იმყოფება. ის აღმოსავლეთ-დასავლეთის ეკონომიკური თანამშრომლობისა და დაახლოების, აგრეთვე უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობათა ქვეკომიტეტების წევრებით არის დაკომპლექტებული. დელეგაციამ შეხვედრები საქართველოს პარლამენტიდან დაიწყო. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია შეხვდა მთავრობის წევრებსაც და მოისმინა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მოსაზრებები საქართველოში მიმდინარე პროცესებზე.
მთელი ამ შეხვედრების შემდეგ დასკვნა არ დაიწერება. თუმცა რა შთაბეჭდილება შეექმნებათ დელეგაციის წევრებს, ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ნიკა რურუამ მითხრა, პარლამენტში გამართულ შეხვედრებზე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები იყვნენ წამყვანები და სვამდნენ შეკითხვებს, რომლებიც მარტო სამხედრო სფეროს არ უკავშირდებოდა.
[ნიკა რურუას ხმა] ”ისინი არიან წამყვანები ამ სხდომის და არა ჩვენ. ჩვენ ვესწრებით როგორც ასოცირებული წევრები. აქ სამუშაო ვითარებაში მიდის იმ საკითხების განხილვა, რაც მათ აინტერესებთ საქართველოზე. ” (სტილი დაცულია)
წამყვანები სვამდნენ შეკითხვებს და ისმენდნენ პასუხებს ამ შეკითხვებზე.ნიკა რურუას თქმით, მათი ინტერესის სფეროები იყო: ნატოში გაწევრიანებისთვის აღებული ამოცანების შესრულება, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებული პრობლემები, საქართველოს ურთიერთობა რუსეთთან, ენერგეტიკა, ეკონომიკა და დემოკრატიის საკითხები. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს შეფასებები არ გაუკეთებიათ; თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, არც რაიმე შენიშვნა გამოუთქვამთ. მათი მოსაზრებები, მათი შთაბეჭდილებები მოგვიანებით გახდება ცნობილი და აისახება იმაზე, საკუთარი ქვეყნების პარლამენტებსა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში რამდენად დაუჭერენ მხარს საქართველოს და მის ინიციატივებს. მხარდაჭერის მოლოდინი ხელისუფლებაში მაღალია.
[ნიკა რურუას ხმა] ”ტექნიკურ საკითხებში პრობლემები არ გვაქვს. ჩვენ ახლა დავამთავრებთ სტრატეგიული მიმოხილვის გეგმას. ინდივიდუალური თანამშრომლობის სამოქმედო გეგმა თითქმის დამთავრებულია და უკვე მთელ კონცენტრაციას გავაკეთებთ სამოქმედო გეგმის მიღებაზე ახლო მომავალზე. ” (სტილი დაცულია)
ხელისუფლების ოპოზიციაში ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღებას მაინცდამაინც ოპტიმისტურად არ უყურებენ, მიაჩნიათ რა, რომ ტექნიკურ საკითხებში პრობლემების არარსებობა არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო წარმატებით ართმევს თავს ნატოში გაწევრიანების ამოცანებს. პოლიტიკური ოპონენტები ხელისუფლებას შეახსენებენ, რომ ნატოში გაწევრიანებისთვის არ არის საკმარისი ძირითადი აქცენტის სამხედრო სფეროს რეფორმირებაზე გაკეთება და ამაში მათ მთელი რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ეთანხმებიან - მათ შორის, შალვა ფიჩხაძე, წარმომადგენელი ორგანიზაციისა ”საქართველო ნატოში”. როგორც უკვე ვთქვით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია თბილისში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც შეხვდა. ამ შეხვედრაზეც შეკითხვებს სტუმრები სვამდნენ, მათ შეკითხვებს კი, სხვებთან ერთად, შალვა ფიჩხაძეც პასუხობდა:
[შალვა ფიჩხაძის ხმა] ”ჩვენ მათთვის შეკითხვა არ დაგვისვამს, მაგრამ იმის მიხედვით, რა შეკითხვებსაც სვამდნენ, შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე, რა აინტერესებთ. აინტერესებდათ პოლიტიკური პროცესები და პოლიტიკური რეფორმები; სამხედრო სფეროც, მაგრამ ნაკლებად, ვიდრე პოლიტიკური პროცესები.”
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე დაინტერესდნენ დემოკრატიის საკითხებით; დასვეს შეკითხვა იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაა საქართველოში პრესის თავისუფლების თვალსაზრისით; იკითხეს რამდენად ქმედითია საქართველოს პარლამენტი, როგორც მთავრობის მაკონტროლებელი; დაინტერესდნენ იმითაც, რა ახალი დადებითი ან უარყოფითი პროცესები ვითარდება ქვეყანაში ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ. შეკითხვებზე პასუხები სხვადასხვაგვარი იყო. შალვა ფიჩხაძე ამბობს, რომ ის იყო კრიტიკული, როცა პოლიტიკურ რეფორმებსა და დემოკრატიის ხარისხზე საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამდა.
თბილისში ყოფნისას ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია სენაკის სამხედრო ბაზას მოინახულებს, დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან. დელეგაცია საქართველოს 20 სექტემბერს დატოვებს.