Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აგვისტოში ჩარჩენილები


მაგარია თბილისური აგვისტო: მშვიდი, სხივებიანი, ჩუმი და უკაცური. ყოველი დღე ამ თვისა, რომელიც თბილისის გარეთ გამიტარებია, დაკარგული მგონია. აგვისტო ყველაზე თბილისური თვეა, ყველაზე ნაღდი, ნაღდი ქალაქელებით, ნაღდი ჩამოსულებით. გარემოვაჭრეებიც ნაღდები არიან: ადრე თუ გაღლეტვაზე იყვნენ, ახლა კიტრსა და პომიდორს უფასოდ მოაყოლებენ ხოლმე რეჰანსა და მწვანე წიწაკას. ეს გარემოვაჭრე აგვისტოში სულ სხვანაირად გესალმება. აღმოაჩენ, რომ თურმე კარგად გიცნობს, ნესვზე გეტყვის, რომ არ ვარგა და არ ღირს ყიდვა, მერე გკითხავს: “როგორა გყავს ვაჟკაცი?”, შენ ეტყვი, რომ ზღვაზეა, ის: “ზღვა კაია”.

აგვისტოს ზღვას აგვისტოს თბილისი მირჩევნია. ესაა თბილისური აგვისტოს ნათელი, ჩვენ კი თბილისელი ფოლკნერები ვართ. ფოლკნერთან აგვისტო ჩუმია, უხმო, უქარო და ბნელი. ვარსკვლავიანი ან მთრთოლვარე ნათებებით, ღამეული ციმციმით სავსე. ამ ყველაფერს თბილისშიც ვხედავთ. რატომ? იმიტომ, რომ აგვისტოში ყველაფერი გაანკარებულია, თვალიც და სმენაც. აგვისტოში ქალაქის ხმები უკეთ ისმის, თან აგვისტო, სხვა დანარჩენთან ერთად, აივნების თვეცაა. დგახარ აივანზე და ყველაფერი გესმის, მოპირდაპირე სახლიდან გადმოღვრილი სიმღერის ხმა, მანქანის დამუხრუჭება, მოკლე სადღეგრძელოები, ღამის სიმღერა რადიოში, ძაღლის ყეფა, ჩუმი ლაპარაკები.

ხანდახან აგვისტოში ქათქათა თეთრი გოგოები გამოჩნდებიან ხოლმე ქალაქში. სახეზე ფერი არ ადევთ. ისინი მზის შუქზე მხოლოდ თბილისურ აგვისტოში გამოდიან, სხვა დროს სადღაც სარდაფებში არიან ჩაკეტილები, თმებს უცხო ფერად იღებავენ, ლუდს წრუპავენ. ისინი აგვისტოში ცოცხლდებიან, როცა ყველა ქალაქგარეთაა გასული. ისინი დარწმუნებული არიან, რომ ვერავინ ცნობს, არადა მე ვცნობ და ზუსტად ვიცი, რომ სანამ ზღვიდან დაბრუნებული ბრინჯაოსფერი ვეფხი-გოგოები მოედებიან ქალაქს, მათი დროა. მათია თბილისი.

ქალაქი, რომელმაც ამდენი თვის მანძილზე თავი მოგაძულა, ისევ გიყვარდება, ისევ შენია, მარტო შენი. გალაკტიონს აქვს ერთ ლექსში აგვისტოზე: “ქალაქს ედება მზე თვითეული”. ეს მზე მართლა თვითეულია, სათითაოდ ჩვენია, ერთმა ჩემმა მეგობარმა ამ თვის მზეს ვერცხლიანი ოქროსფერი უწოდა.

წლევანდელი აგვისტო ყველაზე გრილი აღმოჩნდა, საზამთროს ჩაცივებაც კი არ სჭირდება, ღვინოც უმაცივროდ გრილდება, ერთია - მეგობრები გაიკრიფნენ.

ზოგისთვის აგვისტო ერთადერთი თვეა საგანცხრომო საკითხავისთვის, სხვა დროს უბრალოდ ვერ იცლიან. მეც ბევრს ვკითხულობ აგვისტოში, ზუსტად მახსოვს რას ვკითხულობდი 25 წლის წინ, 10 წლის წინ, შარშან. აგვისტოში მაქვს წაკითხული: მელვილის “ტაიპი”, ჯოისის “მხატვრის პორტრეტი”, შენგელაიას “სანავარდო’, ჯავახიშვილის “კვაჭი”, დოსტოევსკის “ყმაწვილი”, გომბროვიჩის “პორნოგრაფია”, ხლასკოს რომანი და სხვ.

ახლა ქალაქიდან გასულებსაც მივხედოთ და გავიხსენოთ, რომ აგვისტოში ძალიან მნიშვნელოვანია წიგნების გადადება და სხვების საკითხავისთვის ზრუნვა. ქალაქში ჩამსვლელისთვის წიგნების დაბარება ყოველთვის აქტუალური იყო. ასე ხდებოდა XIX საუკუნეში და, იმედია, ბევრი დღესაც ასე იქცევა. ქართულ პროზაში თუ მემუარულ ლიტერატურაში ხშირია შემთხვევები, როცა ქალაქს მიმავალ ექიმს ან ოჯახის თავს წიგნებს აბარებდნენ, თანაც მაშინ, XIX საუკუნეში, დღევანდლისგან განსხვავებით, გაცილებით მეტი წიგნის მაღაზია თუ ფარდული იყო დაბებსა და პატარა ქალაქებში. დღეს დიდ სოფლებში ვეღარსად შეხვდებით წიგნით მოვაჭრეს, მაშინ კი ბევრი იყო ასეთი.

გრიგოლ ორბელიანისთვის ესეც სულერთი იყო. მისთვის აგვისტო სხვა რამეს ნიშნავდა: იგი ტფილისის სიცხეს, მტვერსა და კირს გაურბოდა ხოლმე და კოჯრისა და ტაბახმელის გრილ ნიავს აფარებდა თავს. კუმისში მამულები ჰქონდათ ორბელიანებს, მაგრამ თავის ყველა მამულს მაინც ქალაქის სიახლოვეს გასეირნება ერჩივნა. ბაბალე საგინაშვილს წერდა: "შენ რა გაემგზავრე პიატიგორსკისკენ, მეც აღარ დავჰყავ მაგდენი ხანი თბილისს და გავეცალე აქაურს სიცხეებს, აქაურს საშინელს ჰაერსა, სავსესა კირითა და მტვერითა, და ამოველ ტაბახმელას, სადაცა მართლად მშვენიერი საზაფხულო ადგილია... გაიშალა სუფრა მწვანეს მინდორზედ; მოერთუათ სათალი, ყველი, არაყი; ზედ მოჰყუა ხაშლამა, ფლავი და მწუადები და ამასთანა დიდროანი ჯამები ღვინითა..."

ხშირი იყო ბორჯომში სტუმრობებიც, სადაც “პუბლიკა” დილის 6 საათიდან გროვდებოდა წყალთან, სვამდნენ, ბანაობდნენ, “კურკურებდნენ”, შემდეგ ჩაის დრო მოდიოდა, შუადღეს კი სადილად სხდებოდნენ. 5 საათზე ცხენებით და ეკიპაჟებით სეირნობა იწყებოდა, 8-ზე კი ლაზათიანი ვახშამი იშლებოდა.

ტფილისში მხოლოდ მარტოსულები რჩებოდნენ, ტფილისის მეზღაპრეეები (დანიელ ჭონქაძე, ლავრენტი არდაზიანი, ა. ორბელიანი, სხვები), მოგვიანებით, აკაკი, რომელიმე სასტუმროში ჩარჩენილი. ჩამოდიოდა ვაჟა-ფშაველა და დაცარიელებულ “ივერიაში” მიჰქონდა რამე განსაკუთრებული (საჯაროში არაერთხელ მინახავს “ივერიის” აგვისტოს, ტირაჟდაცემულ ნომრებში გამოქვეყნებული ვაჟას ლექსები, ნარკვევები და მოთხრობები).

მაშინ ორთაჭალის ბაღს თავისი ფუნქცია ჰქონდა. ვინც ქალაქიდან ვერ გადიოდა, ურმებით აგზავნიდა ხოლმე ბავშვებსა და ქალებს, კაცები სარდაფებს აფარებდნენ თავს, ყინულიც ბლომად ჰქონდათ მომარაგებული. ღამეები ყოველთვის ძალიან გრილი იყო, საღამოობით ვერეზე იკრიბებოდნენ, იქ ბევრი გასართობი არსებობდა და ეს ადგილები პოეტების შთაგონების წყაროც იყო: სასაფლაო, ეკლესია, იქ მოხეტიალე ბარათაშვილი... ხალხი ქუჩაში 11-12 საათამდე სეირნობდა.

დღეს კი 11-12 საათზე აღარავინ სეირნობს. წიგნსაც იშვიათად კითხულობენ ამ დროს. ძირითადად ალბათ ტელევიზორს უყურებენ ან კომპიუტერს უსხედან. თუმცა თბილისს მაინც ჰყავს თავისი დარაჯები, ზაფხულის თბილისელები.

ჩვენ, აგვისტოში ჩარჩენილები.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG