Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუდენტური პროტესტიდან - სტუდენტურ აგრესიამდე


გასულ კვირას სტუდენტურმა პროტესტმაც და სტუდენტების აგრესიამაც

პიკს მიაღწია. ახალგაზრდებთან ერთად, არც ზრდასრული საზოგადოების დიდ ნაწილს მოეწონა საჯაროდ გამოთქმული ვარაუდი, რომ სტუდენტების პროტესტის უკან, სინამდვილეში, ხელისუფლება დგას. სადავო გახდა არა იმდენად ვარაუდის შესაბამისობა სინამდვილესთან, რამდენადაც სიმართლის თქმის მიზანშეწონილობა მიმდინარე მომენტში. ამ მომენტის თავისებურებებზე მინდა გესაუბროთ.

ნებისმიერმა ოდნავ მაინც დაინტერესებულმა პირმა იცის, რომ შარშან გაზაფხულზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ყველა ორგანიზაცია პოლიტიზებული იყო. განსაკუთრებით აქტიურობდნენ ნაციონალური მოძრაობის ამჟამინდელ გენერალურ მდივან დავით კირკიტაძესთან დაახლოებული სტუდენტები, რომელთა საარჩევნო კამპანიის ყველაზე მიმზიდველ და მოცულობით ნაწილს ენერგიული საკონცერტო პროგრამა შეადგენდა. არჩევნების პროცესში არ გამოკვეთილა არც ერთი სტუდენტი-ლიდერი, რომელიც პოლიტიკური ძალებისგან დამოუკიდებლად, საკუთარი კონცეპტუალური პროგრამით შეეცდებოდა თანატოლების ხმების მიზიდვას. მოსალოდნელი იყო და ასეც მოხდა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრები დღემდე უფრო პოლიტიკურ პრობლემებზე არიან ორიენტირებულნი, ვიდრე საგანმანათლებლო პროცესში სტუდენტების ინტერესების დაცვაზე.

ასეთი შედეგი ბევრმა მიზეზმა განაპირობა და მათ შორის ერთ-ერთი მთავარი, ალბათ, დემოკრატიული ლიდერობის ინსტიტუტის არარსებობაა. ვინც აქტიურია და ვისაც სტუდენტური კარიერა ხიბლავს, მისთვის საკუთარი თავის რეალიზებისთვის ყველაზე ეფექტური და მოკლე გზა ნაციონალურ მოძრაობასთან დაახლოებაა. ეს გზა უალტერნატივოა არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელ საქართველოში, რაც თვალნათლივ დაადასტურა აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებულმა სტუდენტურმა მოძრაობამ.

ეს მოძრაობა საგანგებოდ შექმნილ აგრესიულ საინფორმაციო ფონზე მიმდინარეობს. ამის დასტურად იკმარებს თუნდაც 23 თებერვალს “კურიერში” გასული სიუჟეტი, რომელმაც მაყურებელს აუწყა, რომ ქართველმა პატრიოტებმა გალში სახლი გადაუწვეს 12 ქართულ ოჯახს, რომელთა წევრებმაც აფხაზებთან ითანამშრომლეს თვითმმართველობის არჩევნებში. რბილად რომ ვთქვათ, საინტერესოა, როდესაც სახლების გადამწვავ კრიმინალებს პატრიოტებად მოიხსენიებენ, მაგრამ კიდევ უფრო საინტერესოა, რომ ზუგდიდის და გალის თითოეული მკვიდრი დაგიდასტურებთ - არავითარი სახლების გადაწვა არ მომხდარა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ “კურიერმა” გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, რომელსაც შიში უნდა დაენერგა გალის მოსახლეობაში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების წინ და, თანაც, ფონი უნდა შეექმნა სტუდენტური კოცონებისთვის, რომლებიც ერთ კვირაში დაინთო.

აგრესიული საინფორმაციო ფონი მუდმივად თან სდევს სტუდენტურ პროტესტს, რასაც დაკვირვებული თვალი ადვილად შეამჩნევს. თუმცა ჟურნალისტებმა საკითხთან დაკავშირებით სხვებზე მეტი იციან. იმ ქალაქებში, სადაც კოცონები ინთება ან საიდანაც სტუდენტები ავტობუსებით ენგურის ხიდისკენ მიემართებიან, ეს ღონისძიებები ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივ ოფისებში მზადდება. გასული კვირის პარასკევს, ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროტესტის დღეს, თითოეულ ქალაქში სტუდენტების თავშეყრის ადგილზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელები და ორგანიზებას უწევდნენ ახალგაზრდების ზუგდიდში გამგზავრებას. პარალელურად, ყველა საინფორმაციო პროგრამით ვრცელდებოდა ცნობა გალში ჯავშანტექნიკისა და პოლიციური თუ სამხედრო ძალების მობილიზების შესახებ, რასაც, არაოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, ენგურის ხიდთან მდგარი ჟურნალისტებიც ადასტურებდნენ. იმ დღეს პირადად მომეცა საშუალება, ენგურის ხიდზე გადავსულიყავი და საკუთარი თვალით მენახა, რა ხდებოდა ხიდის ერთ თუ მეორე მხარეს. იმის მაგივრად, რომ მთელი საქართველოდან წამოსული სტუდენტების ახლობლებისთვის ის მაინც ეთქვათ, თვალისთვის მისაწვდომ მანძილზე სრული სიმშვიდეაო, დაუზუსტებელ წყაროებზე დაყრდნობით, ჟურნალისტები ერთხმად მიანიშნებდნენ მოსალოდნელ საფრთხეზე.

ორი თვეა, ახალგაზრდული მოძრაობა ხელოვნურად დაძაბულ ერთიან საინფორმაციო ფონზე ვითარდება, რაშიც აშკარად ჩანს ხელისუფლების ხელი. ესეც რომ არ იყოს, ცოტა ვინმე თუ დაიწყებს მტკიცებას, რომ სტუდენტებმა დამოუკიდებლად მოაბეს თავი გრანდიოზულ აქციას, რომელშიც სხვადასხვა ქალაქიდან დაძრული სამოცი ავტობუსისგან შემდგარი კოლონა მონაწილეობდა. და თუ ხელისუფლება მოურიდებლად ერევა სტუდენტურ პროტესტში, რატომ უნდა იწვევდეს ახალგაზრდების და სხვების რისხვას ამ აშკარა ფაქტზე ხმამაღლა საუბარი? როდის დადგება საქართველოში დრო, როდესაც სიმართლის თქმა დიად პოლიტიკურ მიზნებთან შესაბამისი და, ესე იგი, მიზანშეწონილი აღმოჩნდება? წარმოუდგენელია, თავად ახალგაზრდებსაც მოსწონდეთ ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც სიმართლის მთქმელს შეკაზმული ცხენი სჭირდება მათი აგრესიისგან თავის დასაღწევად.




XS
SM
MD
LG