Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეალური ალტერნატივა


ვარაუდითაც არავინ იცის, რამდენი ადამიანი მოიყრის თავს


პარლამენტის წინ ორ ნოემბერს. საზოგადოებამ არც ის იცის, როგორ წარმოუდგენია პოლიტიკური პროცესის განვითარება ამ დღის შემდეგ ხელისუფლებას ან ოპოზიციას. ერთადერთი, რის შესახებაც წინასწარ შეიძლება რამდენიმე ვარაუდის გამოთქმა - ეს არის კითხვა, თუ ვინ წავა ან არ წავა ორი ნოემბრის მიტინგზე და რატომ.

მოქალაქეები, რომლებიც დღეს ხალისით საუბრობენ საზოგადო პრობლემებზე, ბუნებრივად იყოფიან ორ ჯგუფად: აგრესიულებად და თავშეკავებულებად. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ორ ნოემბერს მიტინგზე უსათუოდ წავლენ ის ადამიანები, რომლებიც პირადად არიან განაწყენებულნი ხელისუფლებაზე - მაგალითად, ისინი, რომლებსაც ოჯახის წევრები და ახლობლები მოუკლეს ან დაუჭირეს; ისინიც, რომლებმაც სამსახური დაკარგეს; ისინიც, რომელთა კერძო საკუთრებას შეეხნენ; ისინიც, რომლებსაც გაზრდილი გადასახადები თუ პროდუქტზე გაზრდილი ფასები გაუსაძლის ტვირთად აწვება.

სავარაუდოდ, მიტინგზე არ წავლენ ადამიანები, რომლებსაც ცხოვრება ასე თუ ისე აწყობილი აქვთ და სტაბილურობა ძვირად უღირთ; შინ დარჩებიან ისინიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ რევოლუციები საქართველოს ბოლოს მოუღებს; ისინიც, ვისაც მიაჩნია, რომ ოპოზიციის წაქეზება სახიფათოა, რადგან არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები ორი ნოემბრის შემდეგ, როცა ხელისუფლება დათმობაზე არ წავა.

ეს ორი სეგმენტი - აგრესიული და თავშეკავებული - მკაფიოდ არის გამოხატული. თუ მოვლენების შემდგომ განვითარებას ხელისუფლებაზე გაბრაზებული ადამიანების ერთობა გადაწყვეტს, ქვეყანა მორიგი რევოლუციის გზას დაადგება; ხოლო თუ თავშეკავებულები გადასწონიან, ხელისუფლება კიდევ მეტად უკონტროლო და აულაგმავი გახდება. ამიტომ მოვლენების ზომიერ კალაპოტში მოქცევა შეუძლებელია იმ შემთხვევაში, თუკი პირად მოტივებს გადაჭარბებული მნიშვნელობა მიენიჭება, მაგალითად: “მივდივარ მიტინგზე, რადგან მიჭირს” ან “არ მივდივარ, რადგან არ მიჭირს”.

სინამდვილეში, არის ერთი ათვლის წერტილი, რომელიც, სწორი აქცენტების შემთხვევაში, გადამწყვეტ მნიშვნელობას შეიძენს. ათვლის ამ წერტილიდან დანახული პრობლემა თანაბრად ეხება ყველას: როგორც უმწეოებს, ასევე - შეძლებულებს, როგორც საკუთარ თავში დარწმუნებულებს, ასევე - დაეჭვებულებს, როგორც უმუშევრებს, ასევე - წარმატებით დასაქმებულებს.

ეს არის საზოგადოების დამოკიდებულება ძალადობის მიმართ.

ხელისუფლებას შეუძლია თქვას და ამბობს კიდეც, რომ რეფორმების გატარება ნებისმიერ ქვეყანაში წარმოშობს უკმაყოფილების ტალღას; რომ საქართველო ნელ-ნელა ზრდის ბიუჯეტს და, შესაბამისად, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობასაც; რომ მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ ტენდენცია უკეთესობისკენ აშკარაა.

ერთადერთი, რაზეც ხელისუფლება არ საუბრობს, მისგან მომდინარე ძალადობაა. არადა, ძალადობის ნაკადი არ მცირდება და ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებას - პირდაპირ ან ირიბად - თავის დაღს ასვამს. ზოგი ამას მწარედ განიცდის, ზოგი კი - თვალს უხუჭავს. ქვეყნის მომავალს სწორედ ამ საკითხის მიმართ დამოკიდებულების ბალანსი გადაწყვეტს. სულ ორი არჩევანია: ან ხალხი შეძლებს მოძალადე ხელისუფლება “მოთოკოს”, ან მოძალადე ხელისუფლება შეძლებს “მოთოკოს” საკუთარი ხალხი. რუსეთის ხელისუფლებამ ეს საკითხი თავის სასარგებლოდ გადაწყვიტა და დღეს რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ვლადიმირ პუტინი, როგორც ლიდერი, შეუცვლელია. თუ საქართველოშიც მოვლენები ძალადობის სასარგებლოდ განვითარდა, რამდენიმე წელიწადში, კერძოდ, სააკაშვილის მეორე საპრეზიდენტო ვადის დასრულებისთვის, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობაც გულწრფელად დაიჯერებს, რომ ასეთი ძლიერი პრეზიდენტი ჩვენს ქვეყანას დიდხანს აღარ ეღირსება.

ამიტომ, რაკი ბრძოლა დაწყებულია, ორი ნოემბრის მიტინგი იქნება თუ სხვა რამ საზოგადო შემთხვევა, ან წაახალისებს ძალადობას, ან შებოჭავს მას. რეალურად, დღეს საკითხი ასე არც დგას: ხელისუფლებას უჭერ მხარს თუ ოპოზიციას. დღეს საკითხი დგას ასე: ან ეგუები ძალადობას, ან უპირისპირდები მას - მათ შორის, არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ოპოზიციის წიაღშიც; არა მხოლოდ მიტინგზე, არამედ ყველგან: ქუჩაში, სამსახურში, სკოლაში, სახლში...

რევოლუცია ან კაპიტულაცია ერთი მედლის ორი მხარეა, მათი რეალური ალტერნატივა კი ღირსებისთვის ბრძოლაა. ყოველი დღე და, მათ შორის, ორი ნოემბერი გამოავლენს, რამდენად მზად არის ამ ბრძოლისთვის არა ხელისუფლება ან ოპოზიცია, არამედ - საზოგადოება.


XS
SM
MD
LG