Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამ გამოიწვია ლარის კურსის ვარდნა?


ბოლო კვირის მანძილზე საქართველოს ეროვნული ვალუტის - ლარის - კურსი საგრძნობლად დაეცა. ამის მიზეზად მსოფლიო კრიზისსა და საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს ასახელებენ.

საქართველოს ეროვნული ბანკი, რომელიც აქამდე სავალუტო რეზერვების მეშვეობით ლარის კურსის გამყარებას ცდილობდა, ახლა კურსის შენარჩუნებასაც ვეღარ ახერხებს. ლარის კურსის დაცემა კი, ბუნებრივად, სამომხმარებლო ფასების ზრდას იწვევს, რაც ისედაც არასახარბიელო ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობის დიდ ნაწილს უფრო მეტ სირთულეებს უქმნის.

ორშაბათს, საქართველოს ბანკთაშორის ბირჟაზე გამართული ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტის ახალი კურსი განისაზღვრა და მან ერთ აშშ დოლართან მიმართებაში ერთი ლარი და 65 თეთრი შეადგინა. ეს, დაახლოებით, 6 პუნქტით მეტია, ვიდრე იყო ორიოდე დღის წინ. ლარის კურსი გაცილებით მეტად დაეცა ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებსა თუ კომერციულ ბანკებში. ამის მიზეზებს ეკონომიკის ექსპერტები თითქმის ერთნაირად განმარტავენ - ესაა დოლარის შესყიდვაზე მზარდი მოთხოვნილება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ყოფილი დეპუტატის, ირაკლი კოვზანაძის კომენტარი:

[ირაკლი კოვზანაძის ხმა] „ჩვენ გვაქვს უზარმაზარი სავაჭრო დეფიციტი. ეს ნიშნავს, რომ ყოველ 1 დოლარ ექსპორტს პასუხობს 4 დოლარი იმპორტი. ეს ბალანსდებოდა ინვესტიციებით, მაგრამ ახლა ინვესტიციებიც შემცირებულია და, გამომდინარე აქედან, მოთხოვნა დოლარზე არის გაზრდილი.“ (სტილი დაცულია)

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დავით ამაღლობელის განცხადებით, ლარის გამყარება საქართველოში ბოლო დროს მომხდარი მოვლენების გამო ხდებოდა, რათა, ომისა და მსოფლიოს ფინანსური კრიზისის ფონზე, ქვეყნის ეკონომიკას დამატებითი სირთულეები არ შექმნოდა:

[დავით ამაღლობელის ხმა] „ლარი აღმოჩნდა ხელოვნურად გამყარებული მთელი რიგი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების მიმართ და დადგა ლარის კურსის კორექციის საჭიროება. ეს უნდა მომხდარიყო ერთდროულად, რომ დანაკარგები მინიმუმამდე შემცირებულიყო.“(სტილი დაცულია)

ამგვარი ნაბიჯის უარყოფით შედეგებზე ყოფილი პარლამენტარი, მრეწველთა პარტიის ერთ-რთი ლიდერი, ზურაბ ტყემალაძე საუბრობს. მისი განცხადებით, ლარის კურსის დაცემა ფასების ზრდას გამოიწვევს:

[ზურაბ ტყემალაძის ხმა] „ლარის კურსის ასე უაზროდ გამყარებას არ მოჰყოლია ფასების შემცირება. ბუნებრივია, ელექტროენერგიისა და გაზის ტარიფში ლარის კურსი იყო ჩადებული და ახლა ესენი ფასების გაზრდას მოითხოვენ.“


ასე არ ფიქრობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დავით ამაღლობელი. ის ფასების ზრდის ცალკეულ შემთხვევებს არ გამორიცხავს, თუმცა დარწმუნებულია, რომ ეს პროდუქციისა თუ მომსახურების საყოველთაო გაძვირებაში არ გადაიზრდება. დავით ამაღლობელის აზრით, საქართველოში არსებული ეკონომიკური ვითარება ოპტიმისტური პროგნოზის საფუძველს იძლევა:

[დავით ამაღლობელის ხმა] „გრძელვადიან პერიოდში ლარის კურსის გაუფასურების ეკონომიკური საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს სავალუტო ბაზარზე სტაბილურობის შენარჩუნებას ამ ახალ ნიშნულზე.“

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დავით ამაღლობელის განცხადებით, ამჟამად სავალუტო რეზერვები ერთ მილიარდ აშშ დოლარს აღემატება. ამას უახლოეს მომავალში დაემატება 250 მილიონი დოლარის დახმარება ამერიკის შეერთებული შტატებიდან და სხვა დახმარებები, რაც ლარის კურსის სტაბილურობას უზრუნველყოფს. მაგრამ არსებობს ეჭვი, რომ რეზერვების შენარჩუნება გაჭირდება, თუ ბოლო თვეების მანძილზე ჩამოყალიბებული ტენდენცია არ შეიცვალა: აგვისტოს მოვლენების შემდეგ მოთხოვნა აშშ დოლარის შეძენაზე სულ უფრო იზრდებოდა და ამ მოთხოვნას თითქმის მთლიანად ეროვნული ბანკის რეზერვი აკმაყოფილებდა.
XS
SM
MD
LG