Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ახალი კონტექსტი (იყო თუ არა შემთხვევითი გიგი უგულავას ვერსია?)


17 იანვარს რუსულ “Newsweek”-ში გამოქვეყნებული ინტერვიუ თბილისის მერთან – გიგი უგულავასთან, ფართო განხილვის თემად არ ქცეულა. რესპონდენტი უარყოფს სათაურში გამოტანილ ფრაზას, რომელიც ინტერვიუს ყველაზე არსებით ინფორმაციას მოიცავს; ჟურნალისტი კი ამტკიცებს, რომ ეს ფრაზა დაცულია მის აუდიოჩანაწერში. საფიქრებელია, რომ, არათუ ჩანაწერი არსებობს, არამედ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ახალ კონტექსტში, „ნიუსვიკის“ ინტერვიუს მთავარ თემას ხელისუფლება კიდევ არაერთხელ დაუბრუნდება.

* * *

ვარდების რევოლუციის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს და მის გუნდს ორი მთავარი პრიორიტეტი ჰქონდა: ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და საქართველოს ინტეგრაცია ევრო-ატლანტიკურ სივრცეში. ამ პრიორიტეტებს დაექვემდებარა სახელმწიფოს მართვის ყველა პრინციპი, რომელთა საერთო შინაარსი იყო ძალაუფლების თავმოყრა აღმასრულებელ ვერტიკალზე და გადაწყვეტილების მიმღებ პირთა წრის მაქსიმალურად შეკვეცა. 2013 წელს მიხეილ სააკაშვილს მეორე საპრეზიდენტო ვადა ეწურება და, ბუნებრივია, მისი პრეზიდენტობა სწორედ იმ ორ საკითხთან მიმართებაში შეფასდება, რომლებიც წლების განმავლობაში მის მიერვე სახელდებოდა სახელმწიფოს მთავარ პრიორიტეტებად.

დავიწყოთ ნატოთი. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ნატოს წევრობასთან დაკავშირებით ეთუზიაზმი მთლიანად ჩამქრალია. ყველას ესმის, რომ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან უკიდურესად გამწვავებული ურთიერთობით, საქართველო ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი ვერ გახდება.

თავისთავად ჩნდება მოვლენების განვითარების სამი სცენარი. პირველი: საქართველოს სახელმწიფო ნებაყოფლობით ამბობს უარს საკუთარი ტერიტორიების ნაწილზე და ახალი საზღვრებით აგრძელებს სვლას ნატოსკენ; მეორე: საქართველო იბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს და გაერთიანებული ქვეყნა ხდება ჩრდილო- ატლანტიკური ალიანსის წევრი. მესამე: პრეზიდენტი ირჩევს იმ ვარიანტს, რომელზეც გიგი უგულავა საუბრობდა „ნიუსვიკის“ ჟურნალისტთან: საქართველო უარს ამბობს ნატოს წევრობაზე, თუკი რუსეთი ფაქტობრივად აბრუნებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ჩვენი სახელმწიფოს იურიდიულ საზღვრებში.

* * *

მიხეილ სააკაშვილს არც ისე ბევრი დრო რჩება გადაწყვეტილებების მისაღებად. პირველი გზა – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე ოფიციალურად უარის თქმა – შეიწირავს ნებისმიერი პრეზიდენტის კარიერას, ვინც ამგვარ დოკუმენტზე ხელს მოაწერს. როგორც ჩანს, სააკაშვილი ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. მეორე გზა ტერიტორიების დაბრუნებაა რუსეთის თანხმობის გარეშე. თეორიულად, ეს ომითაც შეიძლება მოხდეს და მშვიდობითაც – თუკი თავად აფხაზები და ოსები მოინდომებენ. ომის გზა მოკლე გზაა, მაგრამ როგორც წელიწადნახევრის წინანდელმა მოვლენებმა დაგვანახა – პრაქტიკულად არარეალური და უშედეგოა. მშვიდობის გზა კი მეტისმეტად ნელია და მიხეილ სააკაშვილს უკვე დააგვიანდა აფხაზებისთვის და ოსებისთვის მშვიდობის შეთავაზება. როგორც საქმეში ჩახედული ადამიანები ამბობენ, ვარდების რევოლუციის შემდეგ აფხაზეთშიც გაჩნდა გარკვეული მოლოდინი ახალ პრეზიდენტთან დაკავშირებით. მაგრამ იმ პერიოდმა ჩაიარა და ახლა ათწლეულები დასჭირდება ისეთი ქვეყნის შენებას, რომელში ცხოვრებაც აფხაზებსა და ოსებს მთელი გულით მოუნდებათ. საბოლოოდ, ტერიტორიების დაბრუნების ორივე გზა – ომიც და მშვიდობაც – უახლოეს პერიოდში მიუღწეველი ჩანს. მიხეილ საკაშვილს კი სულ სამწელიწადნახევარი რჩება იმისთვის, რომ რეალურ შედეგს მიაღწიოს.

აი, ამ კონტექსტში იძენს მნიშვნელობას გიგი უგულავას მიერ „ნიუსვიკის“ ჟურნალისტისთვის ნათქვამი ფრაზა, რომ თუ რუსეთი აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან ჯარს გაიყვანს, საქართველო უარს იტყვის ნატოს წევრობაზე. რუსეთის მხრიდან ჯარის გაყვანა ამ ტერიტორიების საქართველოსთვის დათმობის ტოლფასია. რაც, თავის მხრივ, იმას ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი ორი პირობიდან ერთს, მეტად მნიშვნელოვანს, შეასრულებს – ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს.

* * *

სხვა საკითხია, რუსეთი რატომ გაიყვანს ჯარს აფხაზეთიდან და ოსეთიდან, საქართველოს ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ, როდესაც ჩვენთვის ნატოს კარი ისედაც დახურულია. მაგრამ არსებულ ვითარებაში, სააკაშვილისთვის ყველაზე მისაღებ გზად, შესაძლოა, მაინც რუსეთთან მოლაპარაკება რჩებოდეს.

PR კამპანია, რომლის თანახმად, ომი ჯერ არ დასრულებულა და, ესე იგი, ის საქართველოს არ წაუგია, – მთლიანად გაკოტრებულია. შესაბამისად, თუ მიხეილ სააკაშვილს არც ტერიტორიის დათმობა უნდა, არც ომი შეუძლია და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისთვისაც დრო აღარ რჩება, ცხადია, ადრე თუ გვიან, პრეზიდენტის უახლოესი გარემოცვის წევრებს სწორედ იმ თემასთან დაბრუნება მოუხდებათ, რომელიც გიგი უგულავამ 2010 წლის დასაწყისში, ალბათ, არცთუ შემთხვევით წამოჭრა.
XS
SM
MD
LG