Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს სამიტის შედეგები


ნატოს სამიტი
ნატოს სამიტი
სტრასბურგში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 60 წლისთავისადმი მიძღვნილი სამიტი დასრულდა. ალიანსის წევრებმა საზეიმო ვითარებაში აღნიშნეს ნატოში ორი ახალი ქვეყნის ოფიციალურად მიღება. ალბანეთისა და ხორვატიის პრეზიდენტებს ნატოს დამფუძნებელი ხელნაწერი დოკუმენტის ასლები პირადად აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გადასცა. საზეიმო ცერემონიალების გარდა, ნატოს სამიტზე განიხილეს ავღანეთში ალიანსის ახალი სტრატეგიის საკითხები და ურთიერთობა რუსეთთან გასული წლის აგვისტოს თვეში რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ შექმნილ რეალობაში.

ნატოს საიუბილეო სამიტი ბადენ-ბადენში დაიწყო, შემდეგ კი სტრასბურგში გაგრძელდა. ნატოს 28 ლიდერმა ფეხით გაიარა ხიდი მდინარე რეინზე, რომელიც გერმანიასა და საფრანგეთს აკავშირებს. პირველ რიგში იყვნენ აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და ნატოს გენერალური მდივანი იაპ დე ჰოოპ სხეფერი. მშვიდობის ხიდს სიმბოლურად გადაუფრინეს სამხედრო თვითმფრინავებმა, რომლებმაც ცაში ლურჯი და თეთრი კვალი დატოვეს, ნატოს სამხედრო ბლოკის ფერები.

Your JavaScript is turned off or you have an old version of Adobe's Flash Player. Get the latest Flash player.


ამ სიმბოლური ცერემონიალის მიზანი იყო იმის ხაზგასმა, რომ სამხედრო ბლოკი მშვიდობისა და გაერთიანებისთვისაა შექმნილი და არა კონფრონტაციისთვის. ამ სულისკვეთებითაა გამსჭვალული ნატოს სამიტის კომუნიკე, რომელიც საქართველოსაც შეეხება - კერძოდ კი, დოკუმენტის 29-ე და 32-ე მუხლები.

მათში კიდევ ერთხელ არის დადასტურებული ერთგულება ძველი გადაწყვეტილებისა, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან. ასევე გამოთქმულია მოწოდება ჟენევის მოლაპარაკებათა პროცესის გაგრძელების აუცილებლობის შესახებ და ისიც, რომ აუცილებელია რუსეთმა შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბერს ნაკისრი ვალდებულებები.

აქვე ნატომ გადაწყვიტა რუსეთთან თანამშრომლობა აღადგინოს ნატო-რუსეთის საბჭოს ფარგლებში. ამ საკითხში ალიანსის პოზიცია ნატოს წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ გაახმაურა:

“რუსეთთან თანამშრომლობის სურვილი არ ნიშნავს კომპრომისზე წასვლას ალიანსისთვის მთავარ პრინციპებთან მიმართებით - მთავარ პრინციპებთან, როგორიცაა 21-ე საუკუნეში გავლენის სფეროების უარყოფა; უარყოფა იმისა, რაც საქართველოში ვიხილეთ - კომპრომისზე წასვლა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხში, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებით.”

დასკვნით კომუნიკეში ნატო მოუწოდებს რუსეთს, გადახედოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ცნობის საკითხს, და ისიც არის აღნიშნული, რომ ამ რეგიონებში რუსეთის სამხედრო ყოფნა დაუშვებელია საქართველოსთან შეთანხმების გარეშე.

ალბანეთსა და ხორვატიას აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პირადად მიულოცა ალიანსში შესვლა
აქვე აღსანიშნავია, რომ ნატოს საიუბილეო სამიტზე ორ ახალ წევრს, ალბანეთსა და ხორვატიას, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პირადად მიულოცა ალიანსში შესვლა და განაცხადა, რომ ნატოს კარი კვლავაც ღია რჩება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც გაწევრიანებას ესწრაფვიან:

“გაწევრიანებისთვის კარი ღია დარჩება სხვა ქვეყნებისთვისაც, რომლებიც აკმაყოფილებენ ნატოს სტენდარტებს და შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ ალიანსის უსაფრთხოებაში.”

ამ საკითხის გარდა, ნატოს საიუბილეო სამიტის მთავარი თემა იყო ნატოს ახალი სტრატეგია ავღანეთში. მისი შეცვლის ინიციატივით გამოვიდა აშშ, რომლის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, ავღანეთში სამხედრო მისიის გაძლიერებასთან ერთად ეკონომიკისა და სამოქალაქო სექტორის განვითარების ხელშეწყობის იდეა წამოაყენა. ბარაკ ობამას ამ ინიციატივამ ევროპელი მოკავშირეების მხარდაჭერა მოიპოვა:

”ყველას ესმის ნატოში, რომ ალყაიდა ყველასთვის საფრთხეს წარმოადგენს და რომ მხოლოდ კოლექტიური ძალისხმევით შეიძლება მივაღწიოთ მიზანს. და მე მოხარული ვარ, რომ ჩვენმა მოკავშირეებმა ნატოში განაცხადეს, რომ ერთსულოვანნი არიან და მხარს უჭერენ ჩვენს ახალ სტრატეგიას.”

ავღანეთის გარდა, ნატოს მოკავშირეები პაკისტანის უსაფრთხოებასა და განვითარებაზეც იზრუნებენ.

დაბოლოს, სამიტის კიდევ ერთი მთავარი თემა ალიანსის შემდეგი გენერალური მდივნის ვინაობის გარკვევა იყო. ნატოს წევრებმა ორდღიანი დისკუსიის შემდეგ დაძლიეს შიდა უთანხმოება და ორგანიზაციის გენერალურ მდივნად დანიის პრემიერ-მინისტრი ანდერს-ფოგ რასმუსენი დაასახელეს. იგი მოვალეობის შესრულებას მიმდინარე წლის აგვისტოდან შეუდგება.
XS
SM
MD
LG