლის საწინააღმდეგო კანონმა ახლა ფილმი შეიძლება აკრძალულთა სიაში მოახვედროს.

ფილმი ნეონაცისტებზეა, ზოგან „სკინჰედებსაც“ რომ უწოდებენ. როცა პაველ ბარდინმა სურათი გადაიღო, რეაქციას მოელოდა, მაგრამ ის, რომ ფილმი, როგორც ექსტრემიზმის პროპაგანდა, სამართლებრივი დევნის ობიექტი შეიძლებოდა გამხდარიყო, ჩანს, ვერ წარმოედგინა.

ფილმის გმირები მოსკოველი „სკინჰედები“ არიან, რომლებიც არასლავ პირებს სდევნიან, თავს ესხმიან და ამას შემდეგ ვიდეოფირზე იღებენ ინტერნეტით გამოსაქვეყნებლად. „პარაზიტები მავნებლები არიან, პარაზიტები ყარან, პარაზიტები ინფექციას ავრცელებენ, მე გასწავლით, როგორ ებრძოლოთ მათ. დიდება რუსეთს!“ - ასეთ ლოზუნგებს გაჰყვირიან ამ ფილმში გამოყვანილი რუსეთის მოქალაქეები. მაგრამ ეს მარტო ფილმში არ ხდება... რუსეთში, ცნობილია, ასეთი მოვლენა რეალობაში არსებობს და მთავრობა მასზე დიდი ხანია თვალს ხუჭავს.

ფილმმა ბერლინისა და ხანტი-მანსისკის კინოფესტივალებზე პრიზები მოიპოვა, 2009 წელს კი კრიტიკოსთა მიერ წლის მოვლენად შეფასდა. ამ წარმატების მიუხედავად, ფილმის ავტორმა, ბარდინმა, შარშან დიდი დრო გაატარა სასამართლო პროცესებზე, ვოლგისპირეთის ქალაქ სამარაში რომ იმართებოდა ფილმის საწინააღმდეგოდ, ფილმისა, რომელიც, კანონის დამცველების აზრით, სიძულვილის გამომხატველ აზრს შეიცავს და რასიზმს ქადაგებს. ბადრინი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მისი ფილმი არასწორად გაიგეს, მისი მიზანი არ ყოფილა ულტრანაციონალიზმის ქება, მას რეალობის დახატვა სურდა:

პაველ ბარდინი, ფილმის "რუსეთი 88" სცენარის ავტორი და რეჟისორი
„თუკი ვინმემ იფიქრა, რომ ჩვენ მარგინალები და იატაკქვეშელები ვართ და რევოლუციის მოწყობა გვსურს, ცდება. ჩვენ თავიდანვე გამოვაცხადეთ, რომ არ ვართ ხელისუფლების მოწინააღმდეგეები. პირიქით, მზად ვართ ნებისმიერს შევთავაზოთ ჩვენი ფილმი გამოიყენოს ექსტრემიზმის საწინააღმდეგო მიზნებით. საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა მოგვმართეს, სახელმწიფო გაერთიანებები ჯერ არ გამოჩენილან. პირველი შეხება ხელისუფლებასთან აქ, სასამართლოში, მოგვიხდა. ჩვენ არ მოველით თანამშრომლობას, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ გაუგებრობას ბოლო მოეღება.“

ბარდინმა გასულ თვეში საქმე მოიგო. სასამართლომ დაადგინა, რომ ფილმის უფრო დეტალური შესწავლაა საჭირო. მაგრამ 2002 წელს მიღებული ანტიექსტრემისტული კანონის თანახმად, ის შეიძლება აკრძალული სურათების სიაში მოხვდეს. რუსეთის კინოებში, იშვიათი გამონაკლისის გარდა, მას უკვე აღარ უჩვენებენ, შეწყდა მისი დემონსტრირება უნივერსიტეტებსა და კლუბებში.

მართალია, ფილმში გამოგონილი ისტორიაა წარმოდგენილი, მაგრამ არის მასში თემები, რომლებიც რუსეთის საზოგადოებისთვის ნაცნობ რეალობას ასახავს - მაგალითად, ნეონაცისტური ბანდის წევრებისა და მილიციის კავშირს.

სხვადასხვა ინფორმაციით, კანონის დამცველებს შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც ულტრანაციონალისტების მიმართ სიმპათია აქვთ. ფილმშივე მოუსმენთ რეალურად არსებულ პირებს, მოსკოველებს, რომლებიც არ მალავენ ქსენოფობიურ განწყობილებას, ეთნიკური უმცირესობების მიმართ სიძულვილს, რაც რუსეთის საზოგადოებაში ასეა გამჯდარი. ერთი რესპონდენტი ამბობს: „რუსეთი რუსებს“. მას შეკითხვას უსვამენ: „რატომ ფიქრობთ ასე?“ პასუხი კი ასე ჟღერს: „იმიტომ რომ, ჩემი აზრით, რუსეთში რუსები უნდა ცხოვრობდნენ.“

„რუსეთი 88“-ის გადაღებამდე ფილმის ავტორებმა ინტერნეტის მეშვეობით შეისწავლეს ნეონაცისტური სცენა, ინფორმაცია მიიღეს ეგრეთ წოდებული „სავას“ კვლევითი ცენტრიდან, რომელიც რუსეთში ულტრანაციონალისტთა მხრიდან ძალადობას უწევს მეთვალყურეობას. „სავას“მონაცემებით, შარშან რუსეთში 71 ადამიანი მოკლეს და 330 დაჭრეს რასისტულ ნიადაგზე მომხდარი თავდასხმების დროს. ისიც „სავას“ ცნობაა, რომ ეს რიცხვი, წინა წელთან შედარებით, შემცირდა, თუმცა მაღალი რჩება. „სავას“ თანამშრომლის გალინა კოჟევნიკოვას აზრით, ხელისუფლება საკმარისად არ ებრძვის ულტრანაციონალიზმს. მისივე შეფასებით, ბარდინმა და მისმა ფილმმა „რუსეთი 88“ დადებითი როლი ითამაშეს იმ მხრივ, რომ პრობლემაზე ხალხი ალაპარაკდა:

„ ეს, უბრალოდ, მხატვრული ფილმია, რომელიც ზოგან ზუსტია, ზოგან არა, მაგრამ ეს არაა მთავარი. ფილმის მიზანი არ არის ნეონაცისტური რეალობის ზუსტი სურათის დახატვა, არამედ პრობლემის ჩვენება საზოგადოებისა და თითოეული ადამიანისთვის. ამ ამოცანას, ჩემი აზრით, ფილმი ბრწყინვალედ ართმევს თავს.“
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG