Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ დაკარგა სკოლამ საგანმანათლებლო ფუნქცია


განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დისციპლინის გამკაცრებას აპირებს. ვიდეოთვალთვალი

, მოსწავლეთა ინტერნეტული დოსიეები და პოლიციელი სკოლაში ახალი პოლიტიკის ატრიბუტებია. რა არის საგანმანათლებლო პოლიტიკის გამკაცრების მიზეზი და რა შეიძლება იყოს მისი შედეგი?

დღეს სკოლის მთავარი პრობლემა გაკვეთილია. ის, რაც უმრავლეს შემთხვევაში გაკვეთილზე ხდება, არც საინტერესოა და არც - რამეში გამოსადეგი. ბევრ სკოლაში გაკვეთილების ნაწილი, უბრალოდ, ცდება - ხშირად იმის გამო, რომ ბავშვები არ დადიან, ზოგჯერ კი იმის გამო, რომ არც მასწავლებლები დადიან. ცალკე პრობლემაა გამოსაშვები კლასი: ბოლო წელს მოსწავლეები სკოლისკენ საერთოდ არ იყურებიან, რადგან სერიოზული საქმით არიან დაკავებულნი - მისაღები გამოცდებისთვის ემზადებიან. ცხადია, ყველგან ერთნაირი მდგომარეობა არ არის, მაგრამ გაკვეთილების ჩაშლის ტენდენციამ ბოლო წლებში საკმაოდ ბევრი სკოლა მოიცვა.

თუ ვიკითხავთ, რატომ დაკარგა სკოლამ საგანმანათლებლო ფუნქცია, რომელიმე ერთ მიზეზს ვერ დავჯერდებით. მთავარი მაინც ისაა, რომ ცოდნა, რომელსაც მოსწავლე სკოლაში იღებს, ერთიანი ეროვნული გამოცდების (და, ზოგადად, ცხოვრების) მოთხოვნებს სრულებით არ ემთხვევა. პროგრამები, ცხადია, ერთი და იგივეა, მაგრამ უმაღლესში მოწყობა გაცილებით სხვაგვარ ცოდნას მოითხოვს, ვიდრე დღევანდელი სკოლა იძლევა. ამიტომ ერთიანი ეროვნული გამოცდები თითქმის მთლიანად რეპეტიტორობის ინსტიტუტზე დგას. ეს სერიოზული მოტივია იმისთვის, რომ ახალგაზრდამ კერძო მასწავლებლებთან იაროს და არა სკოლაში. მასწავლებელიც, ცხადია, კერძო მოსწავლეებზეა ორიენტირებული. თავის დროზე განათლების სამინისტრომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო: ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოთხოვნების თამასა, სკოლის დონესთან შედარებით, მეტისმეტად ზევით ასწია და თქვა - ახლა სწრაფი შედეგი გვჭირდება, სკოლა კი თანდათან დაგვეწიოსო. რადიკალურმა ცვლილებამ შუა რგოლში, ერთი მხრივ, მართლაც გამოიწვია კარგად მომზადებული ახალგაზრდების უფრო სამართლიანი გადანაწილება უმაღლეს სასწავლებლებში, მაგრამ, მეორე მხრივ, უმძიმესად დააზარალა სკოლა: ერთიანი ეროვნული გამოცდების ორიენტაციამ მასალის ღრმა გააზრებასა და უნარების განვითარებაზე დღევანდელ სკოლას საბოლოოდ დაუკარგა ფუნქცია.

დღის წესრიგში დგას ახალი გამოწვევა: უნდა შეიცვალოს სკოლა და მასში მიმდინარე სასწავლო პროცესმა რეალური შინაარსი შეიძინოს. სწორედ ამ კონტექსტში სჭირდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დისციპლინის აღდგენაზე ზრუნვა და არა, ვთქვათ, მოზარდთა აგრესიასთან საბრძოლველად. რადგან მოზარდთა აგრესია, სინამდვილეში, სწორი სასწავლო პროცესის მოშლის შედეგია და არა მიზეზი. შესაბამისად, ვიდრე სკოლა მისთვის კუთვნილ საგანმანათლებლო ფუნქციას არ დაიბრუნებს, მოზარდთა აგრესიასთან ბრძოლა შედეგს ვერ მოგვიტანს.

დავბრუნდით ისევ გაკვეთილთან და მის მთავარ სუბიექტებთან: მასწავლებელთან და მოსწავლესთან. დღეს ორივე მხარის მოტივაცია ძალიან დაბალია: რას აძლევს გაკვეთილი ან ერთს, ან მეორეს? თითქმის არაფერს. თუ მასწავლებელი ცდილობს, რომ სტანდარტებს არ ჩამორჩეს, მისი ერთადერთი მოტივია მოიზიდოს კერძო მოსწავლეები, რომლებიც შეუდარებლად მეტს იხდიან, ვიდრე სახელმწიფო. სკოლა თავის საგანმანათლებლო ფუნქციას მანამ ვერ შეასრულებს, სანამ როგორც მოსწავლის, ასევე მასწავლებლის სამომავლო პერსპექტივა საკლასო ოთახს არ დაუკავშირდება, ესე იგი, სანამ ცოდნის გაცემისა და მიღების პროცესი სკოლაში არ დაბრუნდება. განათლების სამინისტრომ ამ პრობლემის გადასაჭრელად შემდეგი გზა აირჩია: სამეურვეო საბჭოებს მიანდო დამატებითი ფინანსების მოძიება როგორც მასწავლებელთა კვალიფიკაციის, ისე მათი მოტივაციის ასამაღლებლად. დღეს ეს მეტისმეტად ძნელი დავალებაა. მით უმეტეს, როცა საკუთარ თავს სახელმწიფომ მხოლოდ ის ამოცანა დაუსახა, რომ მასწავლებელთა საშუალო ხელფასმა უახლოეს პერიოდში 200 ლარს მიაღწიოს.

ყველას ესმის, რომ თვეში 200 ლარიანი ანაზღაურება მასწავლებლის შრომას თვისებრივად ვერ გარდაქმნის. ამიტომ მოსწავლესაც სკოლა, ფაქტობრივად, არაფერს სძენს. ვიდრე ამ ორი უმთავრესი სუბიექტის სასიცოცხლო ინტერესები სკოლას გვერდს უვლის, სასწავლო პროცესი ემსგავსება ჭაობს, რომელიც ათას უბედურებას იტევს. სწორედ ამ დროს სახელმწიფო ცდილობს, დისციპლინის გამკაცრებით შექმნას ილუზია, რომ სკოლაში წესრიგს ამყარებს.

ეს ისეთივე ფასადური ღონისძიებაა, როგორიც საძირკველმორყეული სახლების გადაღებვა თვალისმომჭრელ ფერებად.
XS
SM
MD
LG