Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჰიუმან რაიტს უოჩი“: ბოლო წლებში იმატა უფლებადამცავი მოძრაობის ძალამ


სამშაბათს ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა „ჰიუმან რაიტს უოჩმა“ - ერთ-ერთმა წამყვანმა უფლებადამცავმა ორგანიზაციამ, რომელიც, თავისი არსებობის ისტორიაში რიგით მე-20 ანგარიშს უძღვნის ადამიანის უფლებების მხრივ მსოფლიოში არსებულ ვითარებას. ბოლო ანგარიში ასახავს ვითარებას 90-ზე მეტ ქვეყანაში და ტერიტორიაზე, რაც „ჰიუმან რაიტს უოჩის“ თანამშრომლების მიერ განვლილი წლის მანძილზე გაწეული ინტენსიური მუშაობის შედეგია.

ბოლო წლებში საგრძნობლად იმატა უფლებადამცავი მოძრაობის ძალამ - მისმა უნარმა, ზეწოლა მოახდინოს იმ ადამიანების სახელით, რომელთა უფლებებიც ირღვევა. ამ შეფასებას „ჰიუმან რაიტს უოჩის“ ანგარიშის შესავალში გამოთქვამს ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, კენეთ როტი. ამდენად, ტენდენცია დადებითია, თუმცა, ბედის ირონიით, მას უარყოფითი მხარე ახლავს:

„ნაწილობრივ იმის გამო, რომ საერთაშორისო უფლებადამცავი მოძრაობის გავლენა და როლი იზრდება, სახეზეა თადასხმების გააქტიურება როგორც ადამიანის უფლებების დამცველებზე, ისე უფლებადამცავ ორგანიზაციებზე, რომლებიც დევნა-შევიწროებას აღწერენ და ადამიანის უფლებების დაცვას ცდილობენ. და ეს არის ტენდენცია, რომელსაც მსოფლიოს ბევრ კუთხეში ვხედავთ, მათ შორის ყოფილ საბჭოთა კავშირსა და ირანში“.

განაცხადა ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში "ჰიუმან რაიტს უოჩის" წარმომადგენელმა, იენ ლევაინმა. მანვე საქართველოსთან დაკავშირებით გვითხრა:

„2009 წლის დასაწყისში პოლიციამ გადამეტებული ძალა იხმარა დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც პროტესტს გამოთქვამდნენ მთავრობის წინააღმდეგ და მოითხოვდნენ პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომას. სერიოზულ პრობლემებს ვხედავთ სისხლის სამართლებრივ სისტემაში, აქ იგულისხმება გადავსებული ციხეები და ცუდი პირობებიც. და არაერთგვაროვანია მედიაგარემო, მედიის მფლობელების შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობის პრობლემების ჩათვლით“.

„ჰიუმან რაიტს უოჩის“ 612 გვერდიან ანგარიშში საქართველოს 4 გვერდი ეთმობა. ჩვენ დავუკავშირდით ანგარიშის ამ ნაწილის ავტორს, სამხრეთ კავკასიის მკვლევარს, გიორგი გოგიას, რომელმაც საუბრის დასაწყისშივე აღნიშნა, რომ ანგარიში მოიცავს ზოგადი მიმართულებების ანალიზს, ის არ ასახავს ადამიანის უფლებების დარღვევის ყველა ფაქტს.

„ჰიუმან რაიტს უოჩის“ ანგარიშის მიმოხილვისას უნდა ითქვას, რომ ეს ორგანიზაცია არ აქვეყნებს რაიმე სახის რეიტინგს, სიას, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია, გარკვეული შედარების გაკეთება სხვადასხვა ქვეყნის მაჩვენებლებს, ან რომელიმე ერთ ქვეყანაზე წინა წლების და აქტუალურ მაჩვენებლებს შორის. გიორგი გოგია, რომელიც სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაზე მუშაობს, განმარტავს:

„ქვეყნების ერთმანეთთან შედარება არ ხდება. თითოეული ქვეყანა ფასდება იმის მიხედვით, თუ როგორ იცავს ამა თუ იმ სტანდარტს. რაც შეეხება დინამიკას, ამ ანგარიშში განხილულია რამდენიმე პრობლემა, რომლებიც, სამწუხაროდ, საქართველოში წლების მანძილზე დგას. მათ შორის პოლიციური ძალადობის პრობლემა და პასუხისმგებლობის ნაკლებობა.“

ყოველწლიური „მსოფლიო ანგარიშის“ გარდა, რომელიც წელს მეოცედ მომზადდა, „ჰიუმან რაიტს უოჩი“ თემატურ ანგარიშებსაც ამზადებს რომელიმე კონკრეტული პრობლემის დეტალურად შეისწავლის საფუძველზე. ჩვენ ერთი წლის წინ ვიუწყებოდით ანგარიშზე, რომელიც მთლინაანად საქართველოს ეხებოდა - ჰუმანიტარული კანონის დარღვევას ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის დროს. ამჟამად კი უფლებადამცავი ორგანიზაცია მუშაობს დოკუმენტზე, რომელიც აფხაზეთში შექმნილ ვითარებას ასახავს. ოთხშაბათს გამოქვეყნებულ ანგარიშში "ჰიუმან რაიტს უოჩი" მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ აფხაზეთსაც და სამხრეთ ოსეთსაც რუსეთი აკონტროლებს. ჩვენი რადიო დაუკავშირდა „ჰიუმან რაიტს უოჩის“ წარმომადგენელს, ტატიანა ლოკშინას, რომელსაც სულ ბოლო ხანს, გასული წლის მიწურულს მიეცა აფხაზეთში, კეროდ, გალის რაიონში მუშაობის საშუალება. ის, როგორც თავადაც დარწმუნდებით ფრიად დამთრგუნველ სურათს ასახავს:

ტატიანა ლოკშინა
„ვითარება გალის რეგიონში, რასაკვირველია, შემაშფოთებელია. თუნდაც გარეგნული შთაბეჭდილებებით თუ დავიწყებთ - ნგრევის დონე, გაჩანაგების დონე საომარი მოქმედებებიდან ამდენი წლის შემდეგ, უბრალოდ, გაოგნებას იწვევს. მახსოვს, კოლეგასთან ერთად გალში რომ ჩავედი და რაიონულ ცენტრში გავიარეთ, მთელი ამ დანგრეული სახლების შემხედვარემ (თან სულ ვიღებდი სურათებს), კოლეგას ვუთხარი: „იცი მთელი ეს ფოტოსურათები რომ ავიღოთ, ინტერნეტში გამოვაქვეყნოთ და აუდიტორიას ვკითხოთ - აბა, ეს რა ადგილიაო - ათიდან ალბათ ცხრა კაცი იტყვის, ნამდვილად გროზნო იქნებაო.“

იგულისხმება გროზნო რეკონსტრუქციამდე. ვითარების ამსახველი ანგარიშის გამოქვეყნება, როგორც გიორგი გოგიამ გვითხრა, გაზაფხულისთვის იგეგმება.

ბოლოს ისევ ოთხშაბათს გამოქვეყნებულ „მსოფლიო ანგარიშს“ დავუბრუნდები: მასში ვკითხულობთ, რომ განვლილი, ანუ 2009 წლის მანძილზე ადამიანის უფლებების დამცველებზე თავდასხმებმა მკვეთრად იმატა ქვეყნებში, რომლებშიც მთავრობებს შეიარაღებულ ამბოხებულებთან ბრძოლა უწევთ. ანგარიშში მიუთითებენ ჩრდილოეთ კავკასიაში განუკითხაობასთან მებრძოლი ადვოკატებისა და უფლებადამცველების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობაზე. რუსეთის გარდა კენია, ბურუნდი და ავღანეთია დასახელებული იმ ქვეყნების რიცხვში, სადაც განვლილი წლის მანძილზე უფლებადამცველები დახოცეს.
XS
SM
MD
LG