Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის ყოველკვირეული მიმოხილვა


“ჯერ უნდა მივაღწიოთ შეთანხმებას და მერე მის პირნათლად შესრულებას”, “სახელმწიფოებრიობა სწორედ სასამართლოსა და მედიის თავისუფლება გახლავთ”. პეტერ სემნების ეს სიტყვები აქვს გამოტანილი ”კვირის პალიტრის” ინტერვიუს სათაურში. შესავალში კი ნათქვამია, რომ უკვე რამდენიმე დღეა, ევროპელი დიპლომატი აქტიურად ცდილობს მხარეები მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასხას. ინტერვიუ საკმაოდ ვრცელია. აი ერთი ამონარიდი: ”ხელისუფლება და ოპოზიცია უნდა შეთანხმდნენ თამაშის წესებზე. ამ წესებს ჰქვია კონსტიტუციის ცვლილება, საარჩევნო სისტემის რეფორმირება, როდესაც მიღწეული იქნება კონსენსუსი. ეს უნდა იყოს მთავარი - როდესაც მხარეები აღწევენ შეთანხმებას, შემდეგ ეს შეთანხმება პირნათლად სრულდება და ცვლილება სახელმწიფოს საფუძვლად იქცევა”, - განაცხადა პეტერ სემნებიმ.

იმავე დღეს გაზეთ ”24 საათში” ექსპერტი დავით აფრასიძე წერდა: ,,მთავარი შედეგი, რომელიც მიმდინარე აქციებს შეიძლება მოჰყვეს, არის მიტინგის, როგორც პოლიტიკის მიზნების მიღწევის მთავარი საშუალების, აღსასრული. შეიძლება ბევრი შემეკამათოს, რადგან, ერთი შეხედვით, ქუჩის აქციები ისე შემოვიდა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომ საერთაშორისო საზოგადოებამაც კი აღიარა იგი პოლიტიკური სისტემის ნაწილად - 9 აპრილს დაწყებულ მანიფესტაციებს ევროპელი მონიტორები ისე აკვირდებიან, თითქოს არჩევნებთან ჰქონდეთ საქმე...”

გაზეთში ”მთელი კვირა” კი ორშაბათს ასეთ სიტყვებს წაიკითხავდით: “ვფიქრობ, ხალხის ძალიან დიდი უმრავლესობა საერთოდ არ იღებს ამ პროცესებში მონაწილეობას და განზე დგას. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდა, ეს მაინც ხალხის მხოლოდ და მხოლოდ ერთი, მცირე ნაწილია.” - ამ სიტყვების ავტორი ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე გახლავთ. მისი სიტყვებია:
“მე, ალბათ, ქართული საზოგადოების სწორედ იმ უმრავლესობას მივეკუთვნები, ვინც ამ პოლიტიკურ შერკინებაში თავის ადგილს ვერ ხედავს. პოლიტიკური პარტიები, ხელისუფლებაში თუ ხელისუფლების გარეთ მყოფები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ვიღაცას წარმოადგენენ, მგონია, რომ მხოლოდ იმ პატარა ჯგუფებს წარმოადგენენ, რომლებიც სწორედ ამ პარტიებშია და მეტს არავის... თუ დემოკრატიის აშენება გვინდა, რასაკვირველია, ეს უნდა ემყარებოდეს ფართო ბაზას... ” - ამბობს ლაშა ბაქრაძე.

ორშაბათიდან მოყოლებული, მთელი კვირის განმავლობაში ქართულ პრესაში ყოველდღიურად იბეჭდებოდა დაწვრილებითი რეპორტაჟები მიტინგებიდან თუ კარვებისა და საკნების აქციებიდან. უხვად იბეჭდებოდა პოლიტიკოსთა მოსაზრებები, ექსპერტები კი სიტუაციის გაანალიზებას ცდილობდნენ.

“ჯერჯერობით გრძელდება ნერვების გამოცდა. საკითხი ასე დგას - ვის უმტყუნებს ნერვები”, - უთხრა “ალიანსი საქართველოსთვის” წევრმა ვახტანგ ხმალაძემ გაზეთ “ახალ თაობას”. – ”ამ დროისთვის ჩემი შთაბეჭდილება ასეთია, რომ ოპოზიციას ნერვული სისტემა კარგ მდგომარეობაში აქვს. მაგრამ ხელისუფლებას შიგადაშიგ ნერვებმა უკვე უმტყუნა. ამაზე მიუთითებს ის შემთხვევები, რომლებიც ხალხის თავშეყრის ადგილის გარეთ ხდება... ”

კვირის ბოლოს კი გია ყარყარაშვილი გაზეთ “ვერსიისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს: “ჩვენ წითელფორმიანები გვყავს. რომლებიც ახლა მიტინგის პერიმეტრსაც გასცდებიან. 500-ს უკვე აცვია წითელი მაისური. თუ დაგვჭირდა, 5 ათასს ჩავაცვამთ. იმისთვისაც კი მზად ვარ, შსს-ს მიერ დასახელებულ ადამიანს დაველაპარაკო, როგორ დავიცვათ თითოეული მოქალაქე. არანაირი შეიარაღება არ იქნება. შსს-ს ვთხოვ, თავად დაიცვან მოქალაქეები. თუ არადა, ჩავთვლი, რომ ჩემი დანიშნულება ყოფილა ამის გაკეთება ”, - განაცხადა გია ყარყარაშვილმა.

შუა კვირიდან გააქტიურდა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგზე საუბარი. პრესაში გაიჟღერა კოალიციური მთავრობის თემამაც. - ამაზე გაზეთ ”ყველა სიახლისათვის” მიცემულ ინტერვიუში რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილიც საუბრობს: ”კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება მხოლოდ პრეზიდენტს შეუძლია. თუ სააკაშვილი შეხვდება ოპოზიციას და კონკრეტულად გვეტყვის, რას გვთავაზობს, ნამდვილად მოვუსმენთ. გიგი უგულავა აცხადებს, მერის არჩევნების წესი უნდა შეიცვალოსო. გამაგებინეთ ერთი, ვინ ეკითხება გიგი უგულავას საარჩევნო კოდექსის ცვლილებას. რასაც დღეს ხელისუფლება აკეთებს, მხოლოდ ცარიელი ლაპარაკი და ლაზღანდარობაა. ხელისუფლება, შექმნილი კრიზისის გათვალისწინებით, სრულიად შეუსაბამოდ და უპასუხისმგებლოდ იქცევა”, - განაცხადა ინტერვიუში ლევან ბერძენიშვილმა.

შაბათს ”რეზონანსი” პოლიტიკის ექსპერტ შალვა ფიჩხაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს: “ამ ეტაპზე ამერიკას არ აწყობს სააკაშვილის გადადგომა. თუ შექმნილ მდგომარეობას ამერიკის თვალით შევხედავთ, დავინახავთ, რომ ისინი ჯერჯერობით ვერ ხედავენ მის შემცვლელს. ... საქართველოში სოციალური გამოკითხვების შედეგები ლამის გასაიდუმლოებულია, მაგრამ ხანდახან მაინც გვივარდება ხოლმე ხელში. ამ გამოკითხვებს თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ, ჯამურად, ოპოზიციის ლიდერებს სააკაშვილზე გაცილებით დიდი მხარდაჭერა აქვთ, მაგრამ ცალკე აღებულ ერთ რომელიმე მათგანს, მოსახლეობის დიდი ნაწილის მხარდაჭერა არ აქვს. სანამ ვითარება ასეთი იქნება, მიმაჩნია, რომ ამერიკელები სააკაშვილს გადადგომას არ დააძალებენ”, - ამბობს შალვა ფიჩხაძე ინტერვიუში, სათაურით: “ვფიქრობ, ამერიკაში სააკაშვილს კონკურენტუნარიანი პოლიტიკური გარემოს შექმნას მოსთხოვენ.”

“კულმინაციური ეტაპი” - ასე აფასებენ ლიდერები მომავალი სამშაბათიდან გასამართ საპროტესტო აქციებს”, - წერს შაბათის “რეზონანსი” მთავარ პუბლიკაციაში, სათაურით ”აქციები და პიკეტირება - აღდგომამდე და აღდგომის შემდეგ”.
გაზეთ ”საქართველოს რესპუბლიკის” შაბათის ნომრის ქუდი კი ამგვარია: ”წინასააღდგომოდ აღმდგარი საქართველო!”
XS
SM
MD
LG