Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მორიგი „კარუსელი“ საქართველოს მთავრობაში


5 დეკემბრის საღამოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გრიგოლ მგალობლიშვილმა მორიგი სამთავრობო ცვლილებების შესახებ გამოაცხადა: შეიცვალნენ განათლების,

თავდაცვის, საგარეო საქმეთა მინისტრები. პოსტი დატოვა კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრმა, ისევე როგორც უშიშროების საბჭოს მდივანმა. ცვლილებები მოულოდნელი აღმოჩნდა არა მხოლოდ საზოგადოებისთვის, არამედ მოხსნილი და დანიშნული მინისტრებისთვისაც.
2008 წლის პირველ ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა ახალ პრემიერ-მინისტრს – გრიგოლ მგალობლიშვილს და განახლებულ მთავრობას. ცხადია, ამის შემდეგ ერთ თვეში მთავრობის შემადგენლობის გადახალისებას არავინ ელოდა. საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ პირველივე ბრიფინგზე განაცხადა, რომ წარდგენამდე მხოლოდ ნახევარი საათით ადრე შეიტყო მის კარიერაში მოსალოდნელი ცვლილების შესახებ. გაზეთ „ალიას“ ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა მოხსნამდე ზუსტად ნახევარი საათით ადრე საგანგებო თათბირი ჩაატარა და საკადრო ცვლილებას ნამდვილად არ მოელოდა.

სამთავრობო ცვლილებების განხორციელებისას პრემიერ-მინისტრს საზოგადოებისთვის „ახალი სახეები“ არ შეუთავაზებია. მიხეილ სააკაშვილის გუნდში თანამდებობის პირთა მორიგი გადანაცვლება მოხდა: იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ნიკოლოზ გვარამიას, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტი შესთავაზეს; კულტურის ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე საგარეო საქმეთა სამინისტროს უხელმძღვანელებს; თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბათუ ქუთელია მინისტრის მოვალეობას შეასრულებს, უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი ალექსანდრე ლომაია კი, გავრცელებული ხმების თანახმად, ირაკლი ალასანიას მაგივრად გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გახდება.

ჯერჯერობით ყოფილ მინისტრებს მადლობას უცხადებენ. პრემიერ-მინისტრის აზრით, მათ „ურთულეს პერიოდში ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევებს გაართვეს თავი“. პრეზიდენტის განცხადების თანახმად კი: „ვინც გავუშვით, არც ერთი არ არის გადასაგდები. ისინი მაღალ თანამდებობებზე უნდა გამოვიყენოთ“.

ექსპერტებს უჭირთ ლოგიკური ახსნა მოუძებნონ მორიგ სამთავრობო „კარუსელს“, რომლის ბრუნვას ქართული საზოგადოება 2003 წლიდან ადევნებს თვალს. აგვისტოში საქართველო–რუსეთის საომარი მოქმედებების შემდეგ, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მოხსნა გაცილებით ლოგიკურია, ვიდრე კულტურის ან გარემოს დაცვის მინისტრების, რაც ერთი თვის წინ განხორციელდა. მაგრამ, ამჟამინდელი საკადრო ცვლილებების მიუხედავად, პასუხისმგებელი აგვისტოს ომზე მაინც არავინაა. ამიტომ თანამდებობის პირების გადანაცვლებაში ექსპერტებს გაუჭირდათ უკვე გამოცხადებული „დემოკრატიის ახალი ტალღის“ კვალის ან რაიმე სხვა ლოგიკური აზრის პოვნა.

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა გაცილებით ადვილი ახსნა მოუძებნეს ხუთი დეკემბრის სამთავრობო სიახლეებს. წინა დღეს, 4 დეკემბერს, გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ირაკლი ალასანიამ. ოპოზიციონერები ფიქრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის იმდენად მძიმე დარტყმა აღმოჩნდა ალასანიას ნაბიჯი, რომ მან გადაწყვიტა სამთავრობო ცვლილებებით გადაეფარა გაეროში საქართველოს ელჩის პროტესტი. ტელეკომპანიებმა, რომლებიც ხელისუფლების მიმართ ლოიალურები არიან, მართლაც შეძლეს ირაკლი ალასანიას გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ დღის ახალი ამბების მთავარი ბლოკის მიღმა გაეტანათ. ამაში მათ სამთავრობო ცვლილებები ნამდვილად დაიხმარეს.

მაგრამ ძნელად წარმოსადგენია, წაგებული ომის შემდეგ თავდაცვის მინისტრის და უშიშროების საბჭოს მდივნის გათავისუფლება მხოლოდ ირაკლი ალასანიას ფაქტორთან იყოს დაკავშირებული. სახელისუფლო გუნდი ნელ–ნელა ინგრევა და პრეზიდენტის მიერ მიღებული სწრაფი გადაწყვეტილებები კარგავს შინაგან ლოგიკას. ერთადერთი გზა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების გახანგრძლივება შეუძლია და რითიც, სხვათა შორის, ედუარდ შევარდნაძემ გაიხანგრძლივა პრეზიდენტობა აფაზეთის დაკარგვის შემდეგ – დემოკრატიასთან შეგუებაა. ამჟამინდელი სამთავრობო „კარუსელი“ კი იმას ნიშნავს, რომ ძალაუფლება ისევ ჩაკეტილ წრეშია მოქცეული. პასუხის მოთხოვნის მაგივრად, საკუთარი გუნდის ქება სიმართლისგან ძალიან შორს არის. მედიის იმ მდგომარეობაში ჩაყენება, როდესაც დღის ერთ-ერთი მთავარი ამბავი საინფორმაციო პროგრამის ძირითადი სიუჟეტების მიღმა რჩება, ფაქტებზე ძალადობაა. ჯერჯერობით არ ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი რეალურად აპირებდეს მართვის ჩაკეტილი სტილის შეცვლას, ან სიმართლის თქმას საზოგადოებისთვის, ან პოლიტიკურ კონკურენციასთან შეგუებას.

ამიტომ ერთი დასკვნა, რაც 5 დეკემბრის სამთავრობო გადაადგილებიდან გამომდინარეობს – უფრო დიდი, გულწრფელი და რეალური ცვლილებების აუცილებლობაა. მიხეილ სააკაშვილს მოუხდება ან საკუთრ თავში იპოვოს რესურსი განახლებისთვის, ან ოპოზიციას დაუთმოს ასპარეზი ცვლილებების განსახორციელებლად.


XS
SM
MD
LG