Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“იანვარს მოძმედ არ ვეძნელები”, ანუ “პახმელია”


ბოლო ორი კვირა დიადი ნადიმებისა და გრძელი ნაბახუსევებისა იყო (ზოგისთვის სამი და ოთხი კვირაც გამოდგა ასეთი, რადგან ბარბარობასა და დეკემბრის შობას დაიწყეს აღნიშვნა). ამ ვეფხის ახალ წელსაც, ტრადიციულად, ვეფხურად შეუდგა თრობას სრულიად საქართველო. ნადიმები ნათესავებთან და მეგობრებთან გაგრძელდა 1-2 იანვარს, 3-ში თანამშრომლებთან და კოლეგებთან გაიარ-გამოიარეს, 4 იანვარი კი ასეთი ჰედონისტებისთვის ძალზე მძიმედ გათენდა. ამ დღეს ალბათ ყველაზე მეტი იყო დისკომფორტი, გულისრევა, გულის ფრიალი, სიკვდილზე ფიქრი, არყის ტაკების შემდეგ დაჭყანვა, ლუდზე გაგზავნა, კომპოტების გახსნა, მჟავე კიტრის წათხის მოყუდება, წყალ-ღვინოს ყლუპებით სმა, კონიაკიანი ჩაის წრუპვა, თათარიახნის ხვრეპა, ხაშის სვლეპა, სუფთა ჰაერის ყლაპვა.

წელსაც ბევრი გადაურჩა უბედურებას სახელად “პახმელია”, წელსაც ბევრმა ჩაიფიქრა (ზოგმა დაიფიცა, ან დაიგინა), რომ მეტს აღარ დალევდა. ეს იანვარი ბევრისთვის იქცა ახალი ცხოვრების დაწყების საწინდრად.

ნაახალწლევს „პახმელიის“ აჩრდილი დაძრწოდა მთელს ქალაქში, ამიტომ დღევანდელ ბლოგს მას მივუძღვნი, ამ პოეტურ-ჯოჯოხეთურ მდგომარეობას, რომელშიც ღრმა სულიერება და მელანქოლია ყველაზე ყოფით რაღაცეებს ერწყმის.

სინამდვილეში რა ხდება? რა და საშუალო, საორიენტაციო დოზა ალკოჰოლის მიღებისა მოზრდილი მამაკაცის კილოგრამ წონაზე (დაახლ. 80 კგ.) 1 გრ. ეთილის სპირტი ყოფილა. ზღვარი თურმე 100 მლ. აბსოლუტურ ალკოჰოლზე გადის, ანუ დაახლ. 250 მლ. არყის შესაბამის ალკოჰოლზე. ეს იმდენ ალკოჰოლს ნიშნავს, ანუ ეთილის სპირტის იმ რაოდენობას, რომელიც შეუძლია ბოლომდე გადაამუშაოს ადამიანის ღვიძლის ფერმენტებმა. როცა ზედმეტი რაოდენობის ალკოჰოლი ხვდება ორგანიზმში, მაშინ მუშაობას იწყებს სხვა სისტემა ფერმენტებისა, რომლებიც ეთილის სპირტის გადამუშავებას იწყებენ, მაგრამ ამ დროს წარმოშობილი ძმარმჟავა ალდეჰიდი, რომელიც გროვდება ორგანიზმში და ღვიძლიდან სისხლის საშუალებით გადაიცემა, ორგანიზმისა და ქსოვილების მოწამვლას იწვევს. ზუსტად ეს ალდეჰიდი ყოფილა „პახმელიის“ მიზეზი და ექიმებიც „პახმელიას“ ძმარმჟავა ალდეჰიდით მოწამვლას უწოდებენ თურმე.

გარდა ამისა, “პახმელიაზე” ადამიანს საგრძნობლად უქვეითდება სისხლში შაქრის შემცველობა და ხშირ შემთხვევაში იგი ნულის ტოლიც ხდება ხოლმე, რის გამოც ბევრს თავბრუსხვევა, ენის დაბმა, გულის რევა და გრძნობის დაკარგვაც კი აღენიშნება. ამასთან დაკავშირებით ერთი ჩემი ნაცნობი ურჩევდა გარშემომყოფთ: „პახმელიაზე“ ყველაზე კარგია, ერთი მოზრდილი ტორტის ნაჭერი დააყუმბაროთო. თეორიულად მართალია, თუმცა ნაბახუსევზე ტორტის ჭამის შემძლე ადამიანთა პროცენტი თითქმის ნულს უტოლდება (შაქრისა არ იყოს).

ვინ როგორ უმკლავდება ამ უბედურებას?

მე ვიცნობ ადამიანს, რომელიც გადასხმებით შველის თავს (ძნელია მიხვდე, რაღატომ სვამს?!), ზოგს საერთოდ არა აქვს ნაბახუსევი ან მხოლოდ ძილი შველის (ბედნიერები), სხვები ბორჯომით, ლიკანითა და ნაბეღლავით გამოდიან (აი კიდევ, ბედნიერები), ზოგიერთები გაღვიძებისთანავე ცხელი წვნიანისკენ იქაჩებიან ან მწვანე ჩაისკენ, კონიაკს ურტყამენ და ზედ დაფქვილ ყავასა და ლიმონს აყოლებენ (ე.წ. “ნიკალაშკა”). მოსაწევსაც ეწევიან.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ბახუს-გურმანების კატეგორია, საკმაოდ გრძელი მენიუთი: ჭაჭა და თათარიახნი (ხაშლამის ნახარში ნიახურით და ნივრით), ჭაჭა და ხაში, ხორბლის არაყი (100-120 გრ.) და ორაგულის მოზრდილი ნაჭერი, ხორბლისვე არაყი, მჟავე კიტრი და წინა დღის ნამცეცები, ხინკალი, ჩიხირთმა, ბოზბაში (ბოზბაშით გამოსვლა სამწუხაროდ თბილისში თითქმის წარმოუდგენელია, ამისთვის თელავში უნდა წახვიდეთ), ე.წ. სუფ-ხარჩო, მჟაუნის ან მაწვნის სუპი, მეგრული ოსტრი, ჩებურეკი. გამოდიან მაწვნითაც, ზაფხულში საზამთროთი (რომელიც წყლისა და ფრუქტოზის გარდა, დიდი რაოდენობით შეიცავს მაგნიუმს), “აკროშკით”, ნესვითა და ხილის სალათებით.

სასმელი?

არაყი უკვე ვახსენეთ, ჭაჭაც. კიდევ, რა თქმა უნდა, უმრავლესობა ლუდით გამოდის (ოღონდ აუცილებლად ახალი უნდა დალიოთ, სალუდეში, ბოთლში ჩამოსხმული ნებისმიერი ქართული ლუდი მხოლოდ დაგიმძიმებთ ნაბახუსევს), ასევე შამპანურიც აქვს აკვიატებული ბევრს, წინა დღეს დალეული ღვინო, ბრენდი ერთი-ორი ჭიქა (კანიაკები, კანიაკები), უებარი წამალია ტეკილა თავისი მისაბმელით. გარდა ამისა, მჟავე წყლები, სხვადასხვა მცენარეული ნახარში, გრეიფრუტის და ციტრუსების ან სხვა ხილის წვენები, ბროწეული, თაფლიან-ლიმნიანი ჩაი.

ჩვენი წინაპრები გოგირდის აბანოებში ფხიზლდებოდნენ, ახლაც ბევრი გამოდის “გოგირდებით”, თუმცა ექიმები კატეგორიულად გვიკრძალავენ ცხელ ორთქლსა და მაღალ ტემპერატურას, ისევე როგორც მაგარ ყავას ან ჩაის, რომელიც, რატომღაც ერთ-ერთ “საპახმელიო” საშველადაა მიჩნეული ჩვენს ქვეყანაში.

მედიცინას წამლების სახითაც გააჩნია საშუალებები, რომელთაც შეუძლიათ მოხსნან “პახმელიის” სინდრომი, თუმცა საქართველოში „საპახმელიო“ წამლების “ბიზნესმა” მაინცდამაინც ვერ იხეირა. არასდროს გამისინჯავს ეს წამლები, მაგრამ, როგორც ამბობენ, ძირიდად, ორ ნაწილად იყოფა - ისეთებად, რომლებსაც “ნაბახუსევს” სვამ და ისეთებად, სმის წინ რომ უნდა ჩაუფინო სასმლის უკეთ მოსანელებლად. მახსოვს 6-7 წლის წინ, ცოლი რომ მოვიყვანე, ქორწილი არ გადამიხდია. ჰოდა ჩემი მეგობრები ნაწილ-ნაწილ, ჯგუფ-ჯგუფად მოდიოდნენ ხოლმე და ზაფხულის ერთი თვე ასე მრავალდღიანი “ქორწილით” გადავაგორეთ. მორიგი სტუმრობისას ჩემმა მეგობარმა, რომელიც ერთი ჭიქის დაგვიანებით შემოუერთდა სუფრას, გამოაცხადა, რომ სულ ახალი დალეული ჰქონდა “პახმელიის წამალი” და სადღეგრძელოს ჯერ ვერ ვიტყვი, ნახევარი საათი უნდა გავიდესო... მოკლედ, იმ დღეს ძალიან ბევრი ვიცინეთ, მახსოვს, განსაკუთრებით ცხონებული ზაზა თვარაძე გახალისდა, ჩვენს მეგობარს ეხუმრებოდა, შენც ადექი, სადღეგრძელოები თქვი და მერე მიაყარეო.

ზემოთ კერძებზე, გამოსვლის საშუალებებზე და ნაბახუსევის ფიზიოლოგიურ ნიშნებზე ვსაუბრობდი, თუმცა მთავარი მაინც ეგზისტენციალური მხარეა “პახმელიისა”. ნაბახუსევზე ყველაზე დამანგრეველი ალბათ მარტოობაა, რომელიც, მართალია, საინტერესოდ ალაგებს ფიქრებს, მაგრამ ბევრისთვის უარყოფითად მოქმედებს.

მაგალითად, ყველაზე მძიმე ნასმურობაც კი სამოთხედ გეჩვენება, თუკი გარს საყვარელი ადამიანები გახვევია. ანდა წარმოიდგინეთ, როცა სადმე, ხევსურეთში, ლებაისკარში გეღვიძება ნამთვრალევს, გააღვიძებ მეგობრებს, გაიხუმრებთ, წაიხემსებთ, შეუდგებით სამზადისს, მერე მუხლის გასამაგრებლად სამ-სამს მიარტყამთ და გზასაც გააგრძელებთ. ამ ეგზისტენციალურ მდგომარეობას უკავშირდება ე.წ. “საპახმელიო სადღეგრძელოები”. ყველაზე გავრცელებული, რა თქმა უნდა, წმინდა წერილის “საკითხავებია”, “ერთი სახარება შეგვეწიოს...” და ა.შ.. ჩვენ სტუდენტობაში (რომელმაც უმძიმეს წლებში, 1992-1998 წლებში გაიარა) ამ სადღეგრძელოს მეტი კონკრეტიკით ვსვამდით ხოლმე: ჯერ მათესას ვიტყოდით, მერე მარკოზის სახარების შეწევნისას, რომელსაც ლუკა და იოანე მოჰყვებოდა. თუკი მხოლოდ მსუბუქ გამოსვლაზე იყო საუბარი, ოთხთავზე ვჩერდებოდით, თუ არა და, ვაგრძელებდით: საქმე მოციქულთა, იაკობის წიგნი, წიგნი პეტრესი, იოანესი და იუდასი, განსაკუთრებულად ისმებოდა “პავლენის” სადღეგრძელო და ბოლოს, სრულიად აპოკალიპტურად მთვრალი ფილოლოგი სტუდენტები “იოანეს გამოცხადების” სადღეგრძელოს ვწევდით.

იყო სხვა სადღეგრძელოებიც, ქართველი, რუსი, ფრანგი, ავსტრიელი თუ ძველი ბერძენი პოეტებიდან. გალაკტიონის სტრიქონებსაც ვიმეორებდით ხოლმე. ყველაზე ხშირად გაისმოდა:

“როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!...”

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG