Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილედ ურუზმაგ ქარქუსოვი ინიშნება - აქამდე მას ერთ-ერთი წამყვანი ადგილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში ეკავა


საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე



ურუზმაგ ქარქუსოვი ხდება - პირი, რომელსაც აქამდე დროებით ადმინისტრაციაში ერთ--ერთი წამყვანი პოსტი ეკავა და რომელიც თავის დროზე ედუარდ კოკოითიმ სამშობლოს ღალატში დაადანაშაულა. ურუზმაგ ქარქუსოვს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში თავის სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით მინისტრი გიორგი არველაძე კვირას ესაუბრა.


ურუზმაგ ქარქუსოვი პროფესიით ეკონომისტია. მის წარსულში დარჩა მუშაობა რიგით ეკონომისტად, შემდეგ - ბანკის დირექტორად. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ურუზმაგ ქარქუსოვს პრემიერ-მინისტრის პოსტიც კი ეკავა; გარდა ამისა, იყო ეკონომიკის საკითხებში ედუარდ კოკოითის მრჩეველი. შემდეგ და შემდეგ ქარქუსოვისა და კოკოითის გზები გაიყარა. ყოფილი დე ფაქტო პრემიერის წინააღმდეგ კოკოითიმ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ეს სამხრეთ ოსეთში ეგრეთ წოდებული ალტერნატიული არჩევნების ორგანიზებისას მოხდა. ქარქუსოვი, ისევე როგორც სანაკოევი, მან სამშობლოს ღალატში დაადანაშაულა. თვით ურუზმაგ ქარქუსოვი კი, თავის თანამოაზრე ოსებთან ერთად, საკუთარი ხალხის ღალატში თავად კოკოითის ადანაშაულებს.
საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაში დაწინაურებული კოკოითის ყოფილი მრჩეველი ფიქრობს, რომ თავისი ახალი პოსტიდან უკეთ შეძლებს საკუთარი თანამემამულეების დახმარებას, გაცილებით უკეთ, ვიდრე ეს დროებით ადმინისტრაციაში ყოფნისას შეეძლო:

[ურუზმაგ ქარქუსოვის ხმა] ” მე კოორდინაციას გავუწევ რეგიონალურ ეკონომიკურ პოლიტიკას და ეკონომიკურ საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო კომისიას. იმავდროულად, რაღა თქმა უნდა, ვიმუშავებ სამხრეთ ოსეთში განსახორციელებელ ეკონომიკურ პროექტებზე. ”

დავით ბაქრაძე, სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში, აღნიშნავს, რომ ურუზმაგ ქარქუსოვს შემუშავებული აქვს რეგიონის რეაბილიტაციის საკმაოდ საინტერესო პროექტი და რომ მან კარგად იცის, რა სჭირდება რეგიონს, რა სჭირდება ადგილობრივ მოსახლეობას. ”მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობაში კადრი, რომელმაც ზუსტად იცის, რა სჭირდება რეგიონს, რა სჭირდება ადგილობრივ საზოგადოებას. ქარქუსოვის დანიშვნა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთ-ერთ ხელმძღვანელად სწორედ ამ მოთხოვნას ითვალისწინებს, ამავდროულად კი, პოლიტიკური მნიშვნელობისაა,” - ამბობს სახელმწიფო მინისტრი და დასძენს: ”გადაწყვეტილება არის ერთგვარი სიგნალი მოსახლეობისთვის, რომლის წარმომადგენლებსაც ედუარდ კოკოითი არათუ კარიერულ წინსვლას, გადაადგილებას უკრძალავს.”

[დავით ბაქრაძის ხმა] ” მათ იმ მომავალ საქართველოში ვთავაზობთ, რომ ექნებათ კარგი შესაძლებლობები, ექნებათ საშუალება იმსახურონ არა მარტო რეგიონში, არამედ ცენტრალურ ხელისუფლებაში და აქედან გააკეთონ არათუ მარტო რეგიონის, მთელი ქვეყნის საქმე.”(სტილი დაცულია)


” ჩვენთვის სულ ერთია რა საკადრო გადაწყვეტილებას მიიღებენ თბილისში, ვის რა პოსტზე დანიშნავენ” - ცხინვალიდან ამ სიტყვებით გამოეხმაურა ბორის ჩოჩიევი საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ ურუზმაგ ქარქუსოვის დანიშვნას.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრს აქამდე 4 მოადგილე ჰყავდა. გავრცელებული ცნობების თანახამდ, ურუზმაგ ქარქუსოვი არც ერთ მათგანს არ შეცვლის. ეს მინისტრის მეხუთე მოადგილე იქნება. საპარლამენტო ოპოზიციის ცალკეულმა წარმომადგენლებმა ქარქუსოვის დაწინაურებას საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაში სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება უწოდეს.







XS
SM
MD
LG