Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თომას ჰამარბერგმა საქართველოს შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა


თომას ჰამარბერგი საქართველოში ერთ-ერთი სტუმრობისას
თომას ჰამარბერგი საქართველოში ერთ-ერთი სტუმრობისას
თომას ჰამარბერგი საქართველოში 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა უფლებების დასაცავად საერთაშორისო წარმომადგენლობის გაგრძელებასა და შემდგომი ძალისხმევის გაზრდას მოითხოვს.

15 მაისს ევროსაბჭოს კომისარმა ადამიანის უფლებების საკითხებში თომას ჰამარბერგმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც აღნიშნავს, რომ „გასული წლის შეიარაღებული კონფლიქტის ყველა მონაწილემ უნდა უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა მდგომარეობის უფრო სწრაფი გაუმჯობესება“.

რუსეთ–საქართველოს ომის შემდეგ საქართველოში ჰამარბერგის მეოთხე ვიზიტის შედეგად მომზადებულ მოხსენებაში კომისარი ხაზგასმით აცხადებს, რომ აუცილებელია მის მიერ შემუშავებული ექვსი პრინციპის შესრულება. ეს პრინციპები მოიცავს: დევნილთა უფლებას დაბრუნდნენ თავიანთ საცხოვრებელ სახლებში; ასევე მათი დახმარებისა და მხარდაჭერის, განნაღმვითი სამუშაოების ჩატარების, ნდობისა და უსაფრთხოების აღდგენის, პატიმრებისა და ტყვეების გაცვლისა და ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი მიწოდების აუცილებლობას.

გარდა ამისა, მოხსენებაში დიდი ყურადღება ეთმობა აფხაზეთში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის კონკრეტულ საკითხებს. მათ შორისაა: თავისუფალი გადაადგილებისა და დაბრუნების უფლება, პასპორტიზაციისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების პრობლემები და გალის რაიონის სკოლებში ქართული ენის სტატუსის საკითხები.

ჰამარბერგის მოხსენებაში ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ აუცილებელია გაუგრძელდეს კონკრეტული მანდატი საერთაშორისო წარმომადგენლობას, რომელიც უზრუნველყოფდა მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვას. ევროსაბჭოს კომისრის აზრით, აფხაზეთში გაეროს მისია 2009 წლის 15 ივნისის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს.

ადამიანები არ უნდა იყვნენ პოლიტიკური პროცესების მძევლებიო, – აღნიშნა ევროსაბჭოს კომისარმა ადამიანის უფლებების საკითხებში თომას ჰამერბერგმა.
XS
SM
MD
LG