Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ემსახურება საქართველოს შეიარაღება? რუსეთის ბრალდებები და რეალობა


„თუ საქართველო იარაღდება, ეს ტყუილუბრალოდ არ ხდება“, აცხადებენ მოსკოვში. ამ 30 წლის წინ საბჭოთა ლიდერები, დაახლოებით, ასეთივე შეშფოთებით საუბრობდნენ ნატოს ქვეყნების მილიტარიზაციაზე, მაშინ როცა თავის მხრივ ზრუნავდნენ „ვარშავის ხელშეკრულების“ წევრი ქვეყნების სამხედრო არსენალის გაძლიერებაზე.

რა მიზნებს შეიძლება ემსახურებოდეს შეიარაღება საქართველოში? ამ შეკითხვით ოლეგ კუსოვმა რამდენიმე ექსპერტს მიმართა. მათ შორის არის სამხედრო ექსპერტი ვლადისლავ შურიგინი, რომელიც დარწმუნებულია, რომ, სამხედრო ძალის გამოყენების შემთხვევაში, საქართველო ამჯერად უფრო ფრთხილად მოიქცევა, ვიდრე გასული წლის აგვისტოში.

„სრულიად განსხვავებული წყაროები ამტკიცებენ, რომ აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს არმიის ბრძოლისუნარიანობის აღდგენა. მეტიც - განახლდა უპილოტო საფრენი აპარატების ფრენა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე. ჩემი აზრით, გასული წლის ომს საბოლოო წერტილი არ დაუსვამს, ჩემი აზრით, ეს კამპანია რაღაც ფორმით გამეორდება. საქართველოში საკმარისად ბევრია ხალხი, რომელსაც რევანშის აღება სურს. მაგრამ საქმე ის არის, რომ ამჯერად საქართველო, ჩემი აზრით, უკიდურესად დიდი სიფრთხილეს გამოიჩენს ომის დაწყების საბაბთან დაკავშირებით. ანუ, მეორე ჯერზე საქართველო აუცილებლად შეეცდება, არ გაიმეოროს ისეთი ცალსახა სიტუაცია აგრესიის მხრივ, როგორც წინა ომის დროს იყო. ის მაქსიმალურად შეეცდება, გაინაღდოს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა, აგრესორად წარმოაჩინოს რუსეთი და მიაღწიოს მაქსიმალურ დიპლომატიურ გამარჯვებას - რუსეთისთვის „მშვიდობის იძულებით“ და ამ ტერიტორიებზე უარის თქმის იძულებით,“ - ამ შეფასებას გამოთქვამს რუსი სამხედრო ექსპერტი ვლადისლავ შურიგინი.

ჩვენი კოლეგა და ასევე სამხედრო ექსპერტი კობა ლიკლიკაძე არ უარყოფს რუსეთის მხარის განცხადებებს საქართველოს არმიის შეიარაღების შესახებ, თუმცა ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებაზე: საქართველოს არმიის შეიარაღება - საქართველოს სახელმწიფოს დაცვას ემსახურება.

„საქართველო არმია, ცხადია, ძალას იკრებს. შარშანდელი, რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ ხდება ყველა დანაკარგის შევსება - მე ვგულისხმობ,როგორც ტექნიკურ შემადგენელს, ისე ადამიანურ შემადგენელს, გროვდება ახალი კადრები ომში დაღუპული ოფიცრების ნაცვლად და, საქართველოს ბიუჯეტის შესაძლებლობიდან გამომდინარე, ხდება სამხედრო-ტექნიკური დანაკარგის აღდგენაც. ამაში გასაკიცხს ვერაფერს ვხედავ, რადგან არსებობს არმიის მშენებლობის კონსტიტუციური პროცესი და არმია უნდა პასუხობდეს კონსტიტუციურ მოთხოვნებს. მაგრამ ვფიქრობ, გენერალ მაკაროვის შეფასებები სწორედაც რომ უფრო პოლიტიკურია, ვიდრე სამხედრო-პოლიტიკური და ძალიან მაგონებს აგვისტოს ომის წინა პერიოდს, როდესაც საქართველოს მხარეს მილიტარიზებაში ადანაშაულებდნენ,“ - ამბობს კობა ლიკლიკაძე.

თავის დროზე, საბჭოთა სამხედრო სასწავლებლების აუდიტორიებში ეკიდა პოტენციურ მოწინააღმდეგეებთან სამხედრო მოქმედებათა ამსახველი რუკები - ეს პოტენციური მოწინააღმდეგეები იყვნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის არმია და შეერთებული შტატების არმია. დღეს ქართულ ოფიცრებს თუ ასწავლიან ამგვარად - იმის ახსნით, რომ პოტენციური მოწინააღმდეგე ჩრდილოეთში იმყოფება?

აი, რა პასუხი მივიღეთ ამ შეკითხვაზე კობა ლიკლიკაძისაგან:

„სულაც არ გამიკვირდება, თუკი სამხედრო პოლიგონზე, ან სასწავლო კლასებში სამხედროებს ხშირად უმეორებენ, რომ მათი მთავარი მოწინააღმდეგე არის ის ძალა, რომელიც მათი დედაქალაქიდან 45 კილომეტრში იმყოფება და ოკუპირებული აქვს ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი. საინტერესოა, აბა, რაზე უნდა ელაპარაკონ ოფიცრები ჯარისკაცებს? თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ქართული არმია მხოლოდ თავდაცვისთვის ემზადება და არა თავდასხმისთვის, რადგან ასეთი შეტევითი ოპერაცია საქართველოს არმიისთვის რთულად შესასრულებელი ამოცანაა ამ ეტაპზე. მაგრამ ფაქტია, რომ არმია სწავლობს იმას, თუ როგორ დაიცვას ქვეყანა ყველა იმ შესაძლო საფრთხისაგან, რომლებიც შეიძლება მოდიოდეს ცხინვალის, ახალგორის, კოდორის, ენგურის და ყველა იმ მიმართულებიან, საიდანაც გასული წლის აგვისტოში რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილები შემოდიოდნენ“.

ჩვენივე რადიოს მიმომხილველი, ბრაიან უიტმორი კი ქართველ პოლიტიკოსებთან საუბრების საფუძველზე დაასკვნის: პოლიტიკურ ძალებში დავას აღარ იწვევს ის, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ძალის გამოყენებით - შეუძლებელია. ქართველ პოლიტიკოსებთან საუბრის შესაძლებლობა ბრაიან უიტმორს ივლისში მიეცა, როცა თბილისში იყო ჩასული კორესპონდენტად, შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვიზიტის გასაშუქებლად.

„ ქართველი პოლიტიკოსები უბრალოდ იმეორებდნენ შეფასებას, რომელიც შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა გამოთქვა, რომ შეუძლებელია ამ პრობლემის მოგვარება ძალის გამოყენებით. არ ვიცი, ისინი გულის სიღრმეში რას ფიქრობენ, არ ვიცი, სააკაშვილი სინამდვილეში რას ფიქრობს. მაგრამ შეხედეთ გასული წლის შედეგებს! შეხედეთ, რა დარტყმა მიადგა საქართველოს! იმის მიუხედავად, თუ რას ვფიქრობთ - ვინ დაიწყო ეს ომი და როგორ დაიწყო: შეხედეთ შედეგებს! და მგონია, რომ ეს ნათელია: შეუძლებელია ამ პრობლემების მოგვარება ძალით. მაგრამ თუ საქართველო მართლაც გრძნობს საფრთხეს რუსეთისაგან, მას სრული უფლება აქვს გააძლიეროს თავისი შეიარაღებული ძალები, შეეცადოს თავის დაცვას უზარმაზარი მეზობლისაგან“.
XS
SM
MD
LG