Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 31 მარტი 2009


რუსეთში დღეს თითქმის ყველა გაზეთი გამოეხმაურა მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ნეგატიურ პროგნოზს კრიზისის პირობებში რუსეთის ეკონომიკის მდგომარეობის თაობაზე. ”ნეზავისიმაია გაზეტას” პუბლიკაციას ამ თემაზე ასეთი სათაური ჰქონდა: ”რუსეთი ვერ ეწერება დიდ ოცეულში”.

”კომერსანტი” წერს, რომ რუსეთი, ფაქტობრივად, უარს ამბობს თავისი წინადადებების უმეტეს ნაწილზე, რომლებიც დიდი ოცეულის სამიტისთვის მოამზადა.

სამიტი 2 აპრილს იწყება, წინადადებები კი რუსეთმა მარტის შუა რიცხვებში გამოაქვეყნა. მათ შორის იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეფორმა.

”კომერსანტის” ინფორმაციით, დიდი ოცეული რუსეთის მიერ შეთავაზებული ენერგოუსაფრთხოების თემითაც არ დაინტერესდება. გაზეთი წერს: ,,კრემლის მიერ შეთავაზებულმა ექსტრავაგანტულმა და პლანეტარულმა იდეებმა დიდი ოცეულის პარტნიორების ენთუზიაზმი არ გამოიწვია. რუსეთი მათ განხილვას დაჟინებით არ ითხოვს და, ფაქტობრივად, უკან მიაქვს ეს წინადადებები. ”

ლონდონის სამიტის რეალური დღის წესრიგი, ”კომერსანტის” მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებისკენ იხრება. მთავარი დისკუსია კი ამერიკის ბაზარზე ფინანსური რეფორმების გარშემო გაიმართება.

საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს რაც შეეხება, რუსეთის პრესის ფურცლებზე ამ დღეებში მან ასეთი სახე მიიღო: ”რუსეთი და საქართველო - ომი ტელეეკრანებზე გრძელდება” - ეს ”ნეზავისიმაია გაზეტას” სათაური გახლავთ.
გაზეთი ინტერნეტბლოგებს მიმოიხილავს და წერს, რომ მათზე აქტიურად განიხილება ფილმი ,,ოლომპუს ინფერნო”, რომელიც, გაზეთისავე განმარტებით, სამხრეთ ოსეთში აგვისტოში მიმდინარე მოვლენებს ეძღვნება.”

მოსაზრებები ურთიერთსაწინააღმდეგო იყო.
ბლოგერი, სახელად ”სმოლიაკი”, წერს: ,,სრულიად ანტიქართული ფილმია. ერთადერთი, რაც მომეწონა, ეს არის ტიპაჟები ახალგაზრდა რუსი ქალის და ამერიკელი ყმაწვილის. ჩვენმა, რუსმა, ყველაფერი იცის, მიმწოლია. ამერიკელი კი უსუსურია, ყველაფრის ეშინია. ”

ბლოგერი ”ვჰუუპი” კი წერს: ,,ბოლო ორი წლის მანძილზე გადაღებულ არც ერთ ფილმს არ მოუხდენია ჩემზე ისეთი შთაბეჭდილება, როგორც ამას... ჩვენმა ”კინოშნიკებმა გადაიღეს დოკუმენტური ფილმი, რომელიც ძალიან კარგად ჩაჯდა მხატვრული ფილმის ფორმატში. ”

”კომსომოლსკაია პრავდა” კი აღნიშნავს, რომ ამ ფილმით რუსეთმა პირველად სცადა თავისი თვალსაზრისი მხატვრული ნაწარმოებით დაეცვა, ისე როგორც ამას ჰოლივუდი აკეთებს. გაზეთი ასევე ბეჭდავს გამოხმაურებებს, ოღონდ არა ბლოგერების, არამედ, მაგალითად, ედუარდ კოკოითისას :
”ზუსტად არის აღნიშნული საინფორმაციო აგრესია, რომელიც ჩვენი რესპუბლიკის წინააღმდეგ მიდიოდა. მაგრამ ვისურვებდი, რომ მეტი ყოფილიყო გადაღებები სამხრეთ ოსეთში და არა აფხაზეთში. ჩვენ უფრო მეტის თქმა შეგვეძლო იმის შესახებ, თუ როგორ იცვლებოდა რეალობა აგრესორების საამებლად”, - ამბობს კოკოითი.

სპეცგანყოფილება ,,ალფას” ვეტერანთა ასოციაციის პრეზიდენტის სერგეი გონჩაროვის კომენტარი კი ასეთია: ” მე წინააღმდეგი ვარ, რომ ასე მალე გავაკეთოთ ისტორია. ფილმით აღფრთოვანებული არ ვარ. ნაადრევია მომხდარის შეფასება.”
XS
SM
MD
LG