Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა პირობებით შენდება ახალი ჰიდროელექტროსადგურები


ენგურჰესი
ენგურჰესი
ორიოდე კვირის წინ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოფიციალურად გახსნა ”მტკვარჰესის” მშენებლობა. დეკემბრის დასაწყისში კი საფუძველი ჩაეყრება კიდევ ერთ სადგურს - ”ფარავანჰესს”. მთავრობა სხვა ჰესების მშენებლობასაც გეგმავს და ინვესტორებს ეძებს, თუმცა კი საინვესტიციო პირობებს ბევრი ექსპერტი არახელსაყრელად მიიჩნევს.

საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ დღემდე გამოუყენებელი ჰიდრორესურსების ასათვისებლად დაინტერესებულ ინვესტორებს იწვევს. საამისოდ იმ სავარაუდო ჰიდროელექტროსადგურების სია გამოქვეყნდა, რომლებიც პოტენციურ ინვესტორებს მოიზიდავდა.

ეს არის როგორც საქართველოს ენერგოუსაფრთხოების 100 პროცენტიანი გარანტი მომავალში, ასევე უზარმაზარი საექსპორტო პოტენციალი
ამ ეტაპზე საქართველოში ჰიდრორესურსების ათვისების სურვილი თურქეთისა და სამხრეთ კორეის კომპანიებმა გამოთქვეს. მათთან მოლაპარაკება თვის ბოლომდე დასრულდება და მომავალი ერთი წლის მანძილზე კონსორციუმი „ნამახვან ჰესების“ კასკადის პროექტს მოამზადებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის განცხადებით, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის ინიციატივა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გარანტიებს შექმნის:

ნიკა გილაური, საქართველოს პრემიერ-მინისტრი
”ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი ქვეყნისთვის. ეს არის, ჯამში, 800 მილიონდოლარიანი ინვესტიცია და ათობით ათასი ადამიანი დასაქმებული ამ პერიოდის განმავლობაში. ეს არის როგორც საქართველოს ენერგოუსაფრთხოების 100 პროცენტიანი გარანტი მომავალში, ასევე უზარმაზარი საექსპორტო პოტენციალი და, შესაბამისად, გამოსწორებული საგარეო სავაჭრო ბალანსი.”

საქართველოში უკვე დაიწყო ახალი ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობა მდინარე მტკვარზე, დეკემბერში კი საფუძველი ჩაეყრება ”ფარავანჰესის” სადგურს. მათ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ძირითადი ნაწილი საქართველოს გარეთ გაიყიდება, ზამთრის სეზონზე გამომუშავებული ენერგია კი ქვეყნის შიდაბაზარს შეავსებს. ენერგეტიკის მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის კომენტარი:

”ზამთრის პერიოდში გამომუშავებული ელექტროენერგიის 100 პროცენტი დარჩება საქართველოში - შესაბამისად, გაიყიდება საქართველოს ბაზარზე, ხოლო ზაფხულის პერიოდში, დანარჩენ თვეებში, აღნიშნული ელექტროენერგიის ექსპორტი მოხდება თურქეთის მიმართულებით.”

ის პირობები, რა პირობებითაც გაიცემა საქართველოს ჰიდრორესურსი, ეს არის ჰიდრორესურსების განიავება
ეს არის ის ძირითადი პრინციპი, რომელსაც საქართველოს მთავრობა პოტენციურ ინვესტორებს სთავაზობს. ჰიდრორესურსების ასეთი პირობით ექსპლუატაციის დაწყებას ეწინააღმდეგება ენერგეტიკის ექსპერტთა ნაწილი, მათ შორის, დავით ებრალიძეც:

”ის პირობები, რა პირობებითაც გაიცემა საქართველოს ჰიდრორესურსი, ეს არის ჰიდრორესურსების განიავება. ჰიდროენერგია ისეთივე ენერგიაა, როგორიცაა ბუნებრივი გაზი, ნავთობი. ამ რესურსის მფლობელ რომელიმე ქვეყანაში - მაგალითად, აზერბაიჯანში ან რუსეთში - ბუნებრივ რესურსს არ გასცემენ ინვესტორზე მხოლოდ იმ პირობით, რომ ამ საბადოს დაამუშავებენ, მუშახელი დასაქმდება და მეტი არაფერი.”

დავით ებრალიძე, ექსპერტი
დავით ებრალიძეს ასეთი შეფასების საფუძველს ის აძლევს, რომ საქართველო, ბუნებრივი რესურსის სანაცვლოდ, მხოლოდ დროებით დასაქმებულ მუშახელს და ზამთარში სამი თვის მანძილზე გამომუშავებულ ელექტროენერგიას მიიღებს. არადა, ზამთარში, წყლის რესურსების სიმცირის გამო, ენერგიის მოცულობა შეიძლება ძალიან მცირე აღმოჩნდეს. დავით ებრალიძის კომენტარი:

აგვისტოს ომის შემდეგ მაინცდამაინც მიმზიდველი შეიძლება არ იყოს საქართველო უცხოელი ინვესტორებისთვის
”ქვეყანაში არ არის რაიმე სახის გადასახადი, როგორიც არის, მაგალითად, აზერბაიჯანსა და რუსეთში, და ეს ქვეყნები ასეთი შემოსავლებით სარგებლობენ. დღგ არ არის გადასახდელი ექსპორტზე. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ სრულიად უფასოდ გაიტანენ ელექტროენერგიას.”

სხვაგვარად ფიქრობს საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორი ნათია თურნავა:

”აგვისტოს ომის შემდეგ მაინცდამაინც მიმზიდველი შეიძლება არ იყოს საქართველო უცხოელი ინვესტორებისთვის. და, მით უფრო, ინვესტორები სიფრთხილეს იჩენენ ხოლმე ისეთ გრძელვადიანი ამოღების პროექტებზე, როგორიცაა ჰიდროელექტროსადგური. ანუ მით უფრო ლიბერალური რეჟიმი უნდა იყოს შეთავაზებული ამ ტიპის ინვესტორებისთვის.”

ნათია თურნავა ექსპერტთა იმ ნაწილს მიეკუთვნება, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანია უცხოური ინვესტიციების შემოდინება და სამუშაო ადგილების შექმნა, რაც ეკონომიკის გამოცოცხლებას და ზრდას განაპირობებს.
XS
SM
MD
LG