ახლახან ჩეხეთის კონტრდაზვერვის სამსახურმა ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც აცხადებს, რომ ქვეყანაში მუშაობა გაააქტიურეს რუსეთის და სხვა ქვეყნების აგენტებმა. ანგარიშის თანახმად, ეს გააქტიურება უკავშირდება პრაღის მახლობლად შეერთებული შტატების მიერ ანტისარაკეტო თავდაცვითი რადარის აშენების გეგმას. ანგარიშის გამოქვეყნებას ჩეხეთში მწვავე პოლიტიკური დაპირისპირება მოჰყვა. პოლიტიკური ოპოზიცია აცხადებს, რომ დაზვერვის მასალებისთვის პოლიტიკური ელფერის მინიჭებით მთავრობა მოახლოებული არჩევნებისა და რადარის შესახებ კენჭისყრის წინ პოზიციების გამყარებას ცდილობს.
25 სექტემბერს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში ჩეხეთის კონტრდაზვერვის სამსახური აცხადებს, რომ უკანასკნელ პერიოდში ქვეყანაში რუსეთის აგენტების მოქმედება განსაკუთრებით ინტენსიური გახდა. ანგარიშის თანახმად, აგენტები აქტიურად მუშაობენ იმ მიზნით, რომ საზოგადოებრივ აზრზე იმოქმედონ და ის შეერთებული შტატების რადარის სისტემის წინააღმდეგ განაწყონ.
კონტრდაზვერვის მონაცემები ერთგვარად გაამყარა 29 სექტემბერს ჩეხეთის სამხედრო დაზვერვის მიერ გამოქვეყნებულმა ანგარიშმა. სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, გასულ წელს ”უცხოეთის სამსახურებმა” - მათ შორის, ექსპერტების თქმით, ირანულმა სააგენტოებმა - ”კონკრეტული ინტერესი” გამოავლინეს პრაღიდან 90 კილომეტრის მოშორებით შეერთებული შტატების რადარის განთავსების გეგმის მიმართ.
არც ერთ ანგარიშში არ არის დაკონკრეტებული, ამ ქმედებებით დაირღვა თუ არა ჩეხეთში მოქმედი კანონმდებლობა.
კონტრდაზვერვის ინფორმაციით, ჩეხეთის რესპუბლიკაში რუსეთის ძირითად მიზანს წარმოადგენს ნატოსა და ევროკავშირის პოზიციების დასუსტება და ცენტრალურ ევროპაში მოსკოვის უწინდელი ”უსაფრთხოების პერიმეტრის” ნაწილობრივი აღდგენა.
ყოფილი გენერალი, ამჟამად პენსიაში მყოფი ანდორ შანდორი წარსულში სამხედრო დაზვერვას ხელმძღვანელობდა. რუსეთის მოტივების შესახებ ის ასეთ მოსაზრებას გამოთქვამს:
[შანდორის ხმა]
”რადარის სადგური რუსეთისთვის რაიმე მნიშვნელოვან სამხედრო საფრთხეს არ წარმოადგენს. თავადაც კარგად იციან, რომ, მათი ბირთვული პოტენციალის გათვალისწინებით, საერთოდ არანაირი საფრთხე არ არსებობს. საქმე გავლენის სფეროებშია. ჩვენს ტერიტორიაზე ამერიკული რადარის განთავსებით, ვფიქრობ, საბოლოოდ დავასრულებთ იმ პერიოდს, როდესაც რუსებს ჩვენს ტერიტორიაზე ყველაფრის გაკეთება შეეძლოთ.”
კონტრდაზვერვის ანგარიშის თანახმად, რუსი აგენტები, რომლებიც ხშირად დიპლომატიის სახელით მოქმედებდნენ, ცდილობდნენ გავლენა მოეხდინათ ჩეხ პოლიტიკოსებსა და მედიაზე, რადარის მიმართ წინააღმდეგობის გაზრდის მიზნით. ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთის აგენტები ჩეხეთის რესპუბლიკაში მოქმედ სამოქალაქო ორგანიზაციებშიც ცდილობდნენ შეღწევას. ნიშანდობლივია, რომ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, ჩეხეთის მოსახლეთა უმრავლესობა ქვეყანაში რადარის განთავსების მოწინააღმდეგეა.
რადარის წინააღმდეგ მოქმედი ყველაზე გავლენიანი ორგანიზაცია ”უარი ბაზებს” რუსეთთან ყველანაირ კავშირს უარყოფს.
მაგრამ, შანდორის თქმით, რუსეთს ჩეხეთის ტერიტორიაზე წარმატებული სადაზვერვო საქმიანობის დიდი გამოცდილება აქვს. მისი თქმით, გასაკვირი არ იქნება, თუკი მოსკოვი, რომელიც გადაჭრით ეწინააღმდეგება შეერთებული შტატების ანტისარაკეტო თავდაცვით სისტემას, რომლის მეორე ნაწილიც მეზობელ პოლონეთში უნდა განთავსდეს, ამ სისტემის წინააღმდეგ იმოქმედებს:
[შანდორის ხმა]
”რუსებისთვის ძალიან ხელსაყრელია, უბრალოდ, ინფორმაციის გავრცელება, რომ რადარი გარემოსთვის იქნება ცუდი, რომ ის ახლოს მცხოვრები ხალხის ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის, რომ მას საჰაერო კატასტროფების გამოწვევა შეეძლება და ასე შემდეგ. ამის გაკეთების მრავალი გზა არსებობს. მათ შეუძლიათ დააფინანსონ ორგანიზაციები, რომლებიც რადარს მტკიცედ ეწინააღმდეგებიან. და თან ამას ისე გააკეთებენ, რომ ამ ორგანიზაციების წარმომადგენლებს ამის შესახებ არც ეცოდინებათ.”
რადარის საკითხი ჩეხეთის რესპუბლიკაში ცხარე კამათის საგანია.
ქვეყნის მთავრობას შეერთებულ შტატებთან რადარის შესახებ ორი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. თუმცა საკითხი ჯერ კიდევ უნდა დამტკიცდეს პარლამენტში, სადაც პრემიერ-მინისტრ მირეკ ტოპოლანეკის მემარჯვენე-ცენტრისტულ მთავრობას უმრავლესობა არა აქვს.
ოპოზიციონერი სოციალ-დემოკრატები რადარის წინააღმდეგ გამოდიან.
შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ განაცხადა, რომ სისტემა მიმართული იქნება სახიფათო ქვეყნების - მაგალითად, ირანის - მხრიდან შესაძლო თავდასხმების მოსაგერიებლად. მაგრამ რუსეთი აცხადებს, რომ თავს მიზანში ამოღებულად გრძნობს. აგვისტოში რუსეთის არმიის გენერალმა, ანატოლი ნოგოვიცინმა, თქვა, რომ ამ სისტემის თავიანთ ტერიტორიებზე განთავსებით, ჩეხეთი და პოლონეთი სამხედრო შეტევის სამიზნეები ხდებიან - შესაძლოა, ატომური შეტევისაც კი.
მაგრამ ამგვარი მუქარების მიუხედავად, ჩეხეთში პოლიტიკური პარტიები რადარის საკითხის ირგვლივ განსხვავებულ პოზიციებზე რჩებიან.
მიმდინარე თვეში ჩეხეთში სენატისა და რეგიონალური არჩევნები უნდა გაიმართოს. ამ ფონზე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, სოციალ-დემოკრატმა ირჟი პაროუბეკმა მთავრობა სადაზვერვო მასალების საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ პოლიტიზირებაში დაადანაშაულა.
ამჟამად ოპოზიციაში მყოფი პეტრ უჰლი, რომელიც ყოფილი ანტიკომუნისტი და დისიდენტია, ამ მოსაზრებას ეთანხმება:
[უჰლის ხმა]
”ეს, უბრალოდ, პოლიტიკური საკითხია. არჩევნების წინ ამგვარ ნაბიჯებს ხშირად მიმართავენ ხოლმე - მოწინააღმდეგე მხარე ცდილობს იპოვოს რაიმე ნეგატიური ასპექტი, გაავრცელოს ინფორმაცია, რომელსაც მეორე მხარისათვის ზიანი მოაქვს -იმისათვის, რომ ხალხმა მათ ხმა არ მისცეს.”
უკანასკნელ წლებში ჩეხეთის სადაზვერვო სააგენტოებმა ქვეყანაში უცხოეთის სამსახურების გააქტიურების შესახებ არაერთხელ განაცხადეს. მაგრამ პეტრ უჰლის თქმით, ბოლო ბრალდებებმა მას შეუქმნა შთაბეჭდილება წარსულში დაბრუნებისა - როდესაც ყველა, ვისაც უცხოელებთან ჰქონდა კონტაქტი, კომუნისტური მთავრობის მოწინააღმდეგედ ცხადდებოდა:
[უჰლის ხმა]
”არ მინდა ის დრო დაბრუნდეს, ან 50-იანი წლები, როდესაც ეს ოფიციალურად გამოცხადდა - ისევე როგორც მაკარტიზმის დროს შეერთებულ შტატებში, როდესაც პოლიტიკა ეყრდნობოდა ეჭვებს ხალხის მიერ ანტიამერიკული ქმედებების გატარების შესახებ.”
მაგრამ ანდორ შანდორი ფიქრობს, რომ დაზვერვის ანგარიშებში სიტუაცია ობიექტურად არის აღწერილი. მისი თქმით, უმჯობესი იქნება უსაფრთხოებასთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი საკითხები - მაგალითად, რადარის საკითხი - ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ერთობლივად გადაჭრას, რათა უცხო ძალებს არ მიეცეთ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ დებატებზე გავლენის მოხდენის საშუალება.