Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კეტრინ ეშტონი „ჩუმი დიპლომატიის“ მომხრეა


კეტრინ ეშტონი ევროპარლამენტში
კეტრინ ეშტონი ევროპარლამენტში
ევროკავშირის ახალ საგარეო-პოლიტიკურ ლიდერს, უფრო ზუსტად, ევროკავშირის უზენაეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კეტრინ ეშტონს დღეს არც თუ იოლ შეკითხვებზე მოუწია პასუხის გაცემა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში. კომიტეტის წევრებს სურდათ გაერკვიათ, რამდენად შესწევს ეშტონს უნარი, თავი გაართვას ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გაძღოლასთან დაკავშირებულ ამოცანებს.

ბარონესა კეტრინ ეშტონისა და ევროპარლამენტის წევრების დღევანდელი შეხვედრა პირველი, არაოფიციალური შეხვედრა იყო მას შემდეგ, რაც ამ ორი კვირის წინ ბევრი გააოცა ცნობამ, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ლიდერად სწორედ ეშტონის შერჩევის შესახებ. ბევრმა შეიტანა ეჭვი მის უნარში, თავი გაართვას ახალ ფუნქციებს, დიპლომატიაში გამოცდილების გარეშე. ეშტონს ბოლოს, როგორც ცნობილია, ვაჭრობის საკითხებში ევროკომისრის პოსტი ეკავა.

ახალ პოსტზე მის დასამტკიცებლად იანვარში უნდა გაიმართოს ოფიციალური მოსმენები ევროპარლამენტში, დღევანდელმა შეხვედრამ კი პარლამენტარებს საშუალება მისცა, წინასწარვე გაერკვიათ ზოგი საკითხი - თუნდაც ის, თუ რა ამოძრავებდა კეტრინ ეშტონს (ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის წევრს) 80-ან წლებში, როცა ბირთვული განიარაღების კამპანიაში აქტიურობდა. ამ კამპანიის - ევროპის ერთ-ერთი უდიდესი მასობრივი მოძრაობის - მონაწილეების პროტესტი, რომელსაც რეგულარული აქციებით გამოხატავდნენ, ნატოს ბირთვული არსენალის წინააღმდეგ იყო მიმართული. კეტრინ ეშტონი კი ბირთვული განიარაღების კამპანიის ფინანსებს განკარგავდა სწორედ იმ პერიოდში, როცა ამ მოძრაობას ფინანსურ დახმარებას აწვდიდა საბჭოთა კავშირი...

დღეს კეტრინ ეშტონმა განაცხადა, რომ შეგნებულად არასოდეს გამოურთმევია ფული რომელიმე კომუნისტური ქვეყნის, ან ორგანიზაციისთვის. მან უარყო კრიტიკაც, რომ საკმარისი გამოცდილება არა გააჩნია ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის როლის შესასრულებლად. „მე ამ როლისთვის მაქვს მოლაპარაკების, კონსენსუსზე შეთანხმებისა და ლობირების 28-წლიანი გამოცდილება“, განაცხადა კეატრინ ეშტონმა და იმედი გამოთქვა, რომ ევროპარლამენტი აღიარებს მისი გამოცდილების მნიშვნელობას მომავალი პოსტისთვის.

კეტრინ ეშტონს ჰკითხეს, როგორ აფასებს ევროკავშირის ურთიერთობას რუსეთთან და აპირებს თუ არა, ადამიანის უფლებების დაცვის მოთხოვნით, უცხო ქვეყნების მთავრობებზე ზეწოლას. პასუხად ეშტონმა, უწინარეს ყოვლისა, „რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობის“ აუცილებლობაზე მიუთითა: „ჩვენ, რასაკვირველია გვქონდა მათთან მოლაპარაკება ენერგეტიკის საკითხებზე და ამ დიალოგს გავაგრძელებთ. მაგრამ ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და მთელ ამ საკითხებზეც, ვფიქრობ, უნდა გავაგრძელოთ მოლაპარაკება რუსეთთან“.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ეშტონს კიდევ რამდენიმე თემაზე დაუსვეს შეკითხვები, მათ შორის იყო უკრაინაში მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საფრთხე და შეშფოთება, რომელსაც ირანის ბირთვული პროგრამა იწვევს. ევროკავშირის ახალი ლიდერი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კეტრინ ეშტონი აცხადებს, რომ „ჩუმი დიპლომატიის“ მომხრეა.

„მჯერა ჩუმი დიპლომატიის ძალისა და ეს იმიტომ, რომ თუ გაითვალისწინებ, რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ (...) ადამიანებს შორის ნდობის გაღრმავებაზე მუშაობა და თანამშრომლობა ნიშნავს, რომ ხელიდან არ ვუშვებთ ჩვენი ბედის მართვის სადავეებს. ამის გასაკეთებლად გვჭირდება ხალხი, რომელსაც ისევე შეუძლია ყურის დაგდება, როგორც ლაპარაკი, რომელსაც შეუძლია სწავლა და სწავლებაც და რომელსაც შეუძლია მუშაობა კულისებშიც და რამპის შუქზეც“.
XS
SM
MD
LG