Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს კალათბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები სლოვენიაში მიემგზავრება


გიორგი ჭანიშვილი, თბილისი 4 ივლისს საქართველოს 20 წლამდე ასაკის

კალათბურთელთა ნაკრები სლოვენიაში მიემგზავრება. ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელებმა შარშან მოიპოვეს, როდესაც “ბ” დივიზიონის ჩემპიონები გახდნენ და “ა” დივიზიონში, 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდნენ. წელს გუნდის მთავარი მიზანი “ა” დივიზიონში ადგილის შენარჩუნებაა.

მაშ ასე, დღეს ქართულ კალათბურთზე ვისაუბროთ, უფრო ზუსტად, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებზე, რომელიც 4 ივლისს ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრება. ახალგაზრდულ ნაკრებში 20 წლამდე ასაკის კალათბურთელები თამაშობენ და ევროპის ჩემპიონატიც, რომელსაც წელს სლოვენია და იტალია მასპინძლობენ, სწორედ 20 წლამდელ ასაკის მოთამაშეთა შორის იმართება.

ქართველი ახალგაზრდები ევროპის ჩემპიონატზე შარშანდელი წარმატების შედეგად მოხვდნენ. გასულ წელს საქართველოს გუნდმა “ბ” დივიზიონში პირველი ადგილი დაიკავა და “ა” დივიზიონში გადავიდა.

ამ დივიზიონებმა ძალიან რომ არ დაგაბნიოთ, მოკლედ ვთქვათ, რომ ევროპის გუნდები ორ - “ა” და “ბ” კატეგორიებად იყოფიან. საუკეთესო ნაკრებები “ა” დივიზიონში თამაშობენ, შედარებით სუსტები კი “ბ”-ში, საიდანაც “ა” დივიზიონში გადასვლისთვის იბრძვიან.

შარშანდელი წარმატების მთავარი გმირები – ახლა უკვე ეროვნული ნაკრების წევრები – გიორგი გამყრელიძე, გიორგი ცინცაძე და ვიქტორ სანიკიძე იყვნენ. სანიკიძე სულაც ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ეს სამეული წელს ახალგაზრდულ ნაკრებში აღარ თამაშობს, რისი მიზეზიც ძალიან მარტივია – 20 წელს გადააბიჯეს.

ახალგაზრდულ ნაკრებს დღეს სხვა ლიდერები ჰყავს, რომელთა იმედი გულშემატკივრებსაც აქვთ და მწვრთნელებსაც. გუნდის მთავარი იმედი 2,16 მეტრის სიმაღლის ცენტრალური თავდამსხმელი გიორგი შერმადინია. შერმადინის გარდა, გუნდის წამყვანი მოთამაშეები არიან ლაშა ფარღალავა, ლევან ფაცაცია, გიორგი გაფრინდაშვილი და გუნდის კაპიტანი რევაზ დიდია.

მთლიანობაში, ჩვენი გუნდის შემადგენლობა შარშანდელთან შედარებით მრისხანე ვეღარაა, მაგრამ მთავარ მწვრთნელ დავით უსტიაშვილსა და მის ასისტენტს, გელა წულაძეს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ტურისტებად ნამდვილად არ მიჰყავთ. გუნდს ერთი კონკრეტული მიზანი აქვს:

[დავით უსტიაშვილის ხმა]: “ბ” ჯგუფში გამარჯვების შემდეგ, ფაქტიურად, ნახევარი ნაკრები იმ შემადგენლობიდან აღარ არის. ეს იმიტომ, რომ ის ბიჭები, რომლებიც 1986 წელს იყვნენ დაბადებულნი – ცინცაძე, გამყრელიძე, სანიკიძე, ლეჟავა, საყვარელიძე გამოეთიშნენ ამ ასაკს. ახლა 1987 წელში და ზემოთ დაბადებულთა შორის ტარდება ჩემპიონატი. რა თქმა უნდა, ძალიან შესუსტდა ჩვენი ნაკრები, იმიტომ რომ ეს მოთამაშეები მარტო ახალგაზრდულისათვის კი არა, ეროვნული ნაკრებისათვისაც საკმაოდ სერიოზული ძალაა. ახლა ვცდილობთ, ამ ბიჭებიდან მოვნახოთ ისეთი მოთამაშეები, რომლებიც მომავალში ეროვნულ ნაკრებს შეიძლება გამოადგნენ და რამდენიმე წელიწადში ეროვნული ნაკრების ღირსება დაიცვან. ვეცდებით კარგად და ნორმალურად გამოვიდეთ და შევინარჩუნოთ “ა” ჯგუფში ადგილი.”

ევროპის ჩემპიონატში, რომელიც 6-15 ივლისს სლოვენიის ქალაქ ნოვა გორიცასა და იტალიის ქალაქ გორიცაში ჩატარდება, სულ 16 გუნდი ითამაშებს. ქართველი 20-წლამდელები “დ” ჯგუფში მოხვდნენ, სადაც ლატვიის, იტალიისა და ბულგარეთის ნაკრებებიც არიან.

ნაკრების ლეგიონერის, 19 წლის გიორგი გაფრინდაშვილის თქმით, საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპიდან აუცილებლად უნდა გავიდეს.

[გიორგი გაფრინდაშვილის ხმა]: “რაც არ უნდა იყოს, ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ. იმიტომ რომ “ა” დივიზიონში აუცილებლად უნდა დავრჩეთ. ესაა ჩვენი პირველი მიზანი. არიან ისეთი გუნდები, რომ შეიძლება თამაში და მოგება. არ არიან ისეთი ძლიერი გუნდები, რომ თვალები დავხუჭოთ და წაგებას შევეგუოთ.”

რაც შეეხება ნაკრების სამზადისს ევროპის ჩემპიონატისათვის, უსტიაშვილმა და წულაძემ ახალგაზრდები 4 ივნისიდან შეკრიბეს და საქმესაც შეუდგნენ. გუნდი ფიზკულტურის აკადემიის დარბაზში ვარჯიშობდა, ივნისის ბოლოს კი ნაკრებმა საკონტროლო მატჩებიც გამართა ირანის და უკრაინის ახალგაზრდულ გუნდებთან. ირანელები ქართველებთან სათამაშოდ თბილისში ჩამოვიდნენ, უკრაინელებთან მატჩი კი კიევში გაიმართა.

ოცწლამდელებთან ერთად თბილისში რამდენიმე ვარჯიში ჩაატარა საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა ზაზა ფაჩულიამ, რომელიც NBA-ს კლუბის - “ატლანტა ჰოქსის” წევრია. 210 სანტიმეტრი სიმაღლის ზაზა ფაჩულიას ავტორიტეტი ქართულ კალათბურთში ძალიან დიდია და ამიტომ მისი აზრიც საინტერესოა, მით უმეტეს, რომ ახალგაზრდული გუნდის ცენტრს გიორგი შერმადინს, რომელიც ზაზაზე მთელი 6 სანტიმეტრით მაღალია, ფაჩულიამ დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა.

[ზაზა ფაჩულიას ხმა]: “რადგან ვივარჯიშე მათთან და რამდენიმე ვარჯიში ჩავატარე ვხედავ, რომ არიან პერსპექტიული ბიჭები. ასე რომ, იმედი მაქვს და თავიანთი იმედი თავად უნდა ჰქონდეთ რაც მთავარია. ეროვნული ნაკრები იმას ვცდილობთ, რომ “ა” ჯგუფში გადავიდეთ. ესენი უკვე “ა” ჯგუფში არიან ამიტომ უნდა გამოიყენონ ეს შანსები. ვფიქრობ, რომ კარგი ცენტრი ჰყავთ – შერმადინი, მართლაც კარგი ცენტრი ჰყავთ. არა მარტო ამ გუნდისათვის არამედ მთელ ევროპის ჩემპიონატზე ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი იქნება. მთავარია, ისეთი ხასიათით ჩავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე, თითქოს მათია ევროპა.”

ქართველი 20-წლამდელები სლოვენიაში 4 ივლისს ჩავლენ. პირველი მატჩი 6 ივლისს ლატვიის ნაკრებთან ექნებათ, 7-ში იტალიას შეხვდებითან, 8 ივლისს კი ბულგარეთს. “ა” დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისათვის ამ სამი მეტოქიდან ერთის დამარცხებაც საკმარისი იქნება.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG