Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობა ახალ ფინანსურ პაკეტზე მუშაობს


პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
შაბათს საქართველოს მინისტრთა კაბინეტი ფინანსთა სამინისტროში შეიკრიბა და დახურულ კარს მიღმა ახალ ფინანსურ პაკეტზე იმსჯელა. მისი ოფიციალური პრეზენტაცია რამდენიმე დღეში გაიმართება. მანამდე კი ცნობილია, რომ ახალი ფინანსური პაკეტი 2009 წლის ბიუჯეტის გაზრდას, სახაზინო ვალდებულებებით შიდა ვალის აღებას და ქვეყნის ეკონომიკის სტიმულირების სხვა ინიციატივებსაც მოიცავს.

საქართველოს მთავრობა ბოლო დროს ხშირად ლაპარაკობს ახალი ფინანსური პაკეტის შესახებ, რომლითაც ის უახლოეს საპარლამენტო სხდომაზე წარდგება. ოფიციალურ პრეზენტაციამდე, რომელიც რამდენიმე დღეში უნდა გაიმართოს, კაბინეტის სხვადასხვა წევრი ფინანსური პაკეტის სხვადასხვა მიმართულებაზე საუბრობს. ერთ-ერთი მათგანია მიმდინარე ბიუჯეტის გაზრდა, მიუხედავად იმისა, რომ საგადასახადო შემოსავლებმა კლება იწყო. 312 მილიონი ლარის ოდენობით გაზრდილი ბიუჯეტით ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება განხორციელდება, რაც, მთავრობის აზრით, ეკონომიკის გამოცოცხლების საფუძველი უნდა გახდეს. პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის განცხადებით, ბიუჯეტის გაზრდა, ძირითადად, შიდა ვალის მეშვეობით მოხდება: პრემიერმა განმარტა, რომ მთავრობა სამი მიმართულებით მუშაობს: პირველი - ბიუჯეტის გაზრდა 312 მილიონი ლარით; მეორე: ახალი საფინანსო პაკეტი; და მესამე: საერთაშორისო პროექტები.

რაც შეეხება ახალი საფინანსო პაკეტის ძირითად სიახლეს, მთავრობა 250 მილიონი ლარის ღირებულების სახაზინო ვალდებულებების, ანუ ობლიგაციების, გამოშვებას აპირებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ის ადგილობრივი ბანკებისგან ფულს ისესხებს. მთავრობის აზრით, ამით ფინანსური ბაზრის გამოცოცხლებას შეძლებს, რაც სხვა ბიზნესაქტივობებსაც წაახალისებს.

სხვაგვარად ფიქრობენ მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ოპონენტები - მათ შორის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, შოთა გვენეტაძე. დაახლოებით ერთი წლის წინ ის საპარლამენტო უმრავლესობის წევრი იყო და მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკასაც აქტიურად უჭერდა მხარს. დღეს გვენეტაძე "გაუგონარსა" და "უპასუხისმგებლოს" უწოდებს მთავრობის განცხადებას, რომ მან ახალი ვალდებულებები უნდა იკისროს მაშინ, როცა ბიუჯეტი გარღვევის წინაშეა.

შექმნილ რთულ ეკონომიკურ ვითარებაში საქართველოს მთავრობას ვალის აღების რეკომენდაცია მისცა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, მაგრამ ფონდი საქართველოს საგარეო ვალის აღებას ურჩევს, რადგან საქართველოს საგარეო ვალი მცირეა და მას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები უყოყმანოდ მისცემენ ახალ სესხებს. თუმცა ოფიციალურმა თბილისმა სხვა გზა აირჩია.

რაც შეეხება საერთაშორისო დახმარების გაზრდასა და ამის საფუძველზე საქართველოს ბიუჯეტის ხარჯების მატებას, მთავრობას მიაჩნია რომ ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებით სტიმულს მისცემს ბიზნესის გამოცოცხლებას. სხვაგვარად ფიქრობენ ეკონომიკის ექსპერტები, მათ შორის, ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” პრეზიდენტი პაატა შეშელიძე: "ფული შემოდის არა იმის ხარჯზე, რომ რაღაც გაიყიდა, არამედ შემოდის ნაჩუქარი ფული", ამბობს შეშელიძე. ეს კი, მისი აზრით, იმას ნიშნავს, რომ არსებული რესურსები, უბრალოდ, ძვირდება და, შესაბამისად, ძვირდება ცხოვრებაც. ეს გამოსავალი არ არისო, დასძენს ექსპერტი.

საქართველოს მთავრობის ახალი ფინანსური პაკეტისა და გაზრდილი ბიუჯეტის ოფიციალური პრეზენტაცია ერთ კვირაში იგეგმება.
XS
SM
MD
LG