Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტის ორმა წევრმა უმრავლესობის დატოვება გადაწყვიტა


საქართველოს პარლამენტის წევრებმა, თეო ტლაშაძემ და ქეთევან მახარაშვილმა, უმრავლესობის დატოვება გადაწყვიტეს და თავისი ამ ნაბიჯის შესახებ

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ჯერ არარსებული პარტიის ოფისში გამოაცხადეს. მიღებული გადაწყვეტილების მიზეზად დეპუტატებმა ძალადობა და პოლიტიკური ტერორი დაასახელეს. პოლიტიკურ ტერორად თეო ტლაშაძესა და ქეთევან მახარაშვილს მიაჩნიათ ფინანსური დარღვევებისთვის გორში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენელთა სამართლებრივი დევნაც.

უმრავლესობის დატოვების შესახებ განცხადების გაკეთების შემდეგ დეპუტატებს ჟურნალისტების შეკითხვებისთვის აღარ უპასუხიათ, თუმცა ცნობილია, რომ ისინი პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას იმ პარტიაში აპირებენ, რომლის პრეზენტაციასაც საზოგადოებას ჯერ სექტემბრის დასაწყისში ჰპირდებოდნენ, ახლა კი სექტემბრის ბოლოს ჰპირდებიან. ლაპარაკია პარტიაზე, რომელსაც სათავეში თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი უნდა ჩაუდგეს. როგორ იკვეთება საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ოქრუაშვილის სამომავლო პარტიის კონტურები?

პარტია ჯერ არ არსებობს, მაგრამ არსებობს სამომავლო პარტიის ოფისი, თავისი პრესსამსახურით. სექტემბრის 10 რიცხვისთვის დაგეგმილი პრეზენტაცია სექტემბრის ბოლოსთვისაა გადადებული, ისიც - სავარაუდოდ. პირი, რომელიც ახალ პარტიას უნდა ჩაუდგეს სათავეში, დუმს და ჟურნალისტებთან გამოჩენას თავს არიდებს. არადა, პოლიტიკაში მის დაბრუნებაზე ძალიან ბევრს ლაპარაკობენ. მის სახელს და გვარს სკანდირებდნენ გორელები გორში, როცა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენელთა დაკავებას აპროტესტებდნენ. მის გარშემო იკრიბებიან გორში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული და მისი მოადგილე, წარსულში ცნობილი ჟურნალისტები, დეპუტატები, მათ შორის, თეო ტლაშაძე და ქეთევან მახარაშვილი. 14 სექტემბერს ამ ორმა ქალბატონმა უმრავლესობის დატოვების შესახებ განცხადება სწორედ ირაკლი ოქრუაშვილის სამომავლო პარტიის ოფისში გააკეთა. ტლაშაძემ და მახარაშვილმა ჟურნალისტებს უთხრეს, რომ გადაწყვიტეს ჩამოიშორონ საპარლამენტო უმრავლესობაში ყოფნის სირცხვილი და აღარ გაიზიარონ პასუხისმგებლობა იმ პოლიტიკურ ძალადობაზე, რომლის ერთ-ერთი გამოვლინებაც, მათი თქმით, გორში ირაკლი ოქრუაშვილის მეგობრების დაპატიმრება იყო:

[ქეთევან მახარაშვილის ხმა] ”ძალადობა და ხალხის მიმართ მკაფიოდ გამოხატული ზიზღი, რომელიც ყველასთვის მიუღებელია. უმრავლესობაში გადაწყვეტილებას იღებს ჯგუფი, რომელისთვისაც მიუღებელია ყველაფერი ქართული. ”(სტილი დაცულია)

ქეთევან მახარაშვილთან ერთად უმრავლესობიდან წასვლის მიზეზებზე თეო ტლაშაძემაც ილაპარაკა:

[თეო ტლაშაძის ხმა] ”მე და ჩემს მეგობრებს იმიტომ არ გვიბრძოლია, რომ გვეცხოვრა ავტორიტარულ ქვეყანაში. ”

ტლაშაძეც და მახარაშვილიც საქართველოს პარლამენტში რევოლუციამ და, იმავდროულად, რევოლუციის ერთ-ერთ გმირთან, ირაკლი ოქრუაშვილთან, მეგობრობამ მიიყვანა.

[ნოდარ გრიგალაშვილის ხმა] ”ერთი არის მისი თანაკურსელი და მეორე - მისი მეგობარი გორიდან. ”

ამბობს ყოფილ თანაგუნდელებზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნოდარ გრიგალაშვილი და იქვე დასძენს, რომ უმრავლესობიდან წასული დეპუტატები მეგობართან ბრუნდებიან. უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია კი ფიქრობს, რომ ტლაშაძემ და მახარაშვილმა ვერ გაუძლეს იმ გამოცდას, რომლის წინაშეც ისინი ხელისუფლებაში მოსვლამ დააყენა:

[გიგა ბოკერიას ხმა] ”აღმოჩნდა, რომ მათთვის ახლობლობა, ნათესაობა და ინტერესი - ხვალ რა თანამდებობაზე ვიქნები, არის ბევრად მნიშვნელოვანი, ვიდრე პოლიტიკური პრინციპები.”

ტლაშაძის და მახარაშვილის გადაწყვეტილების პოლიტპრინციპულობით ახსნა უჭირს ”ახალი მემარჯვენეების” წევრს მანანა ნაჭყებიასაც:

[მანანა ნაჭყებიას ხმა] ”ადამიანებს, რომლებსაც არ შერცხვათ, როცა გირგვლიანის მკვლელობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის წინააღმდეგ წავიდნენ, რატომ შერცხვათ ამ ყველაფრის მაშინ, როცა ირაკლი ოქრუაშვილი პარტიას ქმნის? ”

მანანა ნაჭყებიას არც ოქრუაშვილის სამომავლო პარტიის ოპოზიციონერობის სჯერა: ” ოქრუაშვილის ოპოზიციონერობაში მაშინ დავრწუნდები, როცა მას დაიჭერენო,”- ამბობს. დაჭერით, ამ ეტაპისთვის, ოქრუაშვილის მეგობრები დაიჭირეს, კორუფციის ბრალდებით. პოლიტიკაში დაბრუნების წინ გორში განვითარებული მოვლენები ოქრუაშვილისთვის ცუდიც იყო და კარგიც. ცუდი იმ ნიშნით, რომ მისი მეგობრები კორუფციაში იქნენ მხილებულნი, სამომავლო თანაპარტიელები კი ასეთების დასაცავად გამოვიდნენ; კარგი იმ თვალსაზრისით, რომ ატყდა ხმაური და ამ ხმაურში გამოიკვეთა, რომ ოქრუაშვილი გორში პოპულარულია და არიან ადამიანები, რომლებიც მას რაღაც იმედებს უკავშირებენ. იმედები ოქრუაშვილის მომავალ თანაპარტიელს გია ცაგარეიშვილსაც აქვს. თეო ტლაშაძე და მახარაშვილი
მისთვის გმირები არიან, თანაც ასეთი:

[გია ცაგარეიშვილის ხმა]” ეს ადამიანები გმირები არიან, ბარათაშვილის მერანივით გაკვალავენ გზას. ”

ოქრუაშვილის პარტიის პრეზენტაცია ჯერ არ შემდგარა და არც ცაგარეიშვილს დაუტოვებია ჯერ ფრაქცია ”მრეწველები”.
XS
SM
MD
LG