Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ფიქრობენ საქართველოში რუსეთის ხელისუფლებაში მიმდინარე ცვლილებებზე


ვლადიმირ პუტინის მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ (ვგულისხმობ რუსეთის მთავრობის დათხოვნასა და

მთავრობის მეთაურის პოსტზე ვიქტორ ზუბკოვის წარდგენას) მსოფლიო პრესა აალაპარაკა იმაზე, თუ ვინ არის ვიქტორ ზუბკოვი და არის თუ არა ის პუტინის მემკვიდრე. რუსეთის მთავრობაში მიმდინარე დიდ საკადრო ცვლილებებს მეზობელი საქართველოდანაც ინტერესით ადევნებენ თვალს, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ აქ აქტუალურია კითხვა, რომელიც წარსულში, მსგავს შემთხვევაში, დიდი განსჯის საგანი გახდებოდა: რას შეცვლის რუსეთში მიმდინარე საკადრო ცვლილებები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში? - ამ
კითხვას საქართველოში ლამის ერთადერთი პასუხი აქვს და მეც სწორედ ამაზე მინდა გესაუბროთ.

ბოლო წლებში საქართველოში აღარ გამართულა დისკუსია ორი რუსეთის თემაზე. იშვიათად გაიგონებთ ვინმესგან, რომ მას მაინც სჯერა ორი რუსეთის არსებობის. ეს მითი მოკვდა. საქართველოში უკვე მხოლოდ ერთ რუსეთს ცნობენ და მიაჩნიათ, რომ ვინც უნდა მოვიდეს რუსეთის ხელისუფლებაში, ამ ქვეყნის გენერალური კურსი არ შეიცვლება და მისი ეროვნული ინტერესები საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან წინააღმდეგობაში დარჩება. ამიტომ აღარ არის რუსეთის ხელისუფლებაში მიმდინარე საკადრო ცვლილებები საქართველოში ისე საინტერესო, როგორც ეს შეიძლება ადრე ყოფილიყო. პოლიტოლოგმა, ” საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის” თანამშრომელმა არჩილ გეგეშიძემ რადიო ”თავისუფლებას” უთხრა:

[არჩილ გეგეშიძის ხმა] ”პუტინის მსოფლმხედველობა არ შეცვლილა ისე, რომ ზუბკოვის დანიშვნით რაიმე ახალს ველოდეთ საქართველოსთან ურთიერთობაში. რუსეთის პოლიტიკა ყველა მიმართულებით - შორეული საზღვარგარეთის მიმართულებით, ახლო საზღვარგარეთის მიმართულებით (როგორც მათ უყვართ ხოლმე თქმა) თუ ქვეყნის შიგნით - იგივე იქნება და ამ მიმართულებებში იმოქმედებს ნებისმიერი პიროვნება, ვინც უნდა იყოს ის - მით უმეტეს, პრემიერი. ” (სტილი დაცულია)

რუსეთის პრემიერი ნაკლებად ცნობილი ფიგურა, ვიქტორ ზუბკოვი, ხდება. როგორც აღნიშნავენ, ის კონსერვატორების, ძალოვნებისა და ეკლესიის წარმომადგენლების მხარდაჭერით სარგებლობს. ცვლილებაზე საუბრისას, ისევე როგორც სხვაგან, საქართველოშიც ხაზგასმით შენიშნავენ, რომ პუტინის მანევრის მიზანი იმ დაჯგუფების ხელში ხელისუფლების შენარჩუნებაა, რომელიც დღეს რუსეთის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებას მართავს, ოღონდ ისე, რომ დღევანდელი პრეზიდენტი წავიდეს ზენიტში მყოფი, ავტორიტეტის შეულახავად. არის თუ არა ზუბკოვი პუტინის მემკვიდრე, ანუ რეალურია თუ არა ვერსია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა თავისი ბოლო გადაწყვეტილებით მომავალი პრეზიდენტი გამოკვეთა? არჩილ გეგეშიძის თქმით, ამ ვერსიის გამოსაცდელად რამდენიმე თვეა საჭირო: რამდენიმე თვეში რუსეთში სახელმწიფო სათათბიროს აირჩევენ და თუ პუტინი ახალ სათათბიროს ხელმეორედ წარუდგენს ზუბკოვს პრემიერის პოსტზე დასამტკიცებლად, მაშინ კი უნდა ვიფიქროთ, რომ მას არჩევანი გაუკეთებია. მემკვიდრე თავისთავად პოსტსაბჭოთა სივრცის პრობლემაა.. რამდენიმე წლის წინ საქართველოს პრეზიდენტსაც ეკითხებოდნენ, ეგულებოდა თუ არა მემკვიდრე, მაგრამ საქართველოს საზოგადოებამ ასეთ მემკვიდრეობაზე უარი ”ვარდების რევოლუციით” თქვა. საქართველო ცდილობს რუსეთის სივრცისგან თავის დაღწევას და რუსეთიც ცდილობს ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ მისი სწრაფვა კონფლიქტურ რეგიონში ვითარების დაძაბვით შეაფერხოს. საქართველოს კონფლიქტური რეგიონები ამ ქვეყნის წინააღმდეგ რუსეთის მძლავრ იარაღად რჩება. საფუძველი იმისა, რომ რუსეთი საქართველოს მიმართ სტრატეგიას შეცვლის, არ ჩანს და, ამდენად, საქართველოში არაფრის მოლოდინს არ იწვევს პუტინის მიერ საკუთარ ხელისუფლებაში განხორციელებული ცვლილებები. ქართველი ექსპერტები ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე ამ ცვლილებების შესაძლო გავლენის შესახებ საუბრისას აღნიშნავენ, რომ რუსეთი საქართველოს მიმართ უფრო დესტრუქციულ პოზიციას ვეღარ დაიჭერს.
XS
SM
MD
LG