Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დისკუსიები ჟურნალისტური პროფესიონალიზმის შესახებ

ბოლო პერიოდის განმავლობაში ვიწრო ჟურნალისტურ წრეში, ხალხმრავალ ოფიციალურ შეხვედრებზე თუ მედიის სხვადასხვა საშუალებაში ერთბაშად გააქტიურდა

დისკუსიები თანამედროვე ქართული ჟურნალისტიკის პრობლემების შესახებ. ამ დისკუსიებს ბიძგი მისცა საზოგადოებრივ მაუწყებელში განხორციელებულმა და დაგეგმილმა ცვლილებებმა.
ჟურნალისტები და მედიის ექსპერტები მზად არიან დასხდნენ და იმსჯელონ პრობლემებზე, რომლებმაც, რამდენიმე წელიწადია, მთელი ქართული მედია მოიცვა. იმ ჟურნალისტებს შორისაც კი, რომლებსაც მრავალწლიანი თანამშრომლობა და პირადი მეგობრობა აკავშირებთ, არ არსებობს თანხმობა და ერთიანი ხედვა ძირითადი პრობლემების ირგვლივ.

ჟურნალისტების ერთი ჯგუფი ფიქრობს, რომ მთავარი საფრთხე პროფესიონალიზმის დაბალი დონე და განათლების დეფიციტია. მათ ბევრი მაგალითი მოჰყავთ, როდესაც ჟურნალისტმა პირდაპირ ეთერში გამოავლინა არატოლერანტული დამოკიდებულება სხვა ერისა თუ აღმსარებლობის ადამიანის მიმართ, როდესაც ჟურნალისტმა რესპონდენტის ღირსება შელახა ან განზრახ შეიტანა აგრესიული მუხტი მეტ–ნაკლებად მშვიდ გარემოში.

ჟურნალისტების მეორე ჯგუფი ვითარებას სხვაგვარად აფასებს. ისინი ფიქრობენ, რომ პროფესიონალიზმის დეფიციტი რეალური პრობლემაა, მაგრამ მთავარი საფრთხე მაინც ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ არსებული წნეხია. ეს საფრთხე განსაკუთრებულ ტვირთად აწვება სატელევიზიო ჟურნალისტებს – საზოგადოებისთვის მეტად თუ ნაკლებად ცნობილ სახეებს. თუმცა, სრული დაუცველობის ვითარებაში, ღიად არავინ საუბრობს პირად გამოცდილებაზე ზეწოლის, სატელეფონო ზარების, სამარცხვინო დავალებებისა და არაფორმალური ცენზურის კუთხით.

სამაგიეროდ, ჟურნალისტების ერთი ნაწილი შერაცხულია არაპროფესიონალად მისი გაუნათლებლობისა და არასწორი სამოქალაქო პოზიციის საფუძველზე, ხოლო მეორე ნაწილი ასევე შერაცხულია არაპროფესიონალად მისი მხრიდან ხელისუფლების მიმართ მრავალჯერ გამოხატული პროპაგანდისტული პოზიციის გამო.

თავის მხრივ, ხელისუფლების ის წარმომადგენლები, რომლებიც ინტერესს იჩენენ მედიის მიმართ, ქედმაღლურად უყურებენ ჟურნალისტების როგორც პირველ, ასევე მეორე ჯგუფს. პირველები, რომლებიც, ხელისუფლების აზრით, შინაგანად დესტრუქციულები და ტენდენციურები არიან, ეთერში ჯდომას არ იმსახურებენ, როგორც, მაგალითად, ტელეკომპანია „მზის“ ყოფილი ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი. რაც შეეხება ჟურნალისტთა მეორე ჯგუფს, იმ ადამიანებს, რომლებიც ზეწოლას ვერ ეწინააღმდეგებიან და არცთუ იშვიათად ხელისუფლების რუპორის როლში გამოდიან, მათ მიმართ პოზიციაც არანაკლებ ქედმაღლურია: რა ვქნათ, არ აღმოაჩნდათ ჟურნალისტებს სათანადო ღერძი; ხელისუფლების ბუნებრივი მდგომარეობაა, მედიაზე გავლენის მოსაპოვებლად იზრუნოს, მაგრამ მედიის ბუნებრივი მდგომარეობაა, წინააღმდეგობა გაუწიოს ხელისუფლებას და საკუთარი ინტერესები დაიცვას. თუ ჟურნალისტები ამას ვერ ახერხებენ, ეს მხოლოდ მათი პრობლემაა. – ასეთ კომენტარს არა მხოლოდ პირად საუბარში, ზოგჯერ საჯარო სივრცეშიც მოისმენთ.

მრავალმხრივ ცეცხლში მოყოლილი ჟურნალისტები, ნებსით თუ უნებლიეთ, ტყვიების ასხლეტაში ოსტატდებიან. შესაძლოა, მათ პირდაპირი ვნება არ ადგებათ, მაგრამ, სამაგიეროდ, საზოგადოებაში სულ უფრო მეტად იკიდებს ფეხს აზრი, რომ საქართველოში პროფესიონალი ჟურნალისტები, ფაქტობრივად, არ არსებობენ. მიმდინარე წლის თებერვალში კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის მიერ თბილისში ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი – თითქმის 40% - მთლიანად ენდობა ტელეკომპანია „კავკასიას“. ეს ფაქტი ადასტურებს, რომ ჟურნალისტური კორპუსის მიმართ საზოგადოების ნდობა უაღრესად დაბალია.

სწორედ ამ ჩიხურ ვითარებაში ჟურნალისტებს და მედიაექსპერტებს შორის ჩნდება აშკარა იმპულსი, დაიწყოს გულწრფელი საუბარი ქართული მედიის პრობლემებზე. იქვე ჩნდება საფრთხე, რომ გულწრფელი საუბარი ადვილი არ იქნება და ბევრ ადამიანს გულნაკლულს დატოვებს. თანაც, ის ჟურნალისტები, რომლებიც სხვების, საკუთარი კოლეგების, შეცდომებზე საუბრით დააპირებენ პრობლემის გადაწყვეტას, კიდევ უფრო ღრმა ჩიხში აღმოჩნდებიან. საკუთარ შეცდომებზე საუბარი კი სრულ გაუცხოებას გამოიწვევს, რადგან საჯარო აღსარებას დაემსგავსება.

ამიტომ არსებული რთული სიტუაციიდან გამოსავალი, შესაძლოა, იყოს გაჩენა ახალი მედიასივრცისა, სადაც ჟურნალისტები თავისუფალ გარემოში და სტანდარტის დაცვით იმუშავებენ, სადაც რაც შეიძლება ნაკლებ შეცდომას დაუშვებენ და მეტ ნდობას მოიპოვებენ. ასეთი სივრცე მხოლოდ მაშინ შეიძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას, თუკი ერთიანად დაუპირისპირდება ორივე მთავარ პრობლემას – ღირებულებებისა და თავისუფლების დეფიციტს. სწორედ ასეთ მედიასივრცედ შეიძლება ჩამოყალიბდეს და უნდა ჩამოყალიბდეს კიდეც საზოგადოებრივი მაუწყებელი. ეს არის მისი ფუნქცია ქართული სახელმწიფოსა და მედიის განვითარების ამჟამინდელ ეტაპზე.

დისკუსიები ჟურნალისტური პროფესიონალიზმის შესახებ

ია ანთაძე, თბილისი

ბოლო პერიოდის განმავლობაში ვიწრო ჟურნალისტურ წრეში, ხალხმრავალ ოფიციალურ შეხვედრებზე თუ მედიის სხვადასხვა საშუალებაში ერთბაშად გააქტიურდა დისკუსიები თანამედროვე ქართული ჟურნალისტიკის პრობლემების შესახებ. ამ დისკუსიებს ბიძგი მისცა საზოგადოებრივ მაუწყებელში განხორციელებულმა და დაგეგმილმა ცვლილებებმა.

XS
SM
MD
LG