Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა შეიძლება იყოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის თემა?


ბოლო დღეების განმავლობაში, ერთი მხრივ, გამწვავდა განცხადებები 9 აპრილს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, მეორე მხრივ, დაიწყო საუბარი იმის შესახებ,


რომ დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. რა შეიძლება იყოს პოლიტიკური დიალოგის თემა?

ყურადღებიანი ტელემაყურებელი ადვილად დაასკვნის, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის მოთხოვნა, ძირითადად, „რუსთავი 2“–ის, „იმედისა“ და „პირველი არხის“ ეთერით გაისმის. დიალოგზე საზოგადოებისთვის მეტად პატივსაცემი ადამიანები საუბრობენ, რომლებიც გულწრფელად ცდილობენ, თავისი მოწოდებით ქვეყანას შეიარაღებული დაპირისპირება ააცილონ. მეორე მხრივ, ტელეკომპანიების – „კავკასიისა“ და „მაესტროს“ – მაყურებლებისთვის დიალოგის შესახებ ინფორმაცია ნაკლებად ხელმისაწვდომია, რადგან მათი ეთერით, ძირითადად, ის სულისკვეთება ვრცელდება, რომ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი უახლოეს მომავალში უნდა დასრულდეს. 9 აპრილისთვის მზადებას ეხება ახალი ამბებიც.

ამ ვითარებაში ადვილად შეიძლება დავასკვნათ, რომ ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან დიალოგისკენ მოწოდება ფორმალური არ არის, რადგან მათ განცხადებებს ზურგს შესაბამისი საინფორმაციო პოლიტიკა უმაგრებს. 9 აპრილის წინ ოპოზიციის დაყოლიება მოლაპარაკებებზე ხელისუფლებისთვის მართლაც დიდი წარმატება იქნება. ოპოზიციის უარი, სხვა თუ არაფერი, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს გაანაწყენებს; ოპოზიციის თანხმობა და დიალოგის დაწყება კი დასცემს საპროტესტო მუხტს, შეამცირებს მიტინგზე მისული ადამიანების რაოდენობას და შექმნის თეორიულ შანსს, რომ ჩიხში შესული დაპირისპირება მშვიდობიანად, ნაკლები დანაკარგებით დასრულდეს.

მაგრამ რისთვის არის მზად ხელისუფლება? რა შეიძლება იყოს მოლაპარაკებების თემა? ეს თემა, რომელზე საუბარიც ხელს აძლევს ხელისუფლებას და, კარგი საინფორმაციო უზრუნველყოფის პირობებში, შესაძლოა, მისაღები აღმოჩნდეს საზოგადოების ერთი ნაწილისთვისაც, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია.

სულ რაღაც ორი თვის წინ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არაერთი პარტია იყო მზად, ხელისუფლებასთან ერთად განეხილა საპარლამენტო არჩევნების საკითხი. ზოგიერთი მათგანი საჯაროდაც აცხადებდა, რომ სწორედ ამ გზით მიაჩნდა შესაძლებლად პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა. თუმცა ბოლო ორ თვეში ოპოზიცია ბევრად უფრო რადიკალური გახდა და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე საუბარიც შეწყდა. მაგრამ ორი დღის წინ, მეთიუ ბრაიზასთან შეხვედრის შემდეგ, საყოველთაო რადიკალიზმის ფონზე, ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ პრობლემები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის გზით უნდა გადაწყდეს. საზოგადოებისთვის უცნობია, რა შეიძლება იყოს დიალოგის თემა ოპოზიციის მხრიდან, მაგრამ ცნობილია, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს არც ხალხმრავალი მიტინგის დარბევა უნდა და არც გადადგომა, მისთვის ყველაზე მისაღები გამოსავალი სწორედ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია. ამ არჩევნებისთვის ხელისუფლება უკვე დიდი ხანია ემზადება: ხუთლარიანი დაზღვევა, გვარჯილის დარიგება ყოველ ოჯახში, ფულის გამოყოფა თითოეული სოფლის საჭიროებებისთვის, შეხვედრები მოსახლეობასთან და „რუსთავი 2“–ში დამზადებული კლიპები სწორედ ამ გაცხოველებულ მზადებას ადასტურებს. ნებისმიერი საკანონმდებლო თუ საკადრო ცვლილებების პირობებში, ნებისმიერი მონიტორინგის წნეხის ქვეშ – მიხეილ სააკაშვილმა იცის, როგორ მოიგოს არჩევნები დღევანდელ საქართველოში. ამიტომ, თუ მომავალი კვირის ან კვირების განმავლობაში პოლიტიკური დიალოგის თემად ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გამოიკვეთა, ერთმნიშვნელოვნად დადასტურდება, რომ მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთი – ჯერ არდაწყებული – ბრძოლა მოუგო ოპოზიციას.
XS
SM
MD
LG