საბჭოთა კავშირის დანგრევამ და საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადებამ ბუნებრივად გამოიწვია საზღვრების გახსნა. საზღვრების გახსნამ კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ბევრ ქართველს უცხოეთში წასვლისკენ უბიძგა. როგორია ტენდენცია, ვინ და რატომ მიდის საზღვარგარეთ?
წასულების პირველი კატეგორია იმ პროფესიონალებისგან შედგება, რომლებიც უცხოეთში სპეციალობით მუშაობენ და საკუთარი ხელფასით მთელი ოჯახის საზღვარგარეთ ცხოვრებას უზრუნველყოფენ. მათი მოტივაცია ისაა, რომ საქართველოში მეცნიერება საკმაოდ მოიკოჭლებს საიმისოდ, რომ ნამდვილი პროფესიონალები - განსაკუთრებით, ფუნდამენტური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კუთხით - მუდმივად მსოფლიო სტანდარტის დონეს ინარჩუნებდნენ. ამიტომ, ვისაც მსგავსი ამბიცია და შესაძლებლობა აქვს, უცხოეთში მიდის სამუშაოდ და საცხოვრებლად.
მეორე კატეგორიას შეადგენენ ის ახალგაზრდები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლობენ. იმის გამო, რომ მათი ოჯახის წევრები საქართველოში რჩებიან, სწავლის დასრულების შემდეგ ახალგაზრდებს, დიდწილად, გული მაინც სამშობლოსკენ მოუწევთ.
მესამე კატეგორია ყველაზე რთულია. ის იმ ადამიანებისგან შედგება, რომლებიც უცხოეთში მხოლოდ ფულის მოსაგროვებლად მიდიან. ასეთი ადამიანები საზღვარგარეთ მეტად მძიმე ფიზიკურ შრომას ეწევიან, გონებრივი შესაძლებლობებისა და უნარების მიუხედავად. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ეს ადამიანები წლობით არიან მოწყვეტილი საკუთარ ოჯახებს და არავინ იცის, როდის დადგება დრო, როდესაც ოჯახის საქართველოში დარჩენილი წევრები უცხოეთში წასულ დედას ან მამას ეტყვიან: მორჩა, ახლა დაბრუნდი და დაისვენეო. ჯერჯერობით თითოეულ ჩვენგანს წასული ბევრი უნახავს, ჩამოსული კი – ცოტა. და არა იმიტომ, რომ წასულებს უცხოეთში ცხოვრება მოსწონთ. უბრალოდ, ჩვენს ქვეყანაში ვერა და ვერ შეიქმნა პირობები, როდესაც ოჯახის ყველა შრომისუნარიანი წევრი იმუშავებს და ღირსეულად იცხოვრებს.
თუ უცხოეთში წასული ქართველების სამ დიდ კატეგორიას გავაერთიანებთ, გამოვა, რომ მათი მცირე ნაწილი ინტელექტუალური მოტივით არ ცხოვრობს სამშობლოში, დიდი ნაწილი კი – ეკონომიკური მოტივით.
როდესაც ქვეყანა განვითარდება, სავარაუდოდ, ორივე მოტივი მოიხსნება და უცხოეთში მხოლოდ ის ქართველები იცხოვრებენ, რომლებსაც, უბრალოდ, სხვა ქვეყანაში ცხოვრება მოსწონთ. მაგრამ, ვიდრე ქვეყანა განვითარდება, ნელ–ნელა თავს იჩენს სრულიად სხვა საფრთხე, რომელიც ძალიან მძიმე კუთხით წარმოაჩენს საქართველოს სახელმწიფოს, რადგან განსაკუთრებული მოტივით აიძულებს ადამიანებს, სამშობლო დატოვონ.
ეს მოტივი თავისუფლების შეზღუდვაა. სახელმწიფო ხილული თუ უხილავი ხერხებით ერევა ლამის ყოველი ოჯახის ცხოვრებაში, იჭრება თითოეული ადამიანის ცნობიერებაში. ოც მესამეკურსელ სტუდენტს შორის მხოლოდ ორი არ ფიქრობს, რომ მის ტელეფონს უსმენენ; რიგითი მოქალაქეები ფანჯრებს ხურავენ, ვიდრე ხელისუფლებაზე საკუთარ აზრს გამოთქვამდნენ; ქართველი ბიზნესმენები სომხეთში მიდიან, რათა თავის დასავლელ პარტნიორებს სხვა ქვეყნის ტერიტორიიდან ესაუბრონ.
უკიდურესად შეზღუდულია ისეთი მედიასივრცე, სადაც ყველა ახალი ამბავი გადმოიცემა – იმის მიუხედავად, მოსაწონია ეს ამბავი ხელისუფლებისთვის თუ – არა. ქართული სახელმწიფო დასავლური სახელმწიფოებისგან, პირველ რიგში, სწორედ იმით განსხვავდება, რომ დასავლეთში ნებისმიერი ინფორმაცია ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომია, ჩვენთან კი გაზეთ „რეზონანსის“ მკითხველი და სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–ის მაყურებელი თითქმის სხვადასხვა საქართველოში ცხოვრობენ.
როდესაც ლოკალურ სივრცეში წნეხი ძლიერდება, საზღვრები კი ღიაა, თავისუფლებისმოყვარე ადამიანები, როგორც წესი, საზღვრებს მიღმა გარბიან. დაწნეხილ სივრცეში კი რჩებიან რეჟიმის მსახურები და ის ადამიანები, რომლებისთვისაც პირადი თავისუფლება განსაკუთრებულ ღირებულებას არ წარმოადგენს. რაღაც მსგავსი უკვე ხდებოდა ასლან აბაშიძის აჭარაში. დღევანდელ საქართველოში ეს პროცესი რომ დაწყებულია, იმითაც მივხვდებით, თუ დავაკვირდებით, რამდენად შეზღუდულია ჩვენს ქვეყანაში შემოქმედება, რომელიც, თავის მხრივ, მხოლოდ თავისუფალ გარემოში არსებობს: კარგი მხატვრები მასწავლებლობენ, კარგი პოეტები – პოლიტიკოსობენ, კარგი მსახიობები – რიტორიკოსობენ. სადღაა შემოქმედება? ან სად იყო ის ასლანის აჭარაში?
თუ ინტელექტუალური და ეკონომიკური მოტივით ქვეყნიდან წასულ ადამიანებს ისინიც შეუერთდებიან, ვისაც თავისუფლება ძვირად უღირს – ამ პროცესს თითოეული რადიომსმენელი თავის ირგვლივ არსებულ გარემოში ამოიცნობს და დღევანდელ რეპორტაჟსაც გაიხსენებს.