Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა, 17 მარტი 2009


17 მარტის ”ნეზავისიმაია გაზეტა” წერს: ,,როგორც ჩანს, რუსეთმა გადაწყვიტა მსოფლიო გააოცოს წინადადებათა რადიკალურობით მსოფლიო ფინანსური სისტემის

რეფორმირებისა და კრიზისიდან გამოსვლის გზებთან დაკავშირებით და, იმავდროულად, თუ გამოვა, დარტყმა მიაყენოს შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის პოზიციებს გლობალურ ეკონომიკასა და ფინანსებში.”
”იზვესტია” მსოფლიოს ეკონომიკური წესრიგის გადაწყობის იმ წინადადებებზე წერს, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტმა თავის ოფიციალურ საიტზე გამოაქვეყნა. ეს ყველაფერი კი ”დიდი ოცეულის” აპრილის სამიტს უკავშირდება, რომელიც ლონდონში უნდა გაიმართოს.

გაზეთი წერს, რომ მოსკოვის ძირითადი წინადადებები, რომელთაც მედვედევი ”დიდ ოცეულს” სთავაზობს, ახალი ზეეროვნული ვალუტების შექმნაა, რომელთა ემისიითაც დაკავებული უნდა იყოს საერთაშორისო სავალუტო ფონდი ან ახალი, მისგან დამოუკიდებელი, საერთაშორისო ფინანსური ცენტრი.

”ნეზავისიმაია გაზეტაში” გამოთქმულია ეჭვი, რომ ამერიკა და ევროკავშირი ”ვაშას” ძახილით შეხვდებიან მოსკოვის ანტიკრიზისულ წინადადებებს.
პუბლიკაციის მიხედვით, რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა გლობალური კრიზისი და მასთან დაკავშირებული ცვლილებები მსოფლიო პოლიტიკაში თავისი პოზიციების გასაძლიერებლად გამოიყენოს.

”კომერსანტი” კი წერს, მოსკოვში უწყებათაშორისი კომისიის სხდომა უნდა გამართულიყო, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა, მიიღებს თუ არა წელს სამხრეთ ოსეთი დაფინანსებას რუსეთის ბიუჯეტიდან. როგორც გაზეთისათვის გახდა ცნობილი, ეს სხდომა არ შედგაო, - წერს ”კომერსანტი”. პუბლიკაციის მიხედვით, იგი აპრილისათვის გადაუტანიათ. გაზეთი კი აღნიშნავს, ეს უკვე მეოთხედ ხდებაო, - მოსკოვმა და ცხინვალმა ვერა და ვერ მოილაპარაკეს დაფინანსების სქემაზეო.
პუბლიკაცია ”სამხრეთ ოსეთი მიღწეულს არ სჯერდება” რეპორტაჟია სამხრეთ ოსეთიდან და ხატოვნად აღწერს, როგორ მიდის ცარიელი გზა როკის გვირაბიდან მდუმარე სოფლებისა და გადაქანებული სახლებისკენ.
ის, რომ მოსკოვმა ფინანსირება შეაჩერა, აქ ყველამ იცისო, წერს გაზეთი და ადგილობრივი მკვიდრის სიტყვები მოჰყავს: მოსკოვს უნდა, რომ სამხრეთ ოსეთი აღადგინოს, მაგრამ არ უნდა, რომ ჩვენ მივიღოთ ამაში მონაწილეობა. უნდათ, რომ მხოლოდ ვიდგეთ და ვუყუროთ, როგორ ადგენენ ხარჯთაღრიცხვას მოსკოველი მშენებლები და უხარისხო საცხოვრებელს გვაბარებენ. ხმას თუ ამოვიღებთ, გვეუბნებიან: ჩვენ თქვენ ქართველებისაგან გადაგარჩინეთ, თქვენ კი კიდევ უკმაყოფილო ხართო. თუ კოლონია ვართ, პირდაპირ გვითხრან”, - წერს ”კომერსანტი”.

”სამშენებლო შეცდომები საერთო უკმაყოფილებას იწვევს ქალაქში. სოფელში უკმაყოფილება კიდევ უფრო დიდია, - ვკითხულობთ ”კომერსანტში”, - იქ მშენებლები საერთოდ არ გამოჩენილან... სამხრეთ ოსეთში ყველა მარტს ელოდა, რადგან ზამთარში ამბობდნენ, რომ მშენებლობა ძნელი იყო. ახლა კი უწყებათაშორისი კომისიის სხდომას ელოდებიან. მაგრამ, დაფინანსების სქემა კიდევაც რომ გაირკვეს, სამხრეთ ოსეთის აღდგენა მხოლოდ ზაფხულისთვის დაიწყება. ”კომერსანტს” ადგილობრივი მკვიდრის, ინარა გაბარაევას, სიტყვები მოჰყავს: ,,ჩვენ ბარგიც კი არ ამოგვილაგებია, ახლობლებთან ვცხოვრობთ. თუ აღდგენას არ დაიწყებენ, ისევ გამგზავრება მოგვიწევს.”

პუბლიკაციას კი გაზეთი ასე ამთავრებს: ცხინვალში ამბობენ, რომ აღდგენა უფრო ძნელი აღმოჩნდა, ვიდრე ომი. და თუ რესპუბლიკა დაიცლება, რუსეთი იმას გააკეთებს, რასაც საქართველომ ვერ მიაღწია.
XS
SM
MD
LG