Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში ტარიკ აზიზის სასამართლო იწყება


ბაღდადში ტარიკ აზიზის სასამართლო პროცესი დაიწყო - კაცის, რომელსაც სადამ ჰუსეინის მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრისა და ვიცე-პრემიერის პოსტები ეკავა.

აზიზს შესაძლოა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანონ, თუკი სასამართლოზე დამტკიცდება, რომ 1992 წელს მან 42 ბრინჯით მოვაჭრის სიკვდილით დასჯის ბრძანება გასცა. ამ მოვაჭრეების მიმართ სადამ ჰუსეინის მთავრობის ბრალდება ის იყო, რომ მათ პროდუქტზე ფასი იმ დროს გაზარდეს, როდესაც ერაყში გაეროს სანქციები მოწმდებოდა, 1990 წელს კუვეიტში შეჭრის გამო.

ტარიკ აზიზი - ქალდეველი კათოლიკე - სადამ ჰუსეინის უშუალო გარემოცვაში ერთადერთი ქრისტიანი და მისი რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახე იყო.

ლონდონში განთავსებული ახლო აღმოსავლეთის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის იაჰია საიდის თქმით, აზიზი, რომელმაც საზოგადოებას თავი განუყრელი სიგარით დაამახსოვრა, რეჟიმის სხვა წარმომადგენლებისგან, მართლაც, ბევრი რამით განსხვავდებოდა. მას სიტუაციასთან ადაპტაციის და რთულ ვითარებაში გადარჩენის არაორდინარული უნარი ჰქონდა:

”ბაათის პარტიაში ის იმ იშვიათ ლიდერთაგანი იყო, რომლებიც რამდენიმე ათასწლეულის განმავლობაში პოლიტიკის რამდენიმე შრეში მონაწილეობდნენ. მისი თაობის ბევრი წარმომადგენელი პოლიტიკიდან წავიდა, სიკვდილით დაისაჯა ან თანამდებობიდან გათავისუფლდა. ის კი სადამ ჰუსეინის ერთგულ მომხრედ რჩებოდა.”

საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში აზიზმა მნიშვნელოვანი დიპლომატიური როლი შეასრულა ”სპარსეთის ყურის” პირველი ომისთვის მზადების პროცესში. ის თავისუფლად ფლობდა ინგლისურ ენას, ცნობილი იყო მყარი ნერვებით და მოლაპარაკების წარმოების უნარით. აზიზი ამ თვისებებს იყენებდა საერთაშორისო ასპარეზზე ერაყის წარმოჩენის დროს, ამართლებდა რა სადამ ჰუსეინის პოლიტიკას - მათ შორის, კუვეიტში შეჭრას.

აზიზი ”სპარსეთის ყურის” პირველ ომს გადაურჩა.

მაგრამ მეორე ომის შემდეგ, როდესაც შეერთებულმა შტატებმა სადამ ჰუსეინის რეჟიმი დაამხო, ის ერაყის ციხეში აღმოჩნდა. შეერთებული შტატების მიერ შემუშავებულ ეჭვმიტანილი ერაყელი ოფიციალური პირების სიაში აზიზი 43-ე ნომერი იყო. ის ამერიკელ ჯარისკაცებს 2003 წლის აპრილში ჩაბარდა - ჰუსეინის რეჟიმის დამხობიდან ორი კვირის შემდეგ.

ჰუსეინის მთავრობაში აზიზის ყოფნას ხშირად რეჟიმის რელიგიური ტოლერანტობის ნიშნად ასაღებდნენ ხოლმე. თუმცა ლონდონელი ანალიტიკოსის იაჰია საიდის თქმით, აზიზის აღმსარებლობას ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა, ვინაიდან რეჟიმი არა რელიგიას, არამედ დიქტატორის მიმართ ერთგულებას ემყარებოდა:

”ის ქრისტიანი იყო და მთავრობაში მყოფ სულ რამდენიმე ქრისტიანს წარმოადგენდა. მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი. სადამის გარემოცვაში ქურთები და შიიტებიც იყვნენ. ის სადამ ჰუსეინისა და მისი რეჟიმის ერთგული მომხრე იყო.”

ტარიკ აზიზის გარდა, მიმდინარე პროცესის დროს სასამართლოს წინაშე სხვა პირებიც წარდგებიან, მათ შორის, სადამ ჰუსეინის ნახევარძმები - ვატბან იბრაჰიმ ალ-ჰასანი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, და საბაავი იბრაჰიმ ალ-ჰასანი, უშიშროების სტრუქტურების ყოფილი მაღალჩინოსანი. გასამართლდებიან აგრეთვე ვაჭრობის ყოფილი მინისტრი და ცენტრალური ბანკის ყოფილი დირექტორიც.

პროცესს რაუფ აბდულ-რაჰმანი გაუძღვება - მოსამართლე, რომელმაც 2006 წლის მაისში სადამ ჰუსეინს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა, 80-იან წლებში სოფელ ალ-დუჯაილში შიიტი სამოქალაქო პირების მკვლელობაში შეტანილი წვლილის გამო.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG