Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა უშლის ხელს უკრაინისა და საქართველოს თანამშრომლობას რუსეთთან?


მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი (მარცხნივ) და ვიქტორ იუშჩენკო, უკრაინის პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი (მარცხნივ) და ვიქტორ იუშჩენკო, უკრაინის პრეზიდენტი
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა, თითქმის ნულამდე დაეცა ეკონომიკური თანამშრომლობის დონეც. საქართველოს შემდეგ რუსეთს ყველაზე ცუდი ურთიერთობა აქვს მეორე მეზობელ სახელმწიფოსთან - უკრაინასთან. რას ეფუძნება უკრაინისა და საქართველოს მეგობრობა და რა უშლის ხელს ამ ორი ქვეყნის თანამშრომლობას რუსეთთან?

რუსეთის პოლიტიკურ წრეებში გავრცელებულიააზრი, რომ საქართველოსა და უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობა ეფუძნება არა იმდენად პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს, რამდენადაც რუსეთისათვის ზიანის მიყენების სურვილს. თუმცა კიევში დაფუძნებული სოციოლოგიური სამსახურის, „უკრაინული ბარომეტრის“, დირექტორი ვიკტორ ნებოჟენკო მიიჩნევს, რომ ეს აზრი საფუძველსაა მოკლებული და რომ საქართველოსა და უკრაინას გაცილებით ძლიერი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის რესურსი არ გააჩნიათ. უკრაინელი ექსპერტის თქმით, საქართველოსა და უკრაინის მეგობრობას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს:

„თბილისისა და კიევის გარკვეული ახლობლობა დაკავშირებულია იმასთან, რომ ამ ქვეყნებმა დემოკრატიული განვითარების მსგავსი გზები გაიარეს. ამას გარდა, უკრაინაც და საქართველოც განიცდიდნენ და განიცდიან უძლიერეს პროპაგანდისტულ ზემოქმედებას კრემლის მხრიდან, რაც ძალიან მძიმეა.“

თუმცა უკრაინისა და საქართველოს მეგობრობა მხოლოდ ამ ორ ფაქტორს როდი ეფუძნება. საქართველოს გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ფხალაძე განმარტავს:

„ვმეგობრობთ იმიტომ, რომ ვმეგობრობთ! ვმეგობრობთ არა ვინმეს წინააღმდეგ და რაღაცის მიუხედავად, არამედ იმიტომ, რომ გვაქვს საერთო შეხედულებები, საერთო ინტერესები და გვსურს ჩვენი ქვეყნების წინაშე არსებული პრობლემების ერთობლივი ძალისხმევით გადაჭრა. თვითონ ფორმულა, რომ „ისინი მეგობრობენ ვინმეს წინააღმდეგ“ მხოლოდ საქართველოსა და უკრაინის მიმართ როდი გამოიყენება. იგივეს ამბობდნენ საქართველოსა და აზერბაიჯანზეც, იგივე თქვეს, როცა დავიწყეთ თანამშრომლობა ევროსაბჭოსთან, ნატოსთან... ეს იმათი პრობლემაა, ვისაც ამ მეგობრობიდან მოწინააღმდეგის ხატის შექმნა სურს.“

თბილისისა და კიევისგან განსხვავებით, მოსკოვში მიიჩნევენ, რომ საქართველო და უკრაინა ჩართულნი არიან რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე მასშტაბურ გეოპოლიტიკურ ბრძოლაში. მოსკოვში მოქმედი პოლიტიკური ტექნოლოგიების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი სერგეი მიხეევი დარწმუნებულია, რომ მეზობელი ქვეყნები სარგებელს ნახულობენ რუსეთის მოწინააღმდეგეებისათვის ტერიტორიების პლაცდარმად მიყიდვით:

„ორივე ქვეყანა თავის გეოპოლიტიკურ როლს, როგორც რუსეთზე ზეწოლის საშუალებას, ყიდის, პირველ რიგში, ამერიკის შეერთებულ შტატებზე. ამერიკისათვის მნიშვნელოვანია რუსეთის განდევნა პოსტსაბჭოთა სივრციდან. საქართველო და უკრაინა ამერიკისათვის ამ პოლიტიკის განხორციელების ინსტრუმენტებია. ცხადია, რუსეთის წინააღმდეგ მეგობრობისათვის საქართველოსა და უკრაინას ძალები არ ჰყოფნით, მაგრამ ეს საერთო თვისება მათ, რა თქმა უნდა, აკავშირებთ.“

სერგეი მიხეევი დარწმუნებულია, რომ დიდ გეოპოლიტიკურ თამაშში ისეთი პატარა ქვეყნები, როგორიც საქართველო და უკრაინაა, მეათეხარისხოვან როლს თამაშობენ. ამასთან, მას არ უკვირს, რომ თბილისისა და კიევის თვალსაწიერი, მოსკოვთან შედარებით, ვიწროა, ხოლო მიდგომას, რომ რუსეთი და უკრაინა ან რუსეთი და საქართველო თანასწორი მოთამაშეები არიან, რუსი პოლიტოლოგი პროვინციელების მსჯელობას უწოდებს, თუმცა ის არაფერს ამბობს იმაზე, თუ რატომ ხარჯავს რუსეთი ამდენ ენერგიასა და სახსრებს მეათეხარისხოვან ქვეყნებთან დაპირისპირებაში. თენგიზ ფხალაძის თქმით, თავი და თავი რუსეთის კომპლექსებია:

„მოსკოვი უნდა გაერკვეს თავის კომპლექსებში: ერთი მხრივ, გვსაყვედურობენ პროვინციალიზმის გამო, მეორე მხრივ კი, ძალიან დიდ პატივს მიაგებენ ამ პროვინციებს. როგორღაც უნდა გაარკვიოს, პროვინცია ვართ თუ ქვეყანა, რომელსაც უნდა დაელაპარაკოს. ეს გაორებული რიტორიკა და გაღიზიანება ხელს არ უწყობს ურთიერთობის გაუმჯობესებას. თუ რომელიმე ორი სახელმწიფო მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებას აფორმებს, ეს არ ნიშნავს, რომ მოსკოვის წინააღმდეგ ერთიანდებიან - ალბათ, ესეც კომპლექსია. 21-ე საუკუნე თანამშრომლობის საუკუნეა. რაც შეეხება ქვეყნების ზომას, - დიდია თუ პატარა საქართველო და უკრაინა, - მსოფლიოში ბევრია ქვეყანა, რომლის ტერიტორია რუსეთზე ნაკლებია, მაგრამ მათი განვითარება ეკონომიკის, დემოკრატიისა და მთლიანი შიდა პროდუქტის თვალსაზრისით, გაცილებით მაღალია. ასე რომ, ცნება, სახელმწიფო დიდია თუ პატარა, ძალიან ფარდობითია. რაც შეეხება თვალსაწიერს, კარგად და მეტი მოჩანს იმ ქვეყნებიდან, სადაც ინფორმაციის მეტი თავისუფლებაა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას თენგიზ ფხალაძემ, საქართველოს გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა. ვიქტორ ნებოჟენკო კი მიიჩნევს, რომ მეზობლებთან დაპირისპირება და მეზობლებზე ეჭვიანობა რუსეთის სისუსტის ბრალია. სინამდვილეში, საქართველოსა და უკრაინას შორის არაფერი ისეთი არ ხდება, რაც რუსეთს აზარალებს:

„დამიჯერეთ, კიევში არ არის არანაირი პროქართული ლობი, თუმცა, მართალი გითხრათ, ვერც პრომოსკოვურს ვხედავ. ვიმედოვნებ, რომ ყველა ეს ბრალდება და ეჭვი მალე მოიხსნება დღის წესრიგიდან. რუსეთმა უკან უნდა მოიტოვოს არასრულფასოვნების კომპლექსით გაჯერებული ეს პერიოდი, როცა პატარა ესტონეთს, რომელიც ნოვგოროდის ოლქის მეოთხედიც არაა, ცხრაბალიანი წყენის გამოწვევა შეუძლია. ეს ყველაფერი გაივლის, თუკი რუსეთი იქნება საკუთარ ძალებში დარწმუნებული. შესაბამისად, აღარც იმას ექნება მნიშვნელობა, თუ ვისთან მეგობრობენ ფინეთი, უკრაინა, ბელორუსია და საქართველო... დღევანდელი პროცესები მაინც რუსეთის შინაგანი სისუსტითაა ინიცირებული და არა უკრაინის ან რომელიმე ქვეყნის აგრესიული პოზიციით. არ გვაქვს არანაირი აგრესია, ვერ მივცემთ ჩვენ თავს ამის უფლებას, თუმცა საქართველოსთან მიმართებაში განსხვავებული ვითარებაა. ნებისმიერი დიალოგის დაწყების წინ ყოველთვის წამოიწევს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. რაც უნდა თქვან ჩვენმა რუსმა კოლეგებმა, მათ ხომ წაართვეს ქართველებს ტერიტორიის ნაწილი, რომელიც შეიძლება არც არაფერში სჭირდებათ.“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG