Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაციონალური მოძრაობა და სხვები...


საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის მხარდაჭერით,



სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი და საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია ახორციელებენ პროექტს “მოქალაქეთა ინფორმირებული არჩევანი - მედია და არჩევნები”. ამ პროექტის ფარგლებში, თბილისში ორდღიან სამუშო შეხვედრაზე იყვნენ ჩამოსული ჟურნალისტები დასავლეთ, აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს 12 ქალაქიდან. მათ მონათხრობზე დაყრდნობით, გიამბობთ, თუ რა ხდება რეგიონების პარტიულ ცხოვრებაში არჩევნებამდე წელიწად-ნახევრით ადრე.

პარტიების ცხოვრებაში ახლა მეტ-ნაკლებად წყნარი პერიოდია. ცენტრალურ ოფისებში ხალხმრავლობაა, რაიონულ ცენტრებში კი ამა თუ იმ პარტიის კუთვნილი ოთახები ყრუდ არის გამოკეტილი. როგორც ჩანს, არც ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას არა აქვს საშუალება წლიდან წლამდე არჩინოს თავისი განშტოებები რეგიონებში. ჯერჯერობით არც პარტიული ლიდერები ტვირთავენ საკუთარი დღის რეჟიმს თბილისიდან მოშორებულ ქალაქებსა თუ სოფლებში სტუმრობით.

გამოდის, ოპოზიციური პარტიები საქართველოს მოსახლეობასთან კონტაქტს ინარჩუნებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში თავიანთი წარმომადგენლების მეშვეობით. ასეთი კი ძალიან ცოტა პარტიას თუ ჰყავს.

თავის მხრივ, საკრებულოების ოპოზიციონერი დეპუტატებიც ორ ჯგუფად შეგვიძლია დავყოთ. პირველ ჯგუფს ქმნიან აქტიური ადამიანები, რომლებიც ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ეკამათებიან კოლეგებს სახელისუფლო პარტიიდან. მათ საპროტესტო გამოსვლებს, როგორც წესი, უმრავლესობის წარმომადგენლები ირონიული ღიმილით ისმენენ და ბოლოს კითხულობენ: “დაასრულეთ? დაბრძანდით. ყველაფერი გასაგებია!”. აქტიური ოპოზიციონერების გამოსვლები მიჩნეულია “საკმაზ” ატრიბუტად, რომელიც პრინციპულად არაფერს ცვლის, მაგრამ საკრებულოს სხდომებს ხალისს სძენს. ერთადერთი ქალაქი აღმოჩნდა ლანჩხუთი, სადაც, ადგილობრივი ჟურნალისტის შეფასებით, ოპოზიციონერ დეპუტატებს არა მხოლოდ უსმენენ, არამედ პატივსაც სცემენ და ზოგჯერ მათ აზრს ითვალისწინებენ კიდეც.

არსებობენ სხვა ტიპის ოპოზიციონერი დეპუტატებიც. ისინი ორგანულად არიან შერწყმული სახელისუფლო პარტიასთან, სხდომებზე ხმას არ იღებენ, კენჭისყრებში კი უმრავლესობის სასარგებლოდ აძლევენ ხმას. ასეთ დეპუტატებზე ხალხი ამბობს, რომ ისინი ხელისუფლებასთან არიან შეკრულნი, რაც კიდევ მეტად აზარალებს ამა თუ იმ ოპოზიციური პარტიის იმიჯს ადგილებზე.

რეგიონული ჟურნალისტების აზრით, არჩევნებიდან არჩევნებამდე ვერც ერთი ოპოზიციური პარტია ვერ მუშაობს მოსახლეობასთან, არც მათი კონკრეტული პრობლემების შესახებ იცის რამე და ვერც ვერაფრით ეხმარება. ქალაქების და სოფლების მკვიდრთათვის პოლიტიკური არჩევანის ჩამოყალიბების ერთადერთ საშუალებად რჩება ტელევიზორთან ჯდომა და ორიოდე პოლიტიკური “თოქ-შოუთი” თავის შექცევა - ვისაც ჯერ კიდევ შერჩა საამისო ინტერესი.

როგორ იქცევა ამ დროს ხელისუფლება? რეგიონებიდან ჩამოსული ჟურნალისტები განცვიფრდნენ, როცა აღმოაჩინეს, როგორ ჰგავს ერთმანეთს მათ მშობლიურ ქალაქებში მიმდინარე პროცესები. მაგალითად: ყველა ქალაქში იხურება ცენტრალური ბიბლიოთეკა და წიგნები სკოლების ბიბლიოთეკებში გადადის, თანამშრომლები უმუშევრები რჩებიან, შენობები კი გასაყიდად მზადდება; თეატრების დაფინანსება ბოლო პერიოდის მანძილზე კრიტიკულად შემცირებულია - სახელმწიფო თეატრები, ალბათ, დაიხურება; სამაგიეროდ, ბევრგან არის გახსნილი კერძო კინოთეატრები; თითქმის ყველგან უკვე დაიხურა სამუსიკო სკოლები, სამაგიეროდ, ბევრ ქალაქში გაიხსნა საბავშვო ცენტრები, რომლებშიც შესაძლებელია უცხო ენების, უპირატესად, ინგლისურის შესწავლა.

პროცესები საქართველოს თითქმის ყველა რაიონულ ცენტრში ერთდროულად და ერთგვაროვნად მიმდინარეობს. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფომ უკვე ააწყო სახელისუფლო ვერტიკალი, რომელსაც შეუძლია ცენტრში მიღებული გადაწყვეტილებების გატარება ადგილებზე. და ვიდრე ოპოზიციური პარტიების ოფისები გამოკეტილია, ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივ ლიდერებს ცენტრთან კომუნიკაციის არხები უკვე მკვიდრად აქვთ გაყვანილი. მათ ოპოზიცია, ალბათ, ვეღარ დაეწევა და დღესვე შეიძლება იმ ვარაუდის გამოთქმა, რომ წელიწად-ნახევრის შემდეგ სახელისუფლო პარტია არჩევნებს მთელ საქართველოში ყველაზე უკეთ აწყობილი საკომუნიკაციო სისტემით შეხვდება. აქვე უნდა ითქვას, რომ მოქალაქეთა კავშირი აქტიურად იყენებდა სახელისუფლო რესურსს, მაგრამ ასეთი აწყობილი ვერტიკალი მას არასოდეს ჰქონია. ალბათ, რეალურია, ვიფიქროთ, რომ ოპოზიციის ორ-სამთვიანი აქტიურობა ვითარებას რადიკალურად ვერ შეცვლის. ერთადერთი საფრთხე, რაც ნაციონალურ მოძრაობას მომავალ არჩევნებში სერიოზულად შეიძლება დაემუქროს - თავისივე შეცდომებია. თუ მომავალ წელს სახელისუფლო პარტია უფრო ცუდ შედეგს მიიღებს, ვიდრე დაგეგმავს, მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დააბრალოს და არამც და არამც - ოპოზიციას.





XS
SM
MD
LG