Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი ადრონული ამაჩქარებელი ისევ მუშაობს


შვეიცარია: მეცნიერთა რეაქცია LHC-ის ამუშავებაზე
შვეიცარია: მეცნიერთა რეაქცია LHC-ის ამუშავებაზე
ბოლოხანს მასმედიის ყურადღების ცენტრში ისევ მოექცა მსოფლიოში ყველაზე მაღალ ენერგიამდე და უდიდესი ნაწილაკთა ამაჩქარებელი: მას დიდ ადრონულ ამაჩქარებელს უწოდებენ (LHC). საქმე ეხება გრანდიოზულ სამეცნიერო პროექტს, რომლისთვის განკუთვნილი დანადგარებიც 10 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

რა არის დიდი ადრონული ამაჩქარებელი, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ახსნა ქართველმა ფიზიკოსმა, ნიუ იორკისა და მიუნხენის უნივერსიტეტების პროფესორმა, გია დვალმა: „ეს არის ხელსაწყო, რომელიც კაცობრიობას ჩაახედებს უმოკლეს მანძილებზე. აქამდე ასეთი პრეცედენტი არ ყოფილა. შესაბამისად, შევძლებთ დავინახოთ, აღვადგინოთ ის, რაც ხდებოდა ადრეულ სამყაროში, როცა სამყარო იყო ძალიან ახალგაზრდა. 15 მილიარდი წლის წინანდელ სამყაროში რა პროცესები მიდიოდა -აი, ამის რეპროდუქციაც შეგვიძლია. დიდი აფეთქების შემდგომ პერიოდზეა ლაპარაკი, იმის, ასევ ვთქვათ, რეპროდუქცირება. აი, ეს არის მიზანი“.

დიდი ადრონული ამაჩქარებელი, რომელსაც უკავშირებენ პროფესორ გია დვალის მიერ განმარტებული მიზნის მიღწევის იმედს, შვეიცარიისა და საფრანგეთის საზღვარზე, ჟენევის მახლობლად მდებარეობს, მიწის ზედაპირიდან 100 მეტრის სიღრმეში. საქმე ეხება 27 კილომეტრი სიგრძის ამაჩქარებელ რგოლს - დანადგარს, რომელიც ჯერ კიდევ შარშან, 10 სექტემბერს ამოქმედდა, მაგრამ სულ რამდენიმე დღით: 9 დღეში მიწისქვეშა ამაჩქარებელი მწყობრიდან გამოვიდა და აგერ, წელიწადზე მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე ისევ ამუშავდებოდა 20 ნოემბერს.

დიდი ადრონული ამჩქარებელი ცერნის (CERN) ანუ ატომური ფიზიკის ევროპული ცენტრის პროექტია. თუმცა, მასში, შეიძლება ითქვას, მთელი მსოფლიო მონაწილეობს. ცერნში მოღვაწე წამყვან მეცნიერებს შორის არის გია დვალიც.

„ცერნი, ეს არის საერთაშორისო ლაბორატორია. ფაქტობრივად, ეს არის უდიდესი ლაბორატორია, რომელიც არსებობს მსოფლიოში, უზარმაზარი ბიუცეტის ორგანიზაციაა, რომელსაც ჰყავს წევრი ქვეყნები, რომლებსაც პირდაპირ ბიუჯეტში შეაქვთ წვლილი. ამას გარდა, ჰყავთ უამრავი ასოცირებული ქვეყანა, რომლებიდანაც მეცნიერები მონაწილეობენ ამ სხვადასხვა ექსპერიმენტებში. არსებობს საქართველოდან ჯგუფი, რომელიც, როგორც საქართველოს ჯგუფი წარმოდგენილი არის ექსპერიმენტში - მაგალითად, ექსპერიმენტ „ატლასშია“ ჯგუფი. არიან ქართველები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნიდან არიან წარმოდგენილი, მაგალითად ამერიკიდან და ა.შ. და არის ასევე ჯგუფი, რომელიც არის თვითონ საქართველოდან. სხვათა შორის, რომ დაფიქრდეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის, რომ დღესდღეისობით ასეთი პირდაპირი წარმოდგენა საქართველოს გააჩნია. ეს ხალხი იქ მუშაობს, საქართველოში და დღევანდელ პირობებშიც კი აკეთებენ ისეთ საქმეს, რომელიც აი ასეთ საერთაშორისო ექსპერიმენტს სჭირდება“.

ნაწილაკთა ამაჩქარებლის, შემდეგ კი მასზე დაგეგმილი ექსპერიმენტების სამეცნიერო პროგრამების ჩამოყალიბება ჯერ კიდევ, დაახლოებით, 20 წლის წინ დაიწყო. საქმე ეხება 4 დიდ ექსპერიმენტს. ექსპერიმენტს სახელწოდებით „ატლასი“, რომელიც პროფესორმა დვალმა ახსენა, საქართველოს ჯგუფი 1994 წელს შეუერთდა. რაც შეეხება თვით გია დვალს, ის მრავალი წელია უცხოეთში მოღვაწეობს, მისი სპეციალობა - თეორიული კვლევებია.

„ჩვენ ვცდილობთ, რაღაცნაირად გავიგოთ ამ სამყაროს სტრუქტურა მოკლე მანძილებზე, სამყაროს ფუნდამენტური სტრუქტურა. და ჩვენი იდეების შემოწმება მოხდება ამ ამაჩქარებელზე - იდეების, როგორიც არის, მაგალითად, დამატებითი განზომილების არსებობა, იგივე მიკროსკოპული შავი ხვრელების დაბადება და ა.შ. აი, ეს ყველაფერი ამ ამაჩქარებელზე, იმედი გვაქვს, რომ შემოწმდება, შემოწმდება ასეთი იდეები“.

ცნობილმა ქართველმა ფიზიკოსმა შავი ხვრელები ახსენა. ჯერ კიდევ შარშან მეცნიერთა ნაწილი გამოთქვამდა გაფრთხილებას, რომ ჟენევაში დაწყებული სამეცნიერო პროექტი ძალიან საშიშია, რადგან დიდ ადრონულ ამაჩქარებელში ატომის ნაწილაკების ერთმანეთთან შეჯახებით (თითქმის სინათლის სიჩქარით შეჯახებაზეა ლაპარაკი) შესაძლოა, შავი ხვრელები წარმოიშვას. შავ ხვრელებზე კი, კერძოდ დიდ შავ ხვრელებზე, ის ვიცით, რომ, ასე ვთქვათ, იწოვს, ჭამს ყველაფერს და მაშასადამე, ჟენევასაც ევროპიანად, საერთოდ, მთელს დედამიწას განადგურებით ემუქრება. მაგრამ ნაწილაკების ამაჩქარებლის ამოქმედებით შარშან დაწყებული, და რამდენიმე დღის წინ განახლებული პროცესის მონაწილეები ირწმუნებიან, რომ საფრთხეები გათვლილია. მათი თქმით, გამორიცხულია შავ ხვრელებთან დაკავშირებულ რაიმე საშიშროებას. ასე რომ, ამ მხრივ, ყველას შეგვიძლია მშვიდად ვიძინოთ - ნეტა, სხვა საფრთხეებისაგანც ასე ვიყოთ დაცული.
XS
SM
MD
LG