Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წინასაარჩევნო პოლიტიკური გარემო


დღეისათვის საარჩევნო გარემო ამგვარად შეიძლება შეფასდეს: 5 იანვრის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობამ რიგი საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა,






რომელთა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მაჟორიტარულ და პროპორციულ სეგმენტებს შორის ახალი ბალანსის ჩამოყალიბება: მომავალ პარლამენტში 75 მაჟორიტარი და 75 პარტიული კანდიდატი იქნება, თანაც, თითოეული რაიონი თითო მაჟორიტარს აირჩევს და არჩევნებს ის ადამიანი მოიგებს, რომელიც ამომრჩეველთა ხმების თუნდაც 30%–ს მოაგროვებს.

ამ საკანონმდებლო ცვლილებას ნაციონალური მოძრაობისთვის წონა განსაკუთრებით მას შემდეგ შეემატა, რაც რესპუბლიკური პარტია გაერთიანებულ ოპოზიციას გაემიჯნა. დღეს ყველა რაიონში ხელისუფლების მომხრეთა ხმები ნაციონალების მაჟორიტარი კანდიდატის ირგვლივ იკრიბება, პროტესტულად განწყობილი ელექტორატის ხმები კი ორ, სამ ან მეტ ოპოზიციურ კანდიდატს შორის იყოფა.

რაც შეეხება პარტიული სიით არჩევნებს, აქ უპირატესობა ოპოზიციის მხარესაა, რასაც ორი ფაქტორი განაპირობებს. ჯერ ერთი, საპარლამენტო ბარიერმა 7%–დან 5%–მდე დაიწია, რაც მეტ პარტიას აძლევს პარლამენტში შესვლის შანსს; მეორეც – პროპორციულ არჩევნებში მაჟორიტარული არჩევნების ზუსტად საპირისპირო წესი მოქმედებს: ხელისუფლების მომხრეთა ხმები ერთი პარტიის ირგვლივ იკრიბება, პროტესტულად განწყობილი ამომრჩევლის ხმები კი რამდენიმე პარტიის ყულაბაში გროვდება და ერთმანეთს ემატება.

ასე რომ, თუ მომავალ პარლამენტს წარმოვიდგენთ, როგორც 75 მაჟორიტარი დეპუტატისა და 75 პარტიული სიით გასული წევრისგან შემდგარ ერთობას, პირველ 75–ში უმრავლესობის მოპოვების შანსი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას რჩება, მეორე 75–ში კი – ოპოზიციას. არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ გაირკვევა, ვინ როგორ გამოიყენებს თავის ძლიერ მხარეს და, საბოლოოდ, საპარლამენტო უმრავლესობის ბედს მაჟორიტარული არჩევნები გადაწყვეტს თუ პარტიული.

ამ შემთხვევაში, როდესაც საარჩევნო კანონმდებლობა შანსს სახელისუფლო პარტიასაც აძლევს და ოპოზიციასაც, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საინფორმაციო სივრცეს. არჩევნების კეთილსინდისიერი გაშუქება არ ნიშნავს მხოლოდ იმის დათვლას, თუ რომელმა ტელევიზიამ, რადიომ ან გაზეთმა რამდენი წუთი ან გვერდი დაუთმო ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტს. ძალიან მნიშვნელოვანია საარჩევნო გარემოს ადეკვატური აღწერა, რათა ამომრჩეველი რეალურ სურათს ხედავდეს და მასზე დაყრდნობით აკეთებდეს ინფორმირებულ არჩევანს.

რას ხედავდა ამომრჩეველი წინასაარჩევნო პერიოდში? გაერთიანებული ოპოზიციის დაყოფამ და პარტიების ერთმანეთთან დაპირისპირებამ საზოგადოება არა მხოლოდ დააბნია, არამედ გაანაწყენა. სტრატეგიული ამოცანა, რომ ოპოზიციას ჯამში საპარლამენტო უმრავლესობა მოეპოვებინა, არჩევნებამდე დადგა ეჭვის ქვეშ იმის გამო, რომ ოპოზიციამ ვერც საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებისას გაუწია ღირსეული წინააღმდეგობა ხელისუფლებას, ვერც ერთიანობა შეინარჩუნა და ისიც ვერ მოახერხა, რომ მაჟორიტარულ ოლქებში ერთმანეთის პირისპირ ძლიერი კონკურენტები არ ჩაესვა. ტელევიზიებმა მათი დაპირისპირება ღიად აჩვენა, რაც არის კიდეც მედიის მოვალეობა.

ნაციონალური მოძრაობის ხილული სახე კი ის იყო, რომ მან ბევრ რაიონში კარგი მაჟორიტარი კანდიდატი შეარჩია, კამპანია მთლიანად დადებით მუხტზე ააგო და შტაბები მუხლჩაუხრელად ამუშავა. ეს პროცესი საინფორმაციო ველში სრულყოფილად გაშუქდა. მაგრამ ინფორმაცია მხოლოდ ფარული არხებით ვრცელდებოდა იმ ზეწოლის შესახებ, რასაც არჩევნების წინ განიცდიდნენ საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლები, განსაკუთრებით, სკოლის პედაგოგები. ეს ინფორმაცია მთელ ქვეყანაში ამკვიდრებდა სამსახურის დაკარგვის შიშს, რომელსაც საფუძველი თუნდაც იმიტომ ჰქონდა, რომ 5 იანვრის შემდეგ თანამდებობა დაატოვებინეს მცხეთა–მთიანეთის, გურიისა და კახეთის გუბერნატორებს, სადაც მიხეილ სააკაშვილმა ყველაზე დაბალი მხარდაჭერა მიიღო. და რაკი არ დაინდეს გუბერნატორები, რომელთა ოფიციალურ ფუნქციებში სრულებით არ შედიოდა საარჩევნოდ ხმების მობილიზება, ცხადია, პედაგოგები და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებიც თავს დაცულად არ გრძნობდნენ.

საბოლოოდ მაინც ის გამოვიდა, რომ ხელისუფლებამ წარმოაჩინა თავისი დადებითი მხარე და დამალა უარყოფითი; ხოლო ოპოზიციამ – პირიქით: აჩვენა თავისი ცუდი მხარე და ვერ აჩვენა რეალური საარჩევნო გარემო. ამომრჩეველს ხელი, ძირითადად, იმ ინფორმაციაზე მიუწვდებოდა, რასაც სთავაზობდნენ „რუსთავი 2“, „მზე“ და საზოგადოებრივი მაუწყებელი. ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ არჩევნების საბოლოო შედეგზე გავლენას სწორედ ეს ინფორმაცია მოახდენს.













XS
SM
MD
LG