Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა


საქართველოზე რუსეთის პრესა უწინდებურად ბევრს წერს, მაგრამ ამჯერად ორ პუბლიკაციაზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას.





საქმე ის გახლავთ, რომ გაზეთ ”ვედომოსტიში” ამ დღეებში ჯორჯ სოროსის სამი წერილი გამოქვეყნდა ზედიზედ.პირველი 10 თებერვალს დაიბეჭდა,სათაურით ”ახალი ფულის შექმნა”. 12 თებერვლის პუბლიკაციას კი ასეთი სათაური აქვს: ,,გეოპოლიტიკის ალტერნატივა: რუსეთის პრობლემა”.

პუბლიკაციაში ავტორი მთავარ კითხვას გამოკვეთს: რა რეაგირება უნდა ჰქონდეს ევროპას არაკეთილმეგობრული რუსეთის გაძლიერებაზე მის აღმოსავლეთ საზღვრებზე? ჯორჯ სოროსი წერს, რომ ქვეყნები სხვადასხვაგვარად რეაგირებენ, თავიანთი ისტორიული გამოცდილებიდან და ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, და დასძენს, რომ დღეს ევროკავშირისათვის, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ერთიანი პოლიტიკის გატარება, განსხვავებული ეროვნული ინტერესებისა და პოზიციების შეთანხმება.

რუსეთის ძალა, წერს ავტორი, მის გეოპოლიტიკურ პოზიციაშია, ევროპის უპირატესობა კი - მის ღირებულებებსა და პრინციპებში.
შემდეგ ავტორი ჩამოთვლის სისუსტეებს, რომლებიც რუსეთის ძლიერი გეოპოლიტიკური პოზიციების მიღმა არსებობს: ავტორიტარული პოლიტიკური სისტემა, ეკონომიკური კრიზისი, დემოგრაფიული პრობლემები და ასე შემდეგ.

ჯორჯ სოროსის აზრით, გრძელვადიან პერსპექტივაში პუტინის გამოხდომები დასავლეთის მიმართ მასვე შეიძლება შემოუბრუნდეს, ზუსტად ისევე, - წერს იგი, - როგორც სააკაშვილს შემოუბრუნდა გამოხდომები რუსეთის წინააღმდეგ. მაგრამ მოკლევადიან პერსპექტივაში არსებობს რეალური საშიშროება, რომ რუსეთი ეცდება თავის ძველ ოცნებას - ევროპის ნაწილი გახდეს - დომინანტი სახელმწიფოს როლზე პრეტენზიით შეასხას ხორცი,- წერს სოროსი.

მისი აზრით, მთავარი შესაძლებლობა რუსეთის გეოპოლიტიკური უპირატესობა განეიტრალდეს - ეს არის ერთიან ენერგეტიკულ პოლიტიკაზე შეთანხმება.
სტრატეგიის მეორე ნაწილად სოროსი იმას მიიჩნევს, რომ ღია საზოგადოების პრინციპები სწორხაზოვანი რეფორმებით კი არ განხორციელდეს, არამედ საერთაშორისო ფინანსური სისტემის რეფორმით და რუსეთის მეზობელი სახელმწიფოების დახმარებით. ამ მიმართებით სოროსი უკრაინას და საქართველოს ახსენებს: ,,აუცილებელია დავეხმაროთ საქართველოს, რომ დაძლიოს რუსეთის თავდასხმით გამოწვეული პრობლემები. თუმცა დახმარების ოდენობა დამოკიდებული უნდა იყოს სააკაშვილის რეჟიმის მზაობაზე დაიცვას ღია საზოგადოების პრინციპები”, - წერს ჯორჯ სოროსი.

”ვედომოსტის” 16 თებერვლის პუბლიკაციის სათური კი ამგვარია: ,,კრიზისული ლანდშაფტი: იაფი ნავთობის გეოპოლიტიკა.” აქ ჯორჯ სოროსი განაგრძობს გეოპოლიტიკის თემას. რუსეთის ძალისმიერი გეოპოლიტიკური თამაშის კულმინაცია 2008 წლის აგვისტოში იყო, საქართველოსთან შეიარაღებული კონფლიქტის დროსო, - ამბობს ჯორჯ სოროსი. - რუსეთის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის დამკვიდრებამ და გამოხდომებმა დასავლეთის წინააღმდეგ პუტინი მეტად პოპულარული გახადა რუსეთში. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში შეჭრა წარმატებული აღმოჩნდა როგორც პოლიტიკური, ასევე სამხედრო თვალსაზრისით, მან მოულოდნელი ფინანსური შედეგები გამოიწვია, - წერს ჯორჯ სოროსი. წერილს კი ასე ამთავრებს:
,,სანამ ენერგომატარებლებზე ფასების ზრდა არ დაიწყება, რუსეთში კი ეკონომიკის აღდგენა, - ეს შესაძლებელია რუსეთის მხრიდან ახალი სამხედრო ავანტიურებით მოტრიალდეს საზღვრებს გარეთ და რეპრესიების გაძლიერებით ქვეყნის შიგნით. ”
XS
SM
MD
LG