Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პეტერ სემნები განაგრძობს მოლაპარაკებას დიალოგის განახლების საკითხზე


21 მაისის დილიდან ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკება განაახლა ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში პეტერ სემნებიმ. ევროპელი დიპლომატის ქართველ პოლიტიკოსებთან გამართული მორიგი შეხვედრების თემა პრაქტიკულად არ შეცვლილა და იგი თამაშის წესებზე შეთანხმებასა და პოლიტიკური დიალოგის განახლებას ემსახურებოდა. ნაწილობრივ განსხვავებული იყო არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელთა მიერ დასმული აქცენტები.

პეტერ სემნები საქართველოში 21 მაისს გამთენიისას ჩამოვიდა. პირველი შეხვედრა მან საქართველოს სახალხო დამცველთან სოზარ სუბართან გამართა. შეხვედრაზე სოზარ სუბარმა ბოლო ხანს საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების გამოუძიებლობის საკითხი დასვა და ევროკავშირს ამ მიმართულებით ხელისუფლებაზე ზეგავლენის მოხდენა სთხოვა.

საქართველოს სახალხო დამცველის შემდეგ პეტერ სემნებიმ არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები მიიღო. სწორედ მათთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ითქვა, რომ საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვის საუკეთესო საშუალება პოლიტიკურ თემებზე მოლაპარაკებებია.

“განსახილველი თემა არ იცვლება - როგორ დავსვათ პოლიტიკური ძალები ერთად, რათა თამაშის წესების, კონსტიტუციის, არჩევნების, მედიის საკითხების განხილვა შეძლონ. უნდა განვიხილოთ ეს თემები იმისათვის, რომ პოლიტიკური სიტუაციის განმუხტვის საფუძველი შეიქმნას.“

განაცხადა არასაპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში პეტერ სემნებიმ. შეხვედრიდან გამოსული ქართველი ოპოზიციონერები კი განმარტავდნენ, რომ საპროტესტო აქციებისა და ხელისუფლებასთან დიალოგის შესაძლებლობის გარდა, ევროპელ დიპლომატს სხვა საკითხებზეც ესაუბრნენ. რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ მისთვის საინტერესოა ევროკავშირის წარმომადგენლის მოსაზრების მოსმენა ჟენევის პროცესსა და გაეროს გენერალური მდივნის მოხსენების შესახებ. ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ კი მედიასა და ხელისუფლებას ბრალი დასდო იმაში, რომ ისინი ოპოზიციის ლიდერების ერთგვარ იზოლირებას ახდენენ. მისი თქმით, ხელისუფლება არასაპარლამენტო ოპოზიციის დისკრედიტაციას ინფორმაციის გაკონტროლებითაც ცდილობს და მედიასაშუალებებს ოპოზიციის მხოლოდ იმ კომენტარების გავრცელების უფლებას აძლევს, რომელიც საპროტესტო აქციებს შეეხება.

რაც შეეხება მიმდინარე საკითხებს, ”საქართველოს გზის” ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპელი დიპლომატის ყურადღება საქართველოს ჯარსა და ეკონომიკაში შექმნილ პრობლემებს მიაპყრო.

არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ პეტერ სემნები დახურულ კარს მიღმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს ესაუბრა. ევროკავშირის წარმომადგენლებთან მისი შეხვედრის ძირითადი თემაც პოლიტიკური კრიზისის დიალოგის გზით განმუხტვის უზრუნველყოფა იყო. შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით ბაქრაძემ მედიასთან საუბარი არ ისურვა, პეტერ სემნებიმ კი განაცხადა, რომ კრიზისის განმუხტვასთან დაკავშირებით ოპტიმისტურადაა განწყობილი. ”დაძაბულობის განმუხტვა ორივე მხარეს სურს, განსხვავებები მეთოდოლოგიაშია, თუმცა იმედია, რომ კომპრომისები გამოჩნდება”, - თქვა პეტერ სემნებიმ.
XS
SM
MD
LG