Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტელემედია საპარლამენტო არჩევნების წინ


ბოლო კვირების განმავლობაში ქართულ სატელევიზიო სივრცეში რამდენიმე ახალი ამბავი მოხდა და რამდენიმე ახალი პროექტიც განხორციელდა.

"ვარდების რევოლუციის" შემდეგ სატელევიზიო მედიაში ორმა ტენდენციამ იმძლავრა: რამდენიმე ტელეკომპანია დაიხურა, დანარჩენებმა კი მფლობელები შეიცვალეს. ტელევიზიის მფლობელები თუ გენერალური დირექტორები იმის მიხედვით იცვლებოდნენ, რამდენად დაახლოებულნი იყვნენ ხელისუფლებაში გადაწყვეტილებების მიმღებ პირებთან. ერთადერთი ტელეკომპანია, რომელმაც ვარდების რევოლუციის შემდეგ მფლობელი შეინარჩუნა, „იმედი“ იყო. მაგრამ ახლახან ალტერნატიული აზრის გამხმოვანებელმა ამ ერთადერთმა ტელეკომპანიამაც, რომლის მაუწყებლობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება, ბოლოს და ბოლოს, ახალი მფლობელი შეიძინა. ჟოზეფ კეი, რომელსაც ენდობა ხელისუფლება და არ ენდობა ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი, დღეისათვის „იმედის“ აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელია.

ასე რომ, საბოლოოდ, ჩამოყალიბდა ვითარება, როდესაც ყველა ეროვნულ ტელეკომპანიას ხელისუფლებისთვის სასურველი და სანდო პირი ხელმძღვანელობს. სულ ბოლო სიახლე საზოგადოებრივ მაუწყებელში გენერალურ დირექტორად ლევან ყუბანეიშვილის დანიშვნაა. მას სამეურვეო საბჭოს ცხრა წევრიდან სწორედ იმ ხუთმა დაუჭირა მხარი, რომელიც საბჭოში ხელისუფლების კვოტით აირჩა. დანარჩენმა ოთხმა წევრმა კი ხმა ოპოზიციისთვის სასურველ კანდიდატს მისცა.

დღეისათვის მხოლოდ და მხოლოდ ტელეკომპანია „კავკასია“ აშუქებს ჯეროვნად ისეთ მოვლენას, როგორიც, მაგალითად, სახალხო დამცველის საჯარო მოხსენებაა ადამიანის უფლებების სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ. მხოლოდ ეს ტელევიზია უთმობს ეთერს ჟურნალისტურ გამოძიებებსაც. მაგრამ მისი მაუწყებლობა, როგორც ვიცით, ძირითადად, თბილისზე ვრცელდება.

რაც შეეხება დანარჩენ ტელეკომპანიებს, ალტერნატიული აზრის გადმოცემის თვალსაზრისით, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ ლიდერობს. მისი ეთერით კვირის განმავლობაში სამი პოლიტიკური ტოკ–შოუ გადაიცემა: „პრაიმთაიმი“, „სამკუთხედი“ და „უპასუხე ხალხს“. სამივე გადაცემაში, ესე იგი, კვირის ხუთი სამუშაო დღიდან ოთხ (ან, მინიმუმ, სამ) დღეს ოპოზიციის ლიდერებს საშუალება აქვთ, არჩევნების წინ საკუთარი ხმა მიაწვდინონ ამომრჩეველს. ასეთ პირობებში ძნელია იმის თქმა, რომ ოპოზიცია სატელევიზიო ეთერის გარეშეა დარჩენილი. ხუთივე ჟურნალისტი, რომელიც ამ გადაცემებს უძღვება, – ინგა გრიგოლია, ეკა კვესიტაძე, ნინო ჯაფიაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი და თენგო გოგოტიშვილი, – საკმარისად ამბიციურია იმისათვის, რომ ნებაყოფლობით თქვას უარი მინიმალურ სტანდარტზე და ბრმად შეასრულოს ხელისუფლების დაკვეთა.

ქმნის თუ არა პრობლემას მედიამფლობელებისა და ხელისუფლების მეგობრობა იმ ვითარებაში, როდესაც ოპოზიციას გარანტირებული აქვს ეთერი თუნდაც ერთ ტელევიზიაში? დიახ, ქმნის და ეს პრობლემა, სულ მცირე, ორი სახით იჩენს თავს.

პირველი მათგანი განსაკუთრებით საგანგაშოა. 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიცია ყოველდღე არჩევნების გაყალბებაზე საუბრობდა, მაგრამ გაყალბების მასშტაბს ვერაფრით ადასტურებდა. საქართველოს სახალხო დამცველმა მოიპოვა და 4 აპრილს გაავრცელა საარჩევნო უბნებზე გადაღებული ვიდეომასალა. თუმცა პრესკონფერენცია, რომელზეც ჟურნალისტებმა საკუთარი თვალით იხილეს არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი ფაქტები, ძალზე უფერულად გაშუქდა. საზოგადოებამ ვერ მიიღო ადეკვატური ინფორმაცია იმ დღის მთავარი მოვლენის შესახებ. ფაქტობრივად, მედიასივრცეში შექმნილია ვითარება, როდესაც შესაძლებელია უაღრესად მნიშვნელოვანი ახალი ამბის მიჩქმალვა, რისი პრეცედენტიც ბოლო წლების მანძილზე, უბრალოდ, არ ყოფილა. ეს ვითარება სრულიად ცვლის ქვეყნის ცხოვრებას, რადგან 100%–ით იცავს ხელისუფლებას მისთვის არასასურველი ახალი ამბების ჯეროვნად გაშუქებისგან.

მეორე პრობლემა ისაა, რომ ყველა არსებული ტოკ–შოუს მიზანია მაყურებლის გართობა და არა მისი ინფორმირება. ენერგიული კამათი იმის შესახებ, კანონში სიტყვა „პროპორციული“ წერია თუ სიტყვა „რეგიონალური“, რაც კარგა ხანს გრძელდებოდა გადაცემაში „უპასუხე ხალხს“, არაფრისმომცემია მაყურებლისთვის, თუკი პოლიტიკოსებს არ ექნებათ საშუალება წყნარად აუხსნან საზოგადოებას, რას ნიშნავს მოცემულ კონტექსტში ეს სიტყვები. ამის საშუალება კი, როგორც წესი, არც ერთ გადაცემაში არ არსებობს. დაკვირვებული თვალი ადვილად შეამჩნევს, რომ სამივე ტოკ–შოუ, რომელიც „რუსთავი 2“–ზე გადის, თვალ–ყურისთვის მიმზიდველია, ჭკუა–გონებისთვის კი - უსარგებლო.

აი, ასეთი სიმულაციურ–შეჯიბრებითი სატელევიზიო სივრცით ვხვდებით მორიგ საპარლამენტო არჩევნებს. ამ არჩევნების შედეგებს თავისუფალი მედიის არარსებობა, ცხადია, საგანგებო კვალს დაამჩნევს.
XS
SM
MD
LG